LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი covid-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდამდე ზრდის

76
20200413145644

აზიის განვითარების ბანკი covid-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ დოლარამდე ზრდის. აღნიშნული პაკეტი ADB-ის მიერ 18 მარტს გამოცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გაგრძელებას წარმოადგენს.

„ეს პანდემია მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკურ, სოციალურ და განვითარების მიღწევებს აზიასა და ოკეანეთში, ამუხრუჭებს სიღარიბის შემცირების პროცესს და ეკონომიკებს რეცესიას უქადის. გაზრდილი, ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, რომლის დამტკიცება ჩვენი დირექტორთა საბჭოს მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, უფრო სწრაფად, მოქნილად და ქმედითად იქნება მიწოდებული ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის, რათა მათ პანდემიითა და ეკონომიკური დაღმასვლით გამოწვეული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრაში დაეხმაროს,“ – განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

ADB-ის ბოლო, 3 აპრილს გამოქვეყნებული შეფასება პანდემიის გლობალურ ზარალს მშპ-ს 2.3% და 4.8% შორის ვარაუდობს. არსებული პროგნოზით, რეგიონული ზრდა 2020 წელს შარშან ნავარაუდევი 5.2%-დან 2.2%-მდე შემცირდება.

ახალი პაკეტი მოიცავს კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ქვეპროგრამას ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ახალი ქვე-პროგრამით 13 მილიარდ აშშ დოლარამდე დახმარების მიწოდება გახდება შესაძლებელი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისთვის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების შერბილებისთვის ეფექტური ანტიციკლური ხარჯვითი პროგრამების შესამუშავებლად, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. საგრანტო რესურსი კვლავაც გამოიყოფა სწრაფი სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის და სახარჯი მასალის შესაძენად გაფართოებული შესყიდვების რესურსებიდან. ოცმილიარდიანი პაკეტიდან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. სესხები და საბანკო გარანტიები ფინანსურ ინტიტუტებს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების გასაახლებლად მიეცემათ. გაზრდილი მიკროსაფინანსო სესხები, გარანტიები და პროგრამები გამოეყოფათ ფინანსური სახსრების საჭიროების მქონე მცირე და საშუალო, მათ შორის ქალების მიერ მართულ საწარმოებს იმ კომპანიების პირდაპირი დაფინანსების პარალელურად, რომლებიც კოვიდ-19-თან ბრძოლის საშუალებებს აწარმოებენ, ან პანდემიის შედეგად დაზარალდნენ. საპასუხო პაკეტი შეიცავს რამდენიმე შესწორებას ბანკის პოლიტიკასა და ბიზნეს პროცესში, რაც ADB-ის საშუალებას მისცემს კრიზისს უფრო სწრაფად და მოქნილად უპასუხოს. ეს მოიცავს შიდა პროცესის დაჩქარებას, სხვადასხვა დახმარების არეალის გაფართოებას და მეტად ინდივიდუალურად მორგებულ სასესხო პირობებს. გაზრდილი პაკეტით გათვალისწინებული სრული დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით განხორციელდება მათ შორისაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, UNICEF და გაეროს სხვა სააგენტოები, ფართო გლობალურ საზოგადოებასთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები