LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო და ჯანსაღი გარემო იქმნება მაშინ, როდესაც მას არა აქვს სრული თავისუფლება – თამარ გაგოშიძე

106
gagoshdize2021

საგანმანათლებლო სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორი ორგანიზაცია ,,მშობლები განათლებისთვის” ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ონლაინ-ტრენინგს ავრცელებს, სადაც ფსიქოლოგი ბავშვებთან კომუნიკაციის მნიშვნელობასა და ტექნიკაზე საუბრობს.

თამარ გაგოშიძე: ,,ჩვენს კულტურაში, და არა მხოლოდ ჩვენს კულტურაში არსებობს მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვს და განსაკუთრებით, 10 წლამდე ბავშვს არ აქვს დამოუკიდებელი აზროვნება და ჩამოყალიბებული ნებელობა, ის მთლიანადაა  დამოკიდებული ჩვენზე და ამიტომ საკმარისია მას მხოლოდ მოვთხოვოთ, ვუბრძანოთ და ვაკონტროლოთ. თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჯერ პიროვნებად  ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ის უნიკალურია და აქვს თავისუფალი ნება. სწორედ აქ არის სერიოზული დილემა. მშობლები ხშირად კითხულობენ, რა სტრატეგია აირჩიონ.

მიდგომა – ,,ჩემს შვილს პატივს ვცემ და ყველაფრის უფლებას ვაძლევ” – ძალიან გავრცელებულია. თუმცა დადგენილია, რომ ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო და ჯანსაღი გარემო იქმნება მაშინ, როდესაც მას არა აქვს სრული თავისუფლება და არ ვართ ე.წ. ,,უჩარჩოო” სიტუაციაში.  ყველაფრის უფლების მიცემა გამოსავალი არ არის. მთავარია სწორი კომუნიკაცია შვილსა და მშობელს შორის და ამის ხარჯზე მათ შორის შეთანხმების მიღწევა. რა არის კომუნიკაცია? ეს არის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, თუმცა ეს ინფორმაცია მკაფიო უნდა იყოს.

მცირეწლოვანი ბავშვები არასიტყვიერ კომუნიკაციას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რა ტონით, როგორ ვესაუბრებით, როგორია ხმის ტემბრი, სხეულის ენა… რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, ის ამას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. რას ვეტყვით ამ ასაკის ბავშვს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია როგორ ვეტყვით.

ბავშვისთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, რათა მან აღძრას შესაბამისი ქცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები