LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა საშიში პარლამენტის წინ დარგული ოლეანდრე: „შხამი ჰაერით არ გადადის“

1780
117931380-2599732623463491-2317250254281406882-o

პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ჯებირები მოიხსნა და უკვე ყველას შეუძლია, ნახოს თუ როგორ გამოიყურება ადგილი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათეული წელია, საქართველოს ისტორიის ათვლის წერტილია.

მერიამ პარლამენტის წინ 200-მდე ნერგი დარგო. ქვეყნის მთავარ გამზირზე განხორციელებული ცვლილება ზოგს მოეწონა, ზოგმა კი ის “სამტრედიის სასაფლაოებს” შეადარა.

თუმცა მხოლოდ ვიზუალური მხარე არ გახდა კრიტიკის მიზეზი.

დარგულ ნერგებს შორის არის ოლეანდრე. ერთი შეხედვით უწყინარი, ვარდისფერი ყვავილი, შხამიანია და შესაძლოა, მისით მოწამვლის შემთხვევაში სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 

საზოგადოების აღშფოთების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, ოლეანდრეს გამო საშიშია თუ არა რუსთაველზე, პარლამენტის წინ სეირნობა.

„ოლეანდრე საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ძალიან ბევრ ეზოში დგას. ამბობენ, რომ არის ძალიან შხამიანი მცენარე და არ შეიძლება მისი პირში მოხვედრა. არც ფოთლის და არც ყვავილის. მისი შხამი, რა თქმა უნდა, ჰაერით არ გადადის. ამიტომ არანაირი საფრთხის შემცველი არ არის. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ არ დაირგვებოდა ისეთი მცენარე, რამაც შეიძლება გამოიყენოს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება. გათვლილი და შესწავლილია ყველაფერი. შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენს იქ მოსეირნე ადამიანებისთვის. ის ისეთ ზომაზეა დადგმული, რომ ბავშვი ვერ მიწვდება. 

ოლეანდრე საპატრიარქოს ეზოში არის დარგული და ბევრგან გხვდება, როგორც დეკორატიული მცენარე. უბრალოდ, მისი  ფოთლისა და ყვავილის მოწყვეტა და გასინჯვა არ შეიძლება. მგონი, ყვავილს ამ მიზნით, არც არავინ რგავს“, – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

მოკლედ ოლეანდრეს სილამაზით დატკბობა საშიში არაა, მაგრამ ალბათ მაინც სჯობს, მისი სილამაზით შორიდან დატკბეთ.

რადგან, მისი მოვლისას საგანგებო წესებია დასაცავი:

მისი წვენი თვალში მოხვედრის შემთხვევაში ძალიან ადვილად აბრმავებს ადამიანებს. მასთან შეხებისას აუცილებლად უნდა გეკეთოთ ხელთათმანები.

თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, ყლორტებიდან გადმოსულ წვენს ნუ შეეხებით, სწორედ ამიტომაა ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი.

მისი სურნელი იწვევს თავის ტკივილს.

თუ ყველა რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მაშინ ეს მცენარე საფრთხეს სულაც არ შეგიქმნით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოლეანდრე ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ჰომეოპათიაში.

ზოგადად, ოლეანდრე ფართოდ არის გავრცელებული პლანეტის სუბტროპიკულ რეგიონებში.
დეკორატიული თვალსაზრისით ხშირად გამოიყენება ლანდშაფტურ დიზაინში. კულტივირებულია როგორც ლამაზად ყვავილოვანი ოთახის მცენარე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები