LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობასთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

113

საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ბაჰრეინის სამეფოს ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის, ბატონ ქამალ ბინ აჰმედ მუჰამედის მოწვევით, 2016 წლის  21-23 იანვარს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილის ხელმძღვანელობით „Bahrain International Air Show”-ს ესწრება.

საჰაერო შოუს ფარგლებში, 21 იანვარს დავით ხუციშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ”.

როგორც „ფორტუნას“  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნა ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი საჰაერო რეგულარული მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას.

„შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ, ღია ცის პრინციპებს; პროექტის თანახმად, ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ  ტევადობა, ფრენების სიხშირე კი დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისთვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა,“- განმარტეს სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში დავით ხუციშვილმა მოლაპარაკებები გამართა ქუვეითის ავიახაზების, საუდის არაბეთის ავიახაზების და ბაჰრეინის ეროვნული ავიაკომპანიის  „გალფ ეარ“-ის ხელმძღვანელებთან.   შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის  გაღრმავების საკითხები, მათ შორის პირდაპირი საჰაერო რეისების დაწყების შესაძლებლობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები