LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებს გარეთ გასვლის ეშინიათ – რუსთაველი მანიაკის მითი გაცოცხლდა

Upside down shadow of two person on pattered sidewalk, in black and white

რუსთაველი მანიაკის მითი კვლავ გაცოცხლდა. ბოლო პერიოდში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს სკოლისა და სხვა დაწესებულების ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცები უთვალთვალებენ და ტკბილეულის მეშვეობით მათთან კონტაქტში შესვლას ცდილობენ.

ზოგი ამბობს, რომ უცნობი პირები ბავშვებს მანქანებით ხვდებიან. საუბრობენ 50 წლამდე მამაკაცზეც, რომელმაც 15 წლის გოგონაზე ძალადობა სცადა. შსს-ში აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ვინაობა დადგენილია და გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ადგილობრივ მედიასაშუალებებთან რამდენიმე გოგონა ადევნების ფაქტებზე თავად ყვება.

საფრთხე რეალურია თუ არა, ჯერ არავინ იცის, თუმცა ერთი რამ ფაქტია – მშობლები ბავშვების სახლიდან მარტო გაშვებას ერიდებიან.

“მეთვრამეტე სკოლიდან რომ გამოვიდა ბავშვი ისეთ ტერიტორიაზე, სადაც კამერა არაა, ორი მამაკაცი დახვდა. ჩემი ბიჭი [იყო] და კიდევ ორი მეგობარი მოყვებოდა გვერდით. ტელეფონით რაღაც უნახებია, რომ გაეტყუებინათ. ეს არ გაყვა და არც არავინ. გაქცეულან და რა ვიცი, წასულან…” – განაცხადა ერთერთმა მშობელმა ჩვენთან პირად მიმოწერაში.

მათ, ვისაც მსგავსი ამბავი გადახდა თავს, მედიასთან საუბარს ერიდებიან. ამბობენ, რომ პრობლემის გახმაურება არ სურთ და მას თავად მოაგვარებენ.

“არა, არ მცალია, არც მინდა ასეთი ამბავი მოვაყოლო ამ შემთხვევას, უბრალოდ დაწერეთ და ეგაა. დავყვებით სკოლაში სულ და ვუყურებ,” – აცხადებს ერთერთი მშობელი ჩვენთან საუბარში.

უკვე მომხდარი თუ გამოგონილი ამბების გამო, მშობლები ბავშვებს ყურადღების გარეშე ვეღარ ტოვებენ. რუსთავის მეთექვსმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები [დები], “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებენ, რომ მათი მშობლები ვერ ახერხებენ სკოლაში ყოველდღე გაყვნენ, ამიტომ მას შემდეგ, რაც ასეთი ხმები გავრცელდა, გარდაბნიდან რუსთავში, სკოლაში სასიარულოდ მძღოლი დაუქირავეს.

“ჩემი ერთი დაქალი მოდიოდა ცეკვიდან და დაინახა, რომ მანქანა ფარებს უნთებდა. შეეშინდა და მასწავლებელს დაუძახა, როცა მასწავლებელი გამოვიდა [დაინახა მანაც] მანქანა წავიდა. მეორე დღესაც იმ ადგილას იდგნენ და ასე გაგრძელდა ერთი კვირა,” – ამბობს “ფორტუნასთან” საუბარში ერთერთი მცირეწლოვანი.

მისი მშობელი კი ფიქრობს, რომ ქალაქში პანიკაა და რეალურად ასეთი მძიმე სურათი არ არის.

“დავყვები ბავშვს სკოლაში, რა თქმა უნდა, 9 წლისაა და ყურადღება არასდროსაა ზედმეტი, მაგრამ ეს ამბები, მგონია, რომ უფრო პანიკის შედეგია,” – ამბობს ის. 

ამავე სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე ამბობს, რომ სკოლასთან ახლოს ცხოვრობს, თუმცა რაც “მანიაკზე” ამბების შესახებ გაიგეს, სკოლიდან გამოსვლისას, მუდმივად ტელეფონით მშობლებს ესაუბრება და ასე ბრუნდება სახლში.

ბავშვები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ შარშან სკოლის პერიმეტრებს პატრული აკონტროლებდა და თავს დაცულად გრძნობდნენ. მათი თქმით, უფრო მშვიდად იქნებიან, თუ კვლავ გამოჩნდებიან სკოლის მიმდებარეთ პოლიციის მანქანები.

მოუსმინეთ რას გვიყვებიან ბავშვები, რისი ეშინიათ და რის გამოა პანიკაა რუსთავში.

სწორედ ამ გავრცელებული ამბების გამო, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, უდანაშაულო მამაკაცს სცემეს. ამ დასახლებაში მცხოვრებლები 50 წლამდე მამაკაცს ეძებდნენ, რომელმაც 15 წლის გოგონაზე ძალადობა სცადა. გოგონამ ნაცემი მამაკაცი ვერ ამოიცნო და თქვა, რომ ის მასზე მოძალადე პირი არ იყო. მოძალადის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ის, რომ მამაკაცს ნამდვილად სცემეს, ჩვენთან ინტერვიუში ერთერთი ადგილობრივი გოგონა ყვება.

“მე შევესწარი იმ მომენტს, როცა ამ კაცს საცემად მისდევდნენ. რეალურია ის ამბებიც, რასაც ყვებიან. ბავშვებზე ძალადობას ნამდვილად ცდილობდნენ. ერთერთ ჩემს მეგობარსაც დახვდნენ სკოლასთან და ცდილობდნენ, სხვადასხვა დაპირებებით მანქანაში ჩაესვათ, თუმცა ის არ გაყვა,” – განაცხადა, რუსთავში “ჭყონდიდელის დასახლებაში” მცხოვრებმა “ფორტუნასთან.”

გარდა ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ გავრცელებული ამბების გამო, მამაკაცები უმიზეზოდ ხშირად მიჰყავთ პოლიციაში დაკითხვაზე.

პანიკა მხოლოდ რუსთავში არ არის. ნოემბერში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლში” პატარა ბავშვის გატაცება სცადეს. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, კამერები ამოიღეს, თუმცა ჩანაწერებში არსად ჩანდა მღვდლის ანაფორიანი კაცი, რომელიც თითქოსდა ბავშვის გატაცებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის დედამ დაზუსტებით ვერ ამოიცნო, იყო თუ არა მის მიერ აღწერილი პირი და ჩანაწერში არსებული მოხუცი ქალი ერთი და იგივე პიროვნება. მან ეჭვიც გამოთქვა, რომ შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგო.

შსს-ში ამბობენ, რომ  გარდა ამ შეტყობინებისა, პოლიციაში იმერეთში ბავშვების გატაცების მცდელობის ან ადევნების არცერთი შეტყობინება არ შესულა,” – აცხადებენ შსს-ში.

ამ ამბის გამო, მშობლები მაინც შეშინებული არიან.

“ფორტუნამ” შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენად გახშირებულია პოლიციაში არასრულწლოვნებზე ადევნების ფაქტებზე მიმართვიანობა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამინისტროში ამ მხრივ სტატისტიკას არ აწარმოებენ.

სამინისტროს საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში განცხადებების რეგისტრაციისას, ყოველთვის არ არის დეტალიზებული კორესპონდენციის შინაარსობრივი მხარე, შესაბამისად, შეუძლებელია კონკრეტული შინაარსით (არასრულწლოვნებზე ადევნება) დოკუმენტების იდენტიფიცირება და სტატისტიკის წარმოება.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს კოდექსის მუხლებისა და არა დანაშაულის გარემოებათა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, მოგაწოდოთ მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემები,” – განუცხადეს “ფორტუნას” შსს-ში მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ.

 

რუსთაველი მანიაკი 2000-იანი წლებიდან

საშუალო სიმაღლის, სუსტი, წვერიანი, გრძელი ლაბადით, არაფრით გამორჩეული, ნაცნობებთან ყურადღებიანი – ეს არის პორტრეტი სერიული მკვლელისა, რომელმაც წლების წინ ქალების, მათ შორის მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურება-მკვლელობა აღიარა.

არც თუ შორეულ წარსულში, სერიულმა მკვლელმა ქალაქს სიმშვიდე დაურღვია, რუსთაველები ყველა გამვლელში მანიაკს ხედავდნენ. მის დაკავებამდე, სამი უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში, ყველა მას ეძებდა, ვიდრე მარტვილის პოლიცია ნამდვილ “რუსთაველ მანიაკს” ფრიდონ პირტახიას დააკავებდა. დაკავებულმა, იზოლატორში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მასთან ერთად, იმ დღეს დაიხურა “რუსთაველი მანიაკის” საქმეც.

ერთერთ ძველ ინტერვიუში გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე ამ საქმის დეტალებს იხსენებს. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს:

“2000-2001 წლებში რუსთავში რამდენიმე მკვლელობა მოხდა – მოკლეს სხვადასხვა ასაკის ქალი, რომელთა უმრავლესობა გაუპატიურებული იყო. მკვლელობის ხელწერა ერთნაირი იყო… მაშინ ტრანსპორტის პროკურატურაში ვმუშაობდი და მას შემდეგ, რაც რუსთავის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე რკინის ყუთში გოგონას ცხედარი იპოვეს, გენერალურმა პროკურორმა საქმე ჩვენ გადმოგვაბარა. ღამეები არ გვეძინა, დაიკითხა ასობით რუსთავის მკვიდრი, გაკეთდა ფოტორობოტი (დაიკითხა ერთ-ერთი ქალი, რომელიც სასწაულით დაუსხლტა ხელიდან მანიაკს და მისი აღწერილობა მოგვცა). 2001 წლის ბოლოს მარტვილის პოლიციიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკავებული ჰყავდათ ვინმე ფრიდონ პირტახია, რომელიც გზად მიმავალ და-ძმას ასდევნებია, მაგრამ ბავშვები გაჰქცევიან… ეჭვმიტანილმა  რუსთავში წელიწად-ნახევარში ჩადენილი 6 მკვლელობა აღიარა. ყველაზე უმცროსი 13 წლის იყო.

პირტახიამ აბსოლუტური სიზუსტით აღწერა ყველა მსხვერპლი – ვინ როგორი იყო, ვის რა ფერის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა.  რუსთავში, რკინიგზის ლიანდაგების უკან, არის ტრასა, რომელიც ინტერნატის დასახლებისკენ მიდის. მანიაკი ძირითადად, იმ ადგილებში ეძებდა მსხვერპლს,” – ვკითხულობთ “კვირის პალიტრას” ინტერვიუში.

ფრიდონ პირტახიას შემდეგ, რუსთაველი მანიაკის სახელი კიდევ არა ერთხელ გახდა ხალხში, პანიკის და შიშის საფუძველი და დღეს ეს თემა მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურია.