LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? – სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი განათლების მინისტრს მიმართავს

shengelia_bachana2

ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ? – ასე მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას შვილმა.

ბაჩანა შენგელიამ კომიტეტის სხდომაზე საგამოძიებო უწყებებს და განათლების მინისტრს, მისი დედის გარდაცვალების საკითხით დაინტერესებისკენ და მორალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

„ამ სხდომამდე მე იმედი მქონდა, რომ მინისტრი შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ შეიძლება რაღაც კანონები დაარღვიეს მისმა მოხელეებმა და შეიძლება, ის ამას გამოიკვლევდა. მაგრამ, მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ის ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი იყო მისთვის ზუსტად მორალური სასჯელი, ის სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა. ის ადამიანი 35 წელზე მეტი ემსახურებოდა განათლების სისტემას.

თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა ღვაწლმოსილ ადამიანს, ყველაზე ღვაწლმოსილს, ვინც კი ზუგდიდში ცხოვრობს. მან ვერ აიტანა თქვენგან ეს, მეუბნებოდა დავწერ განცხადებას, ვიცი ასე მერჩიან, ვიცი წამალაშვილის ამბებიო, რესურსცენტრიდანაც მომდის ამბებიო, ყველა მხრიდან მომდის, ვიცი, გამათავისუფლებენო. მეც ვეუბნებოდი, რადგან არჩევნებია, ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო, იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვიცოდი, რომ გაათავისუფლებდნენ. დავწერ განცხადებასო, მაგრამ რატომო? მე ხომ მთელი ცხოვრება ამ ბავშვებს და სკოლას ვემსახურებოდიო? მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სახლიდან სკოლაში იყო რაღაცეები წაღებული. მას ამ სკოლისთვის პროცესორი და ნივთები იქეთ ჰქონდა წაღებული, შემდგომ ეს ყველაფერი დააბრუნეს. მისთვის სკოლა იყო ყველაფერი, სიცოცხლის ნაწილიც და აბსოლუტურად ყველაფერი,“ – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ ზუგდიდში სკოლის დირექტორები და თანამშრომლები დააშინეს, რის გამოც ისინი კერზაიას მხარდამჭერ აქციაზე არ გავიდნენ.

„როდესაც მიყურებთ აქ რომ თეთრი პერანგით ვზივარ, შეიძლება გიჟი გგონივართ, რატომ არ ვდგავარ ქუჩაში, ქვებს რატომ არ ვისვრი ან კარავში რატომ არ ვზივარ, არ საიდანღაც რატომ არ ვხტები და თავს რატომ არ ვიწვავ. ალბათ, ადეკვატური და ყველაზე მარტივი იქნებოდა, მე ადვგე და სიგიჟეები ჩავიდინო. იცით, ამას რატომ არ ვაკეთებ? თქვენს საპატივცემულოდ კი არა ან რომელიმე ჩინოვნიკის, მე ჩემს ქვეყანას ვცემ პატივს. მინდა, ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურო ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას,“ – აღნიშნა შენგელიამ.

მისივე განცხადებით, ზუგდიდიდ მე-6 სკოლაში არანაირი დარღვევა, მათ შორის, არც სანიტარული ნორმების, არ დაფიქსირებულა.

„აუცილებლად საჭიროა გამოძიება, რომ წამალაშვილები, ჯაფარიძეები, უტიფრად აქ მოსული ქოჩიაშვილები და სხვები, რომლებიც ჩემი მოსაზრებით არიან პირდაპირ დანაშაულში ჩართული და ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ, მათ სამოხელეო დანაშაული აქვთ ჩადენილი და მტკიცებულებები მაქვს ასობით გვერდი, ამის თაობაზე, დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ყველას ძალიან გთხოვთ, როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე. ბატონო მიხეილ თქვენ დედა გყავთ?“ – მიმართა ბაჩანა შენგელიამ მიხეილ ბატიაშვილს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებებს თავად მინისტრი არ გამოეხმაურა და სხდომა კომენტარის გარეშე დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები