LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმსა და თბილისში მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური საღამოები ელის – „ღამის სერენადები“ იწყება

154
უსათაურო დიზაინი (2)

ფესტივალი „ღამის სერენადები“ იწყება.

„ღამის სერენადები“, რომელიც წელს საიუბილეო 40 წელს აღნიშნავს, ტრადიციულად, ქალაქ ბათუმში გაიხსნება.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

წლევანდელი ფესტივალის შესახებ ისაუბრეს „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა, ქალაქ ბათუმის მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა თამარ გუდავამ.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის განცხადებით, გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და ძალიან საინტერესო პროგრამა შეადგინა:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ წელს საიუბილეო ფესტივალი ბათუმში ტარდება. ძალიან საინტერესო პროგრამა შევკარით, დიდი სამუშაო გავწიეთ. საინტერესო მუსიკოსები წარდგებიან ბათუმელი და თბილისელი მსმენელის წინაშე – ამერიკაში დაბადებული და ზალსბურგში მცხოვრები შესანიშნავი პიანისტი ქეითი მაჰანი, საბინე გროფმაიერი – კლარნეტისტი, დასავლური ჩასაბერი სკოლის წარმომადგენელი დახვეწილი და ძალიან საინტერესო მუსიკოსი.

თბილისურ კონცერტებზე შევხვდებით ტრიო გლორია კამპანერის – ალესანდრო კარბონარეს, მარიო სტეფანო პიეტროდარკისა და გლორია კამპანერის შემადგენლობით პროგრამით „ასტორი“. მსმენელის წინაშე წარდგება ანდრეს გაბეტა – დიდი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი, შესანიშნავი მევიოლინე, რომელიც ბაროკოს სტილში შეასრულებს ანტონიო ვივალდის კონცერტებს.

ფესტივალის სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელით. მდიდარი პროგრამით მსმენელი კმაყოფილი დარჩება. სულმოუთქმელად ველით ფესტივალის გახსნას“, – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

„ღამის სერენადებზე“ ისაუბრა ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა:

„ერთი თვის განმავლობაში გაიმართება 4 კონცერტი ბათუმსა და თბილისში. ტრადიციულად, ფესტივალი იხსნება ქალაქ ბათუმში. 25 და 26 აგვისტოს კონცერტები ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში ჩატარდება ბრწყინვალე სოლისტებით საბინე გროფმაიერით და ქეითი მაჰანით და შესანიშნავი საბაზო ორკესტრით „საქართველოის ვირტუოზებით“.

შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში. თბილისური კონცერტები მიეძღვნება საფრანგეთისა და საქართველოს, იტალიასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

ფესტივალის სახელით დიდ მადლობა ვუხდი ჩვენს პარტნიორებსა და მედია მხარდამჭერებს. პროექტის განმავლობაში გაიმართება უამრავი მასტერკლასი, ვორქშოპი, სამხატვრო გამოფენები და ასევე წიგნის „მუსიკის ზეიმი“ პრეზენტაცია“, – განაცხადა მან.

მერაბ ქიძინიძე, ქალაქ ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი:

„ფესტივალს „ღამის სერენადები“ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, შესისხლხორცებულია ქალაქის კულტურის ცხოვრებასთან. ეს არის ტრადიცია. ჩვენ ამ ფესტივალს მხარში ვუდგავართ როგორც ფინანსურად, ასევე ორგანიზაციულად, რადგან გამოირჩევა თავისი სოლიდურობით, შემსრულებელთა მაღალი ოსტატობით, მაღალი გემოვნებით“, – აღნიშნავს მერაბ ქიძინიძე.

თამარ გუდავა, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი:

„ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს საიუბილეო 40 წელს აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ ის აფხაზეთში დაარსებული, სწორედ აჭარაში აღდგა და ის აღდგენიდან მე-14-ედ იმართება. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ტრადიციულად, მხარს უჭერს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალს და ვიმედოვნებთ , რომ ფესტივალი დაუბრუნდება აფხაზეთს“, – აღნიშნავს თამარ გუდავა.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი .

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“, კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ,ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები