20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 41,23% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 18 105 ამომრჩეველი.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ოლქში მეორე ტურზე უფრო მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ვიდრე პირველ ტურზე. უფრო ზუსტად, 19 მაისს შუალედური არჩევნების პირველ ტურზე 20:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 34,27% იყო.

“მხოლოდ ერთი პროცედურული ხარვეზი გამოვლინდა. #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შეყვანილი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა რეგისტრაციის ადგილას. კომისიის წევრებმა ამომრჩეველს გადასატანი ყუთი მიუტანეს იქ, სადაც ამომრჩეველი ფაქტობრივად იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა საარჩევნო უბნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული ფაქტის გამო ყუთი დაილუქა, გაიგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიაში და შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ცესკოს ინფორმაციით, მათი რაოდენობა არ გაზრდილა. საოლქო საარჩევნო კომისიაში მთელი დღის მანძილზე შევიდა ორი საჩივარი. მათგან ერთი დაწერილია საია-ს მიერ და ეხება ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას, ხოლო მეორე დაწერილია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის მიერ” და ეხება #17 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები