LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტ-მეგზური ევროპაში: წლის მთავარი კულტურული ღონისძიებები

439
art

მოგზაურობა მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როცა სახლში შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებით. ის, ვინც ახლა გეგმავს მომავალ შვებულებას, წინასწარ შეუძლია თადარიგის დაჭერა და ევროპის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებების სტუმრობა.

დევიდ ჰოკინი ჰელსინკში (18 ნოემბრამდე) – ბრიტანელმა დევიდ ჰოკინმა, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულ მხატვრად ითვლება, თითქმის ყველა ტექნიკა მოსინჯა – კოლაჟით დაწყებული ფერწერით დასრულებული და რამდენჯერმე შეიცვალა მუშაობის სტილი, თუმცა მრავალფეროვანი ექსპერიმენტების მიუხედავად, მაინც შეძლო ზომიერების შენარჩუნება და დღემდე ემოციების, გრძნობების მინიმალური საშუალებებით გადმოცემის საუკეთესო ოსტატად ითვლება.

მუსიკალური ფესტივალი STATION NARVA ესტონეთში (21-23 სექტემბერი) –  ცხელი ზაფხულის შემდეგ პირველ მუსიკალურ ღონისძიებას – Station Narva-ს ფესტივალს ესტონეთი უმასპინძლებს, რომელიც ლეგენდარული ტრიპ-ჰოპერის Tricky-ს და ბრიტანელი მუსიკოსის Actress-ის შოუებით გაახარებს მელომანებს.

დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი RAINDANCE ლონდონში (26 სექტემბერი – 7 ოქტომბერი) – დამოუკიდებელი კინოს უმსხვილესი ფესტივალი „რეინდენსი“, რომელიც ამერიკული „სანდენსის“ ბრიტანულ ვერსიად ითვლება, ყოველთვის მრავალფეროვანი პროგრამით, პროფესიონალი კინომწარმოებლების და რიგითი კინომოყვარულების აქტიური მონაწილეობით გამოირჩევა.

ფრიდა კალოს გამოფენა ლონდონში (4 ნოემბრამდე) – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი – ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი ფრიდა კალოს გამოფენას მასპინძლობს, სადაც მის არაჩვეულებრივ ნამუშევრებთან ერთად ფოტოები და მრავალფეროვანი კოსტუმების კოლექციაა წარმოდგენილი.

პიტერ ბრეიგელ- უფროსის გამოფენა ვენაში (2 ოქტომბერი – 13 იანვარი) – 2019 წელს მსოფლიო პიტერ ბრეიგელის გარდაცვალების 450 წელს აღნიშნავს. მასშტაბური ღონისძიებების სერიას ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი გახსნის, რომელიც უდიდესი ნიდერლანდი მხატვრის გამოფენას 13 იანვრამდე უმასპინძლებს.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა FRIEZE ლონდონში (4-7 ოქტომბერი) – Frieze London – თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პოპულარული ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად სტუმრობენ გამოცდილი ბრიტანელი კოლექციონერები, რადგან სწორედ აქ შეიძლება ცნობილი ოსტატების საუკეთესო ფერწერულ ტილოებთან ერთად, დამწყები მხატვრების ნამუშევრების შეძენა.

ხელოვნების ღამე პარიზში (6 ოქტომბერი) – ყოველ წელს, ოქტომბრის პირველ კვირადღეს პარიზი მხატვრებისა და პერფორმერების მფლობელობაში გადადის. Nuit Blanche-ს შოუ პირველად 2012 წელს მოეწყო და საინტერესო ტრადიციად იქცა, რადგან მრავალფეროვანმა ინსტალაციამ, უფასო კონცერტებმა და თეატრალურმა წარმოდგენებმა ხელოვნების უამრავი მოყვარული მიიზიდა მთელი მსოფლიოდან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (10-14 ოქტომბერი) – მსოფლიოს უმსხვილეს წიგნის ბაზრობას გერმანელებთან ერთად უცხოელი გამომცემლებიც ინტენსიურად სტუმრობენ, რადგან სწორედ აქ წარმოადგენენ საკუთარ ბეჭვდურ და ციფრულ პროდუქციას.

PITCHFORK MUSIC FESTIVAL პარიზში (1-3 ნოემბერი) – კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელიც არაჩვეულებრივ საფესტივალო განწყობას ქმნის, პოპულარული მუსიკალური ჟურნალი Pitchfork  აწყობს პარიზში და მელომანებს ცნობილი მუსიკოსების (Bon Iver, Unknown Mortal Orchestra, Snail Mail, Car Seat Headrest, Chvrches, Blood Orange) მოსასმენად ეპატიჟება.

სამუზეუმო ღამე ამსტერდამში (3 ნოემბერი) – სხვა ევროპული ქალაქების მსგავსად ამსტერდამსაც თავისი სამუზეუმო ღამე აქვს, როცა ცნობილი მუზეუმებისა და გალერეების მონახულება ღამითაც თავისუფლად შეიძლება.

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ARTISSIMA ტურინში (2-4 ნოემბერი) – ARTISSIMA,  რომელიც იტალიაში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრობად ითვლება, მეტწილად ექსპერიმენტულ და ნოვატორულ მხატვრობის უწევს პოპულარიზაციას. 25 წლის იუბილეზე ბაზრობა 35 ქვეყნის თითქმის 200 გალერეას უმასპინძლებს და ხელოვნების მოყვარულებს აბსოლუტურად ახალ ექსპოზიციას შესთავაზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები