LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასოდეს ეფექტური გამოძიება არ მომხდარა ფარულ ჩანაწერებზე და სწორედ ამიტომ ეს მუდმივად არის იარაღი – პოლიტიკური ზეწოლების და პოლიტიკური კამპანიის ერთმანეთის წინააღმდეგ: ნინო დოლიძე

69
ნინო დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე „ფორტუნას“ გადაცემაში, „დღის თემა“ სუს-ის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი განცხადებით, ფარული მიყურადება და თვალთვალი მრავალი წელია, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მათი ორგანიზაციის მიერ, სახელმწიფოს მისამართით გაჟღერებული მოწოდებების შემდეგ, რომ გატარებულიყო რეფორმა, რეაგირება არ განხორციელდა.

ნინო დოლიძის განმარტებით, ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე არასოდეს ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა და სწორედ ამიტომ, ის მუდმივად არის იარაღი პოლიტიკური ზეწოლების და პოლიტიკური კამპანიის წინააღმდეგ.

როგორც დოლიძე განმარტავს, სახელმწიფო ინსტიტუტების მისამართით საზოგადოების ნდობა შეიძლება დაბალი იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური, ძალიან საჯარო, რომ რაღაც გახმაურებული ფაქტები არ მიიჩქმალოს.

„სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ბევრი წელია საუბრობს იმ პრობლემაზე, რაც ფარული მიყურადება და თვალთვალია, საზოგადოების სხვა და სხვა წევრებთან დაკავშირებით.

ჩვენ არაერთი კამპანია გვქონდა, მოვუწოდებდით სახელმწიფოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ გაეტარებინათ ისეთი, რეფორმა, რომ აღარ იქნებოდა შესაძლებელი მსგავსი მოსმენები, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ კვლავ ვხედავდით, რომ ხდებოდა ადამიანების ცხოვრების ჩაწერა, მათი ფარული თვალთვალი და ეს პრაქტიკა არ დასრულდა, გრძელდებოდა. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, შემდეგ რამდენად ჩატარდებოდა გამოძიება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, არასოდეს ეფექტური გამოძიება არ მომხდარა გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ეს მუდმივად არის იარაღი – პოლიტიკური ზეწოლების და პოლიტიკური კამპანიის ერთმანეთის წინააღმდეგ. ახლა რასაც ვხედავთ, ნამდვილად ძალიან მძიმე მოსასმენია. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ავთენტურობის დადგენა და გამოძიება. თუ აღნიშნული ჩანაწერები ავთენტურია, მაშინ დანაშაული იკვეთება და უკვე გამოძიება უნდა ჩატარდეს ეფექტური, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რა იყო პრობლემა, ვინ უთვალთვალებდა, ვინ უსმენდა და დამნაშავეები იქნებ დასჯილნი.

გამოძიებამდე რთულია თქვა ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს და მათი ინტერესი უნდა იყოს ამის გამოძიება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ამას, თუ აქვთ ამის მტკიცებულება, პირიქით მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ გამოიძიონ.

პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც ფაქტები იქნება გამოძიებული. სახელმწიფო ინსპექტორმაც განცხადება გააკეთა, რომ ჯერ უნდა დადგინდეს ავთენტურობა და შემდეგ იქნას გამოძიებული. იმიტომ, რომ ყველას გვაინტერესებს ვინ იყო ამის ავტორი და ვინ გაავრცელა ეს ყველაფერი.

ძალიან ხშირად პრობლემაა ხოლმე იმ გამოძიებასთან მიმართებით, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ატარებენ ხოლმე, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემაა. ამიტომ ნდობა შეიძლება ნაკლები იყოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გამოძიება გამჭვირვალე იყოს და ასახავდეს რეალობას.

ყველაფერი უნდა იყოს საჯარო და არ უნდა მოხდეს ისე, რომ რაღაც გახმაურებული ფაქტები მიიჩქმალოს, არამედ პირიქით მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების შედეგები უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი და ყველასთვის ნათელი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები