პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

პრემიერის თქმით, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.მისივე განცხადებით, “ყველა, ვისმა ქმედებებმაც შექმნა ეს ვითარება, პასუხს აგებს”. გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ გამოვლინდება და დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მონაწილეობას იღებდა კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობას. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს.

„ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი.

ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა – შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოთხოვდნენ გუნდის წევრებს.

იმავდროულად, შვიდი საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

რუსთველზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები