LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვებს ხელოვნება, მუსიკა, პოეზია და საინტერესო ამბები ისევე სჭირდებათ, როგორც სიყვარული, თამაში, საკვები და სუფთა ჰაერი”

838
70263240-391290241561677-6983532294044647424-n

“ბავშვებს ხელოვნება, საინტერესო ამბების მოსმენა, ლექსები და მუსიკა ისევე სჭირდებათ, როგორც სიყვარული, საკვები, სუფთა ჰაერი და თამაში. თუ ბავშვს საკვებს არ მივცემთ, ძალიან მალე დავინახავთ ამის შედეგს. შედარებით დიდი დრო უნდა უარყოფითი შედეგების დანახვას  იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ აქვს სუფთა ჰაერზე თამაშის საშუალება.

სიყვარულის ნაკლებობით მიღებული დაზიანება ზოგჯერ წლების შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს, თუმცა ის სამუდამოა.

საინტერესო ამბების, ხელოვნების, ლექსების და მუსიკის ნაკლებობით მიყენებული ზიანის დანახვა ადვილი არ არის. ერთი შეხედვით ბავშვები ჯანმრთელები არიან, ხმაურიანები, დარბიან, ხტუნავენ და ცურავენ. და მაინც, მათ რაღაც აკლიათ.

მართალია, რომ ზოგი ადამიანი ხელოვნების ნებისმიერ დარგთან შეხების გარეშე იზრდება და ბედნიერადაც ცხოვრობს. არსებობენ ისეთებიც, ვის სახლშიც ვერ ნახავთ წიგნებს ან ნახატებს. ისეთებიც კი არსებობენ, ვისაც მუსიკა არ უყვარს. მე მათიც მესმის, ასეთ ადამიანებსაც ვიცნობ. ისინი კარგი მეზობლები და მოქალაქეები არიან.

არიან ადამიანები, რომლებზეც ბავშვობის ან ახალგაზრდობის გარკვეულ ეტაპზე ხელოვნების რომელიმე დარგთან შეხება წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მათთვის ხელოვნება მთვარის ბნელი მხარესავით უცხო და შეუცნობელია. და უცებ, ისინი ყურს მოჰკრავენ რადიოში წაკითხული ლექსის ნაწყვეტს, ან მეზობლის ღია ფანჯარასთან ჩავლისას გაიგონებენ, როგორ უკრავს ვიღაც პიანინოზე. შესაძლოა ხელოვნებასთან მათი პირველი შეხება უცნობი მხატვრის შესრულებული, კედელზე გაკრული პოსტერის დანახვითაც მოხდეს. ასეთ დროს ისინი გრძნობენ, თუ როგორ აკლდათ აქამდე რაღაც ამოუხსნელი, ის, რისი სახელიც არ იცოდნენ, თუმცა მის ნაკლებობას ყოველთვის გრძნობდნენ. მათ აკლდათ ეს ყველაფერი ისევე, როგორც მშიერ სხეულს საჭმელი, და ახლა მისი პოვნის ბედნიერება ერთიანად ავსებს მათ სხეულებს და გონებას.

ასეთი ადამიანები მოდიან ხელოვნების, მუსიკის და ზღაპრებისგან ცარიელი ბავშვობიდან. მათ ეს საოცარი სამყარო შემთხვევითობის წყალობით აღმოაჩინეს და რომ არა ეს შემთხვევა, შესაძლოა მთელი ცხოვრება კულტურულ შიმშილში გაეტარებინათ.

,,კულტურული შიმშილის” შედეგები დრამატული არ არის. მათი დანახვა არცთუ ისე ადვილია, თუმცა ღრმა კვალს ტოვებს პიროვნებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი თავს ხელოვნების გარეშეც ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს და მათ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მსოფლიოს ყველა წიგნი და ხელოვნების ნიმუში ერთ ღამეში რომ გაქრეს, ძალიან ბევრ ბავშვს აქვს სულიერი საკვების მოთხოვნილება, რომელსაც მათი სულისა და გონებისთვის ვერაფერი შეცვლის.

მე მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება და საშუალება,ეზიაროს ხელოვნებას და კულტურას და მიღებული შთაბეჭდილებების გავლენა საკუთარ თავზე გამოსცადოს.ეს უფლება ყველა ბავშვისთვის ისევე მნიშვნელოვანია,როგორც თავშესაფრის ქონის,სამედიცინო მომსახურების მიღების,განათლების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.”

ფილიპ პულმენი, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის ჯილდოს 10 წლისთავისთვის,2012 წელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები