LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუხსენით მოზარდებს როგორ აისახება ფინანსური კრიზისი თქვენ ბიუჯეტზე, გაზარდეთ ემპათიური შვილები” – ლელი ყიფიანი

560
maxresdefault (2)

ოჯახი ეს არის მიკრო სოციუმი, სადაც ხდება ბავშვის პიროვნებად ფორმირება. ოჯახი გავლენას ახდენს პიროვნების განვითარების ყველა მიმართულებაზე, როგორიცაა აფექტური, კოგნიტური თუ ქცევითი მოდელი. ბავშვი ოჯახში სწავლობს პიროვნებათა შორის ურთიერთობებს და იძენს სწორი ქცევის უნარებს. კორონავირუსის ფონზე ოჯახების ბიუჯეტი და ფინანსური მდგომარეობა შემცირდა. რატომ არის აუცილებელი აუხსნათ შვილებს, რა არის ფინანსური კრიზისი და როგორ აისახება ის თქვენ ბიუჯეტზე – ამ თემებზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი ესაუბრა.

“ბავშვის აღზრდა ძალიან დიდ ენერგიას, დროსა და უნარებს მოითხოვს. თანამედროვე მშობელი, არსებული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლებ დროს ატარებს შვილებთან. უმეტესობა დღის განმავლობაში დაკავებულია და მუშაობს.

ხშირად მშობლები ცდილობენ მათი არყოფნით გამოწვეული დანაკლისი სხვადასხვა გზით აანაზღაურონ: დაჰყავთ შვილები წრეებზე(სპორტულ, გასართობ და საგანმანათლებლო), მათ ნებისმიერ სურვილსა თუ მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ, თუმცა ავიწყდებათ მთავარი, როგორ აისახება ეს ბავშვებსა და მოზარდებზე.

დღეს “კორონავირუსის”მიერ გამოწვეული მდგომარეობის შედეგად დავდექით სრულიად სხვა რეალობის წინაშე, აქტიური ცხოვრება გარკვეულ წესებს დაექვემდებარა. იზოლაცია და სახლში ყოფნა კარგი შესაძლებლობაა, მშობლებმა და შვილებმა იურთიერთონ, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ემოციური კავშირის გაძლიერებასა და უკეთ გაცნობას. მეორეს მხრივ სწორედ ახლა გამოიკვეთა, რომ გარკვეული სირთულეები წარმოიქმნა, განსაკუთრებით მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში, რასაც ხშირად აღნიშნავენ მშობლები. 

კონკრეტულად რა იგულისხმება?

არსებულმა ვითარებამ ბევრ ოჯახში მოიტანა ფინანსური პრობლემები, დაკარგეს სამსახურები. ზოგიერთი მოზარდისთვის კი გაუგებარია, რატომ ვერ აკმაყოფილებენ მათ სურვილებს მშობლები ან სამომავლოდ რატომ მოუწევს ოჯახს ბიუჯეტის ფორმირება. აქაც მივდივართ იქამდე, თუ როგორი აღზრდის სტილს იყენებდნენ მშობლები ადრეული ბავშვობიდან. კარგი იქნებოდა მშობელს აღზრდის სწორი მოდელი პატარა ასაკიდან გაეთვალისწინებინა.

ბუნებრივია, მშობელი უნდა ზრუნავდეს ბავშვის აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, მისცეს განათლება და ცოდნა, თუმცა ხშირად ადგილი აქვს გადამეტებულ ზრუნვას, იგივე ჰიპერმზრუნველობას, ანუ როდესაც მშობელი ცდილობს შეუსრულოს ყველა სურვილი შვილს, ყიდულობს ძვირადღირებულ ნივთებსა და ტანსაცმელს, საჭიროებისა და დანიშნულების გარეშე აძლევს ფულს, დაჰყავს უამრავ წრეზე, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს საკუთარი არარეალიზებული სურვილების შვილებზე გადატანა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ან ამით სურს აიმაღლოს სტატუსი საზოგადოებაში.

სამწუხარო ფაქტია, რომ მშობლის ყურადღების ჩანაცვლება ხდება მატერიალურით, რის შედეგადაც ბავშვი ვერ აცნობიერებს ფულისა და მშობლის შრომის ფასს. ასეთი აღზრდის სტილი განაპირობებს შემდეგს: ბავშვისთვის ყველა სურვილის ასრულება აზარმაცებს მას, ზრდასრულ ასაკში იგი უარს ამბობს მუშაობაზე, დამოკიდებულია მშობლის შემოსავალზე, მშობელს ფინანსურ წყაროდ განიხილავს. ამიტომ ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სწორი ფინანსური აღზრდა.

ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახს აქვს ბიუჯეტი, რომელიც განაწილებულია სხვადასხვა საჭიროებებზე და მისი სურვილები ყოველთვის ვერ იქნება პრიორიტეტული. უნდა ვესაუბროთ საიდან და როგორ  მოდის ფული, რომ ის უნდა გამოიმუშავო სამართლიანი და კანონიერი გზით, შრომითა და ცოდნით. თუ ოჯახში იქმნება ფინანსური პრობლემები – უნდა ავუხსნათ, რატომ მოხდა და რომ საჭიროა ბიუჯეტის გადაგეგვმა.

დიახ, აუხსენით მოზარდებს როგორ აისახება ფინანსური კრიზისი თქვენ ბიუჯეტზე, გაზარდეთ ემპათიური შვილები, ეს არის ბაზისი, რაც უნდა გააკეთოს მშობელმა, განუვითარეთ მათ ის თვისებები, რომლებიც მათ დამოუკიდებელ, შეგნებულ პიროვნებებად ჩამოაყალიბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები