LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მორიგ ბუსტერზე მსჯელობენ – ვის შეიძლება დასჭირდეს ვაქცინის მეოთხე დოზა

175
1

შესაძლებელია თუ არა, საჭირო გახდეს ვაქცინის მეოთხე დოზა? – ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყეს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) აცხადებენ, რომ ვაქცინის გამაძლიერებელი, ახლა უკვე მეოთხე დოზა შესაძლებელია დასჭირდეთ მათ, ვისაც სხვადასხვა დაავადების გამო იმუნიტეტი უქვეითდებათ.

“ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც მათ ზომიერად ან მძიმედ იმუნოდეფიციტურს ხდის, შეიძლება მიიღონ კოვიდვაქცინა.” – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

საკითხზე მსჯელობის დროს, მაგალითად მოჰყავთ ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ის ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების გამო სუსტი იმუნიტეტი ჰქონდათ, 485-ჯერ უფრო ხშირად აღმოჩნდნენ საავადმყოფოში ან გარდაიცვალნენ კოვიდ-19-ით, ვიდრე სხვა ვაქცინირებულები.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამაძლიერებელი დოზა ასევე აძლიერებს ანტისხეულების პასუხს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში და უკეთ იცავს როგორც ვირუსისგან, ასევე მძიმე ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკისგან.

CDC-ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია მეოთხე დოზის მიღების შესახებ. ადამიანებმა უნდა ისაუბრონ ექიმებთან, რომ დადგინდეს – საჭიროა თუ არა ასეთი ბუსტერი და თუ მისი გაკეთების რეკომენდაცია გაიცემა, მეოთხე დოზა გარკვეული რისკ-ჯგუფის ადამიანებმა ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებიდან, მინიმუმ, 6 თვის შემდეგ უნდა მიიღონ.

ზომიერად მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე კატეგორიას მიეკუთვნება – ონკოლოგიური დაავადების მქონე პირები, ადამიანები აივ ინფექციით, ორგანოგადანერგილი ადამიანები.

CDC-ის მონაცემებით, აშშ-ში მცხოვრები, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანი, სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები