ავიაკომპანია Wizzair-ის ქუთაისი-ბარსელონას რეისზე შეფერხებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 სექტემბერს, ავიაკომპანია Wizz air-ის ბორტს, რომელმაც შეასრულა ბერლინი-ქუთაისის რეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქანზე გაჩერების შემდეგ გაეხსნა ავარიული ტრაპი.

„ინციდენტის მიზეზს ავიაკომპანია და საავიაციო სფეროს შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში იკვლევენ. რადგან ხომალდზე ავარიული ტრაპების რაოდენობა ერთით შემცირდა, ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საჰაერო ხომალდით ქუთაისი-ბარსელონას რეისზე დაუშვას მგზავრების შემცირებული რაოდენობა. რეისზე გამოცხადებული 160 მგზავრიდან გამგზავრება მხოლოდ 110 მგზავრმა შეძლო. დარჩენილ 50 მგზავრთან ამ წუთებში მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა. ისინი ავიაკომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, ისევე, როგორც ავიაკომპანიისთვის, პრიორიტეტულია მგზავრების უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება განხორციელდება უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია “ვიზეარმა” ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით დაგეგმილ რეისზე მგზავრების მხოლოდ ნაწილი წაიყვანა. კონკრეტულად კი, 21 რიგის ჩათვლით. მიზეზად კომპანიამ ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

მსგავსი თემები