ივლისის ბოლოდან კორონავირუსის გავრცელების საწყისი წერტილიჩინეთი იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, სადაც ვირუსის ახალი და უფრო აგრესიული შტამის, დელტას ცირკულირება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უკეთესი ვითარება იყო, ქვეყნის ხელისუფლებამ მუტანტ ვარიანტთან საბრძოლველად თავიდანვე ძალიან მკაცრ ზომებს მიმართა. შედეგი სახეზეადაახლოებით ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში დელტა შტამის გამოჩენიდან, ჩინეთის შესაბამისი სამსახურები ავრცელებენ ცნობას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დელტა შტამის შემთხვევათა ნულოვანი ნიშნული დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პეკინის მიერ ვითარების გასაკონტროლებლად მიღებული ზომები სპეციფიკურია და სხვა ქვეყნებისთვის შესაძლოა ნაკლებ

გამოსადეგი იყოს, მაინც შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ჩინეთის ხელისუფლების მიერ კოვიდის პანდემიის და დელტა შტამთან დაკავშირებული კრიზისის კონტროლისას განვლილ გზას.

მაშ ასე, როგორია ჩინური კრიზისმენეჯმენტი?

როდის დაიწყო უკანასკნელი ტალღა?

ჩინეთის ტერიტორიაზე დელტა შტამი პირველად ივლისის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. ახალი შტამი, რომელიც გასული წლის ბოლოს პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, ქვეყანაში მოსკოვიდან ქალაქ ნანჯინგში ჩაფრენილი თვითმფრინავის მგზავრებმა ჩაიტანეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ჩინეთი ებრძოდა COVID-19– ის ყველაზე დიდ აფეთქებას მას შემდეგ, რაც 2019 წლის ბოლოს ვუჰანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. დელტა შტამის გავრცელება დაფიქსირდა მთელ ქვეყანაში, მათ შორის იმ ადგილებში, რომლებიც თვეების განმავლობაში კოვიდისაგან სრულიად თავისუფალი იყო. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ მოხსენებაშია ნათქვამი, ახალი კორონავირუსის დელტა შტამმა, რომელიც უფრო მაღალი გადამდებლობით და მეტი აგრესიულობით ხასიათდება, საბოლოოდ ჩინეთის 17 პროვინციის 50 ქალაქში შეაღწია, მათ შორის ვირუსის სამშობლოში, ვუჰანში,სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ წელზე მეტი იყო გასული. მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას ამცნო, რომ აფეთქების პიკმა აგვისტოს დასაწყისში უკვე გადაიარა და სიმპტომური შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია, საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნის და და შეზღუდვების მოხსნის ფონზე ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულმა მკაცრმა ზომებმა მართლა იმუშავა. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს სულ რაღაც 30 დღეზე მეტი დრო დასჭირდა იმისათვის, რათა დელტა შტამის ტალღა გაეკონტროლებინა. მიღებული ზომების შედეგად მიღწეული იქნა საკმაოდ კარგი შედეგი, თუნდაც ის, რომ დელტა შტამის ტალღის შემთხვევების საერთო რაოდენობა მხოლოდ 2,300 -ია,რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის შესაბამისმა ორგანოებმა შეძლეს ვირუსის გავრცელების შეკავება ისე, რომ უზარმაზარ ქვეყანაში დღეში საშუალოდ მხოლოდ 80 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

 

როგორ მართავდა ჩინეთი კოვიდის აფეთქებებს პანდემიის განმავლობაში?

ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც 2019 წლის დეკემბერში პირველად დაფიქსირდა იქამდე უცნობი გრიპის მსგავსი ინფექციის შემთხვევები. მას შემდეგ, რაც „ჯანმომ“ ახალი კორონავირუსის პანდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, ჩინეთში ვირუსის დაახლოებით 30 ტალღა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქმე ეხებოდა დელტა ვარიანტს , რომელიც უფრო ადვილად ვრცელდება, ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა მაინც წარმატებით შეძლეს მისი ლოკალიზება. ჩინეთის მიერ მიღებული ზომები საბოლოო ჯამში უფრო წარმატებულად ფასდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში შემოღებული მკაცრი კარანტინები. მაგალითად საკარანტინო ღონისძიებები, რომლებიც ინდოეთის მიერ გასული წლის მარტში გატარდა. ქვეყნის მასშტაბური ჩაკეტვა განიხილებოდა, როგორც ერთ -ერთი ყველაზე მკაცრი მსოფლიოში. დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვების პარალელურად დააწესა ფულადი ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, ვინც არღვევდა კომენდანტის საათს და შეზღუდვებს, ხოლო ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ცოტა ხნის წინ კარანტინის გასაკონტროლებლად ქვეყნის შეიარაღებული ძალები შევიდნენ. თუმცა ვერც ინდოეთი, ვერც დიდი ბრიტანეთი და ვერც ავსტრალია ახლოსაც კი ვერ მივიდნენ ჩინური მოდელის წარმატებასთან. და მაინც, რითაა ჩინური კრიზისის მართვის მოდელი გამორჩეული?

რა ზომები იქნა დაწესებული ჩინეთში?

პირველი, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო ზომების დაწესების პარალელურად გააკეთა, მოსახლეობის მასიური ტესტირება იყო. ქვეყნის ხელისუფლება ამ მეთოდს კორონავირუსის პირველი აფეთქებებიდან დღემდე წარმატებულად იყენებს და როგორც ჩანს, ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც კარგად მუშაობს. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ინფიცირების შემთხვევის გამო მასიურ ტესტირებას ქალაქის მთელი მოსახლეობა ექვემდებარებოდა. მაგალითად , ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალაქ ნანჯინგში და მის შემოგარენში, სადაც დელტა შტამი პირველად დაფიქსირდა, 100 მილიონზე მეტი ტესტი ჩატარდა. რამდენჯერმე დაიტესტა ქალაქ ნანჯინგის 9.2 მილიონი მცხოვრები.

რა ზარალი მიაყენა შეზღუდვებმა ქვეყნის ეკონომიკას?

ბუნებრივია, კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ყოვლისმომცველმა ომმა სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩინეთის ეკონომიკაც დააზარალა.  მოხმარებისა და წარმოების მონაცემები ივლისიდან შემცირდა და ექსპერტები უკეთესობას არც აგვისტოში ვარაუდობდნენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ მსოფლიო საინვესტიციო ბანკებმა შეამცირეს ჩინურ ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩინელი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ შეზღუდვები აუცილებელი იყო. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დირექტორმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების მთავარი მიზანი ინფექციების ზრდის კონტროლი იყო, რათა ზაფხულის არდადეგების შემდეგ სექტემბერში შესაძლებელი ყოფილიყო ქვეყნის საბავშვო ბაღების, სკოლების და კოლეჯების გახსნა.

,,როდესაც კონტროლის ზომები უფრო მკაცრი ხდება და ხალხის გადაადგილება უფრო მკაცრად რეგულირდება, ქვეყნის მასშტაბით გავრცელების რისკი შედარებით დაბალია,”-თქვა სიაოვეიმ.

როგორია ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩინეთში?

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რომლებიც აგვისტოს ბოლოს გავრცელდა, ჩინეთის ტერიტორიაზე გამოყენებული იყო 1,94 მილიარდზე მეტი ვაქცინის დოზა, ორი დოზით კი აცრილი იყო 770 მილიონზე მეტი ადამიანი. ჩინეთი აღიარებს,რომ მათი ეროვნული წარმოების ვაქცინები, “სინოფარმი” და “სინოვაკი”

მხოლოდ 60 პროცენტითაა ეფექტური დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა ისინი თითქმის 100 % -იან დაცვას იძლევიან ვირუსის მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილისაგან.

რას მალავს ჩინეთი კორონავირუსის შესახებ? – აშშ და „ჯანმო“ ჩინეთს გამოძიებისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასაწყისში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ნაკლები კითხვა იყო და უმეტესობას სჯეროდა ყველაზე გავრცელებული ვერსიის იმის შესახებ,რომ  „სარს-კოვ-2“  ღამურებში წარმოიშვა და ადამიანს მოგვიანებით, შუამავალი სახეობის წყალობით გადაეცა, ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდებოდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ როგორც იქნა დართო ნება „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“, რომ ქალაქ ვუჰანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფი გაეგზავნა. ბუნებრივია, ჯგუფში საუკეთესო ვირუსოლოგები, იმუნოლოგები და მიკრობიოლოგები შედიან.

თუმცა ჯგუფის ადგილზე ჩასვლიდან ძალიან მალევე მისმა წევრებმა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსთან“, „ვაშინგტონ პოსტთან“ და „როიტერთან“ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ეშლებათ ხელი გამოძიების ჩატარებაში.

„გამოძიების მთელი პროცესი საოცრად გეოპოლიტიკურია იმის გათვალისწინებით, რომ ყველას ესმის, რამხელა წნეხის ქვეშ იმყოფება ჩინეთი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმის დამტკიცებას, რომ ქვეყანა მსოფლიოს მნიშვნელოვან ინფორმაციას უმალავდა.“– ამბობს „როიტერთან“ საუბარში მიკრობიოლოგი, „ჯანმოს“ საგამოძიებო ჯგუფის წევრი,დომინიკ დვიერი. მისი განცხადებით იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ჩასვლისას ერთ-ერთი პირველი, რაც მოითხოვა, სულ პირველი აღრიცხული შემთხვევების შესახებ მონაცემები  იყო, მას აღნიშნული დოკუმენტები ჯერაც არ მიუღია.  უფრო კონკრეტულად, საუბარია იმ პირველი 174 პაციენტის მონაცემებზე, რომლებსაც კორონავირუსის იქამდე უცნობი შტამი „სარს-კოვ-2“ 2019 წლის დეკემბერში, ვუჰანში აღმოუჩინეს. როგორც ცნობილი ხდება, ამ პაციენტებიდან მხოლოდ ნახევარს ჰქონდა რაიმე სახის კავშირი თევზის პროდუქტების ბაზართან, სადაც პირველი ვერსიის თანახმად, ვირუსით ადამიანის ინფიცირება პირველად მოხდა.

„ჯანმოს“ გუნდის პარალელურად, ჩინეთის ხელისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადანაშაულა, რომლის განცხადებითაც, ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი სპეცსამსახურების ინფორმაციით „სარს-კოვ-2“ არ არის გენეტიკური ინჟინერიის პროდუქტი ან ბიოიარაღი, მისი წარმოშობის შესახებ მაინც არსებობს კითხვის ნიშნები.მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება მსოფლიოს კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას უმალავს.

თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მათ გაცილებით ადრე იცოდნენ იმის შესახებ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ვიდრე ამას საჯაროდ  იტყოდნენ.“- ვკითხულობთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ინეთის ხელისუფლების მიმართ არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ პანდემიის დასაწყისში შესაბამისმა სამსახურებმა რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ. მათ შორის იყო 37 წლის ჟანგ ჟენი, რომელმაც ვუჰანში ჩასვლის შემდეგ  „იუთუბზე“ ქალაქის რეალობასთან დაკავშირებული 122 ვიდეო ატვირთა, რათა მსოფლიოს სინამდვილე ისეთი ენახა, როგორიც იყო. ჟენი ვუჰანში 1 თებერვალს ჩავიდა და გაოცებული დარჩა  არსებული ვითარებით. „ქალაქი პოსტაპოკალიპტური ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავდა. ქუჩაში ვერავის დაინახავდით. ჰოსპიტალებში რული ქაოსი და ისტერია იყო.“- იხსენებს ჟურნალისტი, რომელიც მოგვიანებით ჩინეთის მთავრობამ  საზოგადოებრივი წესრიგის  დარღვევის და პროვოკაციისთვის გაასამართლა. ამ ბრალდებას, როგორც წესი, ჩინეთში სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად იყენებენ.

ბუნებრივია, წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება ჩინური მხარე. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ვანგ ვენბინი ამბობს, ჩინეთს დასამალი არაფერი აქვს, რადგან ქვეყანა თავიდანვე ღიად და გამჭვირვალედ მუშაობდა პანდემიის მართვაზე, თანამშრომლობდა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“ და აქტიურად  უზიარებდა არსებულ მონაცემებს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

წყარო: firstpost.com  washingtonpost.com    deccanherald.com

 

 

 

მსგავსი თემები