LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის შევარჩენთ 11 წლით ციხეში გაშვებას“ – მიხეილ კალანდიას ოჯახი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს

801
lika mama

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ოჯახმა განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს. მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ არის და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

“მაინტერესებს, რით დაასაბუთებენ ამ გადაწყვეტილებას ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ობიექტურად მოაზროვნე მოსამართლეები არიან. არაერთხელ მითქვამს, რომ საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როდესაც მოსამართლე იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, უტიფრად ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი 11 წლით და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვას, სარკაზმია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, არავინ არ ვაპირებთ დანებებას და გაჩერებას, არავის არ შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის არ ჭირდება ზედმეტი ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია კი აცხადებს, რომ საქმეს აუცილებლად წაიღებენ სტრასბურგის სასამართლოში.

“არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები, მარსაგიშვილის და სანდოძის თამადობით. ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი. ახლა ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. საქმეში მტკიცებულებები არ არის, არის ვიღაცის მონათხრობი, ვიღაცის განაგონი და ვიღაცის ზღაპრები. გაუგონარია, ზღაპრებით ადამიანს 15 წლით ციხეში უშვებდნენ, ეს არსად ხდება, ეს მხოლოდ დამპალ საქართველოში ხდება!” – განაცხადა კალანდიამ.

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.

მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები