LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის მძღოლს, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

174
ავტობუსი

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობიდან გათავისუფლდა, შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება კი 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

როგორც სასამართლოში გვითხრეს, ვინაიდან და რადგანაც არ არსებობდა დანაშაულის გაგრძელების და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა, სასამართლომ ბრალდებულ მძღოლს გირაო შეუფარდა.

გარდა ამისა, როგორც სასამართლოში ამბობენ, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე 27 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გაჩერებულ ავტობუსთან იდგა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც, ხოლო ავტობუსის მძღოლმა ის ვერ შენიშნა და სატრანსპორტო საშუალება დაძრა, რა დროსაც მცირეწლოვანს შეეჯახა. 4 წლის ბიჭი გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შესვლისას ის უკვე დაღუპული იყო.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული მძღოლი 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები