LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარტულ თამაშებში ახალგაზრდების ჩაბმა იწყება 12-13 წლიდან, ნადირობა მიდის ბავშვებზე: ანა დოლიძე

464
Capture.JPG213134534

პირველი მარტიდან, არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვა აიკრძალა. პირს რომელსაც თამაშის სურვილი ექნება, კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ასახული.

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არასრულწლოვნებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ კანონის აღსრულებაზე კონტროლი გაამკაცროს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სლოტ-კლუბებში 18 წლამდე პირების დაშვება აკრძალულია, დოლიძის თქმით, პანდემიამდე სლოტ-კლუბები ბავშვებით იყო გადავსებული.

 

 

“ეს ინიციატივა არის ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელიც თავიდან ბოლომდე შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ დაწესებულიყო ვერიფიკაციის, ანუ შემოწმების პროცედურა ანგარიშებთან მიმართებაში, რათა დავიცვათ არასრულწლოვნები აზარტულ თამაშებში ჩართვისგან. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შეგვეპაროს რამდენად განახორციელებენ კონტროლს შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ აქამდეც აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნების მონაწილეობაზე შსს იყო პასუხისმგებელი. წესით სლოტ-კლუბში თქვენ არ უნდა ნახოთ არცერთი 18-წლამდე ბავშვი, მაგრამ გადავსებული იყო სლოტ-კლუბები პანდემიამდე ბავშვებით. აქამდე ამ კანონის აღსრულება არ ხდებოდა. არც ეხლა გვაქვს საფუძველი, რომ აღსრულება იქნება ეფექტური. ეს მნიშვნელოვან კითხვის ნიშნად რჩება”, – განაცხადა ანა დოლიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

მისი განცხადებით, აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნები ძირითადან 12-13- წლიდან ერთვებიან და ფაქტობრივად “ბავშვებზე ნადირობა” Youtube სტრიმების მხრიდან მიდის, რათა აღნიშნულ საქმეში მოზარდები ჩაითრიონ.

აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ, რამე რეგულირება ამ Youtube სტრიმერებზეც. იმიტომ, რომ ეს სტრიმერები გოგოებზე და ბიჭებზე ნადირობენ და ხდება თამაშის პროპაგანდა, როგორც “პოპულარული და ადვილი ცხოვრების წესის,” – აცხადებს დოლიძე.

 

 

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე დადებითად აფასებს ქუჩაში გარე რეკლამების ჩამოხსნას, თუმცა მისი თქმით, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, რადგან ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცე, აზარტული რეკლამებით არის გადავსებული. 

“საინფორმაციო რომ ჩერდება არის აზარტული თამაშების რეკლამა. ეს უნდა ჩავიდეს ისეთ დროს, როდესაც ბავშვებს არ ექნებათ შემხებლობა”, – განმარტავს ანა დოლიძე.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ონლაინ კაზინოები უმეტეს ქვეყნებში შეზღუდულია. მისი თქმით, აზარტული თამაშები ამერიკაში, კანადაში, გერმანიაში აკრძალულია, თუმცა მონაკოში, რომელიც “კაზინოების სამოთხეა” ადგილობრივი მოქალაქეებისთვის კაზინოში შესვლა აკრძალულია და ის მხოლოდ ტურისტებზეა გათვლილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით,

15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ.

დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები