LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერია ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს

130
batumi

ბათუმის მერია COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის შეღავათებს აწესებს.

კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.

გარდა ამისა, დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პირებს (დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიულ პირები და ინდ. მეწარმეები), რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფუნქციონირებენ (შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა ან სხვ.), შესაბამისად, არ წარმოქმნიან ნარჩენებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო აბონენტებს სრულად დაუფინანსდებათ 2020 წლის ნოემბრისა და 2021 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოხმარებული წყლის საფასური. სუბსიდირება არ შეეხება ძველ დავალიანებას, გადანაწილებულ ვალს, ასევე, მიერთების საფასურის დავალიანებას. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან გათავისუფლდებიან. შეღავათი მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით გავრცელდება (2020 წლის დეკემბერი – 2021 წლის იანვარი).

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი, ან მოსარგებლე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდება. იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა ეთვლებათ 2020 წლის 1-ლი მარტიდან და მიმართავენ ბათუმის მერიას პრივატიზებულ, სარგებლობის, ან მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, დამატებითი ვადის ათვლა დაეწყებათ 2020 წლის 1-ლი ივლისიდან, თუ ეს ვალდებულება წარმოშობილია 1-ელ ივლისამდე. მათ, ვისაც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული, ან დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება სურს, ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის მიეცემათ დამატებით ოთხი თვე და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული, ან დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვადის ათვლა დაეწყებათ ამ ვადის დადგომის დღიდან. იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე წარმოეშობათ საპრივატიზებო ან სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება და 2021 წლის 1-ელ მაისამდე მიმართავენ მერიას საფასურის გადახდისათვის დამატებითი ვადის მიცემის მოთხოვნით, მიეცემათ დამატებითი ვადა საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელ ივნისამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის (მათ შორის პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების) უფლებით მიმღებ პირთათვის საფასური მცირდება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში. შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით. შეღავათი გავრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება-შეზღუდვებზეც დეკემბერისა და იანვრის განმავლობაში და ამ შემთხვევაში წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების, ან შეზღუდვის პერიოდისათვის (დეკემბერი, იანვარი) გადასახდელი თანხის ოდენობა. აღნიშნული შეღავათების მიღების მიზნით, საჭიროა შესაბამისი შინაარსის განცხადების წარდგენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 1-ელ მაისამდე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით ვადა გადაიწევს 2021 წლის 1-ელ აპრილამდე. აღნიშნული წესი მოაწესრიგებს გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელ საკითხებს“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები