LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაკურიანში მოვიტეხე ხელი და ყინულზე ვეგდე ნახევარი საათი” – დამსვენებლის ამ პოსტს გულგრილად ვერ წაიკითხავთ

50396372_2180516205555886_1179934332047851520_n

ბაკურიანში დამსვენებელი თამთა კოკელაძე საშინელ სიტუაციაში მოხვდა. როგორც ის წერს, აფთიაქისკენ მიმავალი დაეცა, ხელი მოიტეხა და ყინულზე ნახევარ საათს ეგდო ისე, რომ სასწრაფო არ მივიდა, ტკივილისგან კი ორ წუთში ერთხელ გონებას კარგავდა…
ამ ამბავს არანაკლებ შემაშფოთებელი გაგრძელება აქვს, რომელსაც პოსტში წაიკითხავთ:

“ცოტა აზრზე მოვედი და აუცილებლად უნდა დავწერო ამაზე. გრძელი გამოვა, მაგრამ წაკითხვად ღირს. დასკვნას კი აქვე, წინასწარ დავწერ ბარემ: რა ტურიზმის განვითარება და რა ევროპა… ერთი, აქეთ მოიხედეთ…

მოკლედ, ბაკურიანში მოვიტეხე ხელი. არა სათხილამურ ტრასაზე (სადაც ასეთი ტრამვები ხშირია), არამედ – მოლიპულ ტროტუარზე, აფთიაქის შესასვლელთან, სადაც ხველების წამლის საყიდლად მივდიოდი. და ცხადია, ამ ტროტუარს არავინ არასდროს წმენდს.
ყინულზე ვეგდე – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – დაახლოებით, ნახევარი საათი (ასე მითხრეს), გონებადაკარგული, თავშიშველი და თხელი ქურთუკით (გარკვეული მიზეზების გამო, არ ვიყავი სათანადოდ გამოწყობილი) და ირგვლივ შეგროვილი ხალხი სასწრაფოს იძახებდა. ჩემი ხელი (ამოვარდნილი და გადატეხილი თავისთვის ეგდო, მე – ჩემთვის და ტკივილისგან ყოველ 2 წუთში გონებას ახლიდან ვკარგავდი). ხელს ვერავინ მკიდებდა. სასწრაფო მოვიდა უსაშველოდ გვიან (ვიღაცეები ეჩხუბნენ და საცობებიაო, მოყინულიო და გამოძახებებიო .. მე კიდევ არ შემეძლო დროის განსაზღვრა, ყინულზე მწოლიარეს).

საკაცით წამიყვანეს საავადმყოფოში. მანამდე ხალხი მამშვიდებდა: აქ სულ ტრამვებია და კარგი ტრამვატოლოგები ეყოლებათ, არ იდარდოო. ისე, მეც ასე ვფიქრობდი.

საავადმყოფოში დამხვდა 2 ექიმი. ვკითხე, ვინ ხართო და ერთმა მითხრა, მე ანესთეზიოლოგი ვარო და მეორემ – ყველაფრის ექიმი, დანტისტიც კიო.
ამ ამბავმა, თან ენითაუწერელი ტკივილის ფონზე, ვერ დამამშვიდა და რა მჭირს-თქო, -ვიკითხე. რა ვიცი, იდაყვში გექნება გადატეხილი, ამოვარდნილიც და სასწრაფოდ საოპერაციო ხარო. კი გადაგიღებთ ახლა რენტგენს, მარა რა აზრი აქვსო… ჩვენ აქ ვერც ოპერაციას გავაკეთებთ, არც ვიცით და არც საოპერაციო გვაქვს, თბილისში უნდა წახვიდეთო. და როგორ-თქო და თვითდინებითო. თვითდინებითოოო ანუ შენითო… მორფს გაგიკეთებთ და ცოტა გაგიყუჩდება, მარა მალე უნდა წახვიდე, შეშუპება დაიწყებაო.
ახლა საკითხი დგას ასე: როგორ უნდა წავიდეს ადამიანი ბაკურიანიდან თბილისში? ანუ ხელი აქვს დამსხვრეული და მანქანას რომ ვეღარ მართავს, ცხადია. ტაქსით მარტო როგორ წავა, როცა გონებას კარგავს გზადაგზა ტკივილისგან? ანუ უნდა დამერეკა ჩემი ქმრისთვის, რომელიც ჩამოვიდოდა ბაკურიანში (ეს ის დღეა, იგოეთთან რომ მოყინულ გზაზე მანქანები დაილეწა და მოძრაობა შეფერხდა) და მერე მე აქედან წამიყვანდა. მაგრამ… ვარ ცუდად, საშინლად მტკივა და არც ის ვიცი, ამხელა ლოდინს და მერე გზას როგორ გადავიტან.
ბოლოს ჩემმა მეგობარმა თბილისიდან სასწაულებრივად შეძლო რეანომობილის შოვნა და გამოაგზავნა. ამასობაში, საავადმყოფოში „მამშვიდებენ“ – თუ უკვე გამოიძახეთ, აქ რეანომობილი ასე ხვალ დილისთვის მოვა, სულ ასეაო… რეანომომილმა „კაპრონის“ საბურავებით მართლა შუაღამეზე ჩამოაღწია. და წამიყვანა… ჰო, გზიდან დამირეკეს და 475 ლარია გადასახდელი, ხომ იცითო… ტკივილისგან კი ვკვდებოდი, მაგრამ გამახსენდა, რომ კერძო დაზღვევა მაქვს და დავრეკოთ-თქო. დედას გეფიცებით, როცა დაზღვევამ გაიგო, რაც მჭირდა, ერთი 5-ჯერ მაინც დარეკა და ბაკურიანის ექიმს ეხვეწებოდა – გააკეთეთ შეტყობინება, რომ გადაყვანა სჭირდება საოპერაციოდ და ჩვენ გადავიხდით რეანომობილის ფულსო… და ექიმმა ხუთივეჯერ უთხრა: მე ვერ დავაფიქსირებ მაგას, კოდი არ მაქვსო… ბოლოს ვკითხე: რა კოდი-თქო და აი, ის კოდი, თქვენ რომ გადაყვანა გჭირდებათო. საოპერაციო ვარ-თქო, კიო. მაშინ გამიკეთე აქ-თქო და არა, გენაცვალე, ჩვენ პირველადი დახმარება ვართ, ოპერაციას ვერა და მორფს კი გაგიკეთებთო… (სიმწრით ვიმეორებ ახლა, რომ მახსენდება).. მეთქი, უთხარი მაშინ დაზღვევას, რომ სხვაგან უნდა გამიკეთონ ოპერაცია და არაო, ვერაო… კოდი არ მაქვსო მოტეხილობაზეო… ეგ მარტო ინსულტზეაო და ინფარქტზეო, ანუ როცა კვდებიო და შენ ჯერ არ კვდებიო… მარა მალე წადიო… არ გეწყინოს რა, არაა ჩვენი ბრალი, ჩვენ კი არ ვწერთ ამ კოდებსო… და თუ 500 ლარი არ მაქვს-თქო.. ეგ არ ვიციო… ისე, აქაც კია გადასახდელი, რაც დაზღვევამ არ დაფარა და არ დაგავიწყდეთო… არ დამავიწყდა.

ახლა თბილისში ვარ, აქაურმა ექიმებმა მომხედეს და მომიარეს. მარცხენა ხელი თაბაშირში მაქვს და მარჯვენათი წერა შემიძლია. ჰო, კიდევ ფილტვების ანთება მაქვს – ყინულზე რომ ვიწექი იმდენ ხანს, მარჯვენა ფილტვზეც განვითარდა ანთება, მაგრამ საწყისი ფორმაა და გადავრჩები, ეგეც თბილისში აღმოაჩინეს.

ჰოდა, რაო, ბაკურიანიო და ტურისტებიო და რაღაც ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთო, თუ როგორო???”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები