LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

104
Untitled design

“აშშ-ს მოქალაქეებმა იაპონიაში ყოველგვარ მოგზაურობას თავი უნდა აარიდონ,” – ეს არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული უმაღლესი, მეოთხე დონის გაფრთხილება, რომელიც გუშინ გამოიცა.

როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, იაპონიაში არსებული ვითარებისა და კოვიდ-19-ის სხვადასხვა ვარიანტის არსებობის გამო, მოგზაურობის შედეგად, შესაძლოა, სრულად ვაქცინირებული ადამიანებიც კი დაავადდნენ და გაავრცელონ ვირუსი.

მოწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რადგან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში პარასკევს განაცხადეს, რომ იაპონია ოლიმპიურ თამაშებს კვლავ უმასპინძლებს, მაშინაც კი თუ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდება. რა რეგულაციები დაწესდება და როგორ ჩატარდება ოლიმპიური თამაშები, კომიტეტი სრულ ინფორმაციას ივნისში წარადგენს.

შეგახსენებთ, გასულ თვეში, იაპონიის ხელისუფლებამ ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მესამე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის გაუქმებასაც 31 მაისს აპირებს, თუმცა “ასოშიეითედ პრესის” ინფორმაციით, ხელისუფლებას ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ, რომ სიტუაცია სრულად კვლავ ვერ კონტროლდება და შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევია.

“თუ არსებული ვითარება გაგრძელდება, იმედი მაქვს, რომ მთავრობას ეყოფა სიბრძნე, საგანგებო მდგომარეობა მაისის ბოლოს არ დაასრულოს.” – განაცხადა ტოკიოს სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელმა ჰარუო ოზაკიმ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის  718 864 შემთხვევა დაფიქსირდა და 12 312 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 4.4%-ია ვაქცინის ერთი დოზით აცრილი, რაც იმუნიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს შორის.