LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის მოვალეობა სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე თუ პირიქით – რას გულისხმობს “ბავშვის კოდექსი”

სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის ინტერესების დაცვაზე, მის განვითარებაზე, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად  – ეს და კიდევ მრავალი სხვა ვალდებულება სახელმწიფოს ბავშვების მიმართ ბავშვის უფლებათა საერთშორისო კონვენციით აქვს განსაზღვრული. თუმცა, ახალი ბავშვთა კოდექსით, რომელზეც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა იმუშავა, შესაძლოა, ვალდებულებები თავად ბავშვს დაეკისროს სახელმწიფოს, ოჯახის, საზოგადოების და მათ მიმართ, ვინც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ბავშვის უფლებების დაცვაზე უნდა ზრუნავდნენ.

ჯერ-ჯერობით დოკუმენტი პარლამენტში არ შესულა და მასზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, არასამთავრობო სექტორმა სამუშაო ვერსიაში სახიფათო ჩანაწერები დაინახა, რომელიც სწორედ ბავშვებისთვის მოვალეობების გაწერას ეხება. პროექტის პირველადი ვერსია კომიტეტის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორს რამდენიმე დღის წინ გააცნეს. ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევენ, რომ ბავშვებისთვის მოვალეობების გაწერამ მათი უფლებები შესაძლოა, დაცვის ნაცვლად, პირიქით – შეზღუდოს.

„ბავშვი ვალდებულია პატივი სცეს ოჯახის წევრებს და ვალდებულია დაიცვას სისუფთავე, ისწავლოს, დაემორჩილოს შედგენილ დღის წესრიგს – ასეთი იმპერატიული ნორმები გვხვდება,“- ამბობს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე.

ის, რომ საზოგადოება ბავშვებთან მიმართებით მართლაც იმპერატიული ტონით გამოირჩევა, ეს ნათლად ჩანს Unicef-ის და სახალხო დამცველის ყველა კვლევაში. უფრო მეტიც, მითითებების შეუსრულებლობის შემხვევაში, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირები ხშირად ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დასჯას მიმართავენ. მაგალითად, Unicef-ის კვლევის თანახმად, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევდა ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60 პროცენტი აცხადებდა, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები.

ბავშვთა უფლებების შესახებ სახალხო დამცველის ბოლო კვლევის მიხედვით კი, ერთ წელიწადში ბავშვის მიმართ ძალადობის 755 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტი იყო უგულებელყოფა (192), ფიზიკური (149) და ფსიქოლოგიური ძალადობა (170).

არსებული მონაცემების საფუძველზე ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო დონეზე ბავშვებისთვის მოვალეობების გაწერით, ძალადობრივი მოპყრობის რისკები ჩნდება. ანა თავხელიძე განმარტავს, რომ ზოგადად, ბავშვებისთვის მოვალეობების დაწესება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაუშვებელია.

როცა პირს აკისრებ ვალდებულებებს და როცა ეს ვალდებულებები საკანონმდებლო დონეზეა გაწერილი, ვიცით, რომ მათ დარღვევას მოჰყვება პასუხისმგებლობა. აქაც მოცემულია მშობლებთან მიმართებით, რომ შემზღუდავი ღონისძიებები შეუძლიათ გამოიყენონ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ფიზიკური დასჯა. კონკრეტული ღონისძიებები ჩამოთვლილი არ არის, გვხვდება ზოგადი ჩანაწერი, რომ ეს უნდა იყოს თანაზომიერი, მაგრამ მშობელმა უნდა შეარჩიოს ეს შემზღუდავი ღონისძიება და არ ვიცით, რას გამოიყენებს. ამიტომ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებული იყოს ფიზიკური დასჯა.

ასევე, არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინარული ღონისძიებების გამოყენებაზე მითითება, გვესმის, რომ სკოლებში ძირითადად გაწერილი არის ხოლმე შინაგანაწესით ეს ყველაფერი და დარღვევის შემთხვევაში სკოლა ახდენს რეაგირებას, ამიტომ დამატებით გაწერის საჭიროება კანონით, საერთოდ არ დგას,“ – ამბობს ანა თავხელიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კი განმარტავენ, რომ მოვალეობები დეკლარაციული ხასიათისაა და ეს არის პოლიტიკის ხაზი, რომელიც უნდა გაატაროს შესაბამისმა უწყებებმა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, ბავშვებმა თავიანთ უფლებებთან ერთად სხვების უფლებების პატივისცემაც უნდა ისწავლონ და რაიმე სანქციებზე აქ საუბარი არ არის.

„ეს არის სახელმძღვანელო პრინციპი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ თავიანთ პროგრამებში ბავშვები აღზარდონ პათოსით, საკუთარ უფლებებთან ერთად სხვისი უფლებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზეა აქ საუბარი,“- ამბობს სოფიო კილაძე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ამ მხრივ ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციით ვალდებულება აქაც ბავშვზე მზრუნველ პირებს აქვთ გაწერილი და არა თავად ბავშვებს- „განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისკენ. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, ასწავლოს მშობლების, თავისი, სხვა ქვეყნების კულტურისა და რელიგიის პატივისცემა,“ – ამბობს კონვენციის 29-ე მუხლი. „ფორტუნა“ დაინტერესდა ახალ პროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ბავშვს აქვს ვალდებულება, რომ სხვების უფლებებს პატივი სცეს, თუ პირიქით, ოჯახს, საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს ვალდებულება, რომ ბავშვს სხვების პატივისცემა ასწავლონ, სოფიო კილაძე პასუხობს, რომ „ჩანაწერი არ არის მთავარი, იმიტომ რომ ჩანაწერები და კონკრეტული მოცემულობა იქნება მომდევნო დამუშავების საკითხი.“

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ჯერ მხოლოდ კონცეფცია აქვთ და კონკრეტული მიმართულებებია გამოკვეთილი, კონკრეტული ჩანაწერები კი შესაძლოა, მუშაობის პროცესში შეიცვალოს. სოფლიო კილაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ არასამთავრობო სექტორიც ინფორმირებულია.

„ეს როგორ შეიცვლება და როგორ ჩავწერთ, სხვა თემაა, მაგრამ პათოსი არის ის, რაც გითხარით და დანარჩენი ყველაფერი ამ საკითხზე არის სრული სპეკულაცია და ზოგიერთი ადამიანი ეწევა მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. ეს პოზიცია ავხსენი იმ შეხვედრაზეც, რა იგულისხმება ამაში. სამწუხაროდ, გამოვიდნენ ვიღაცეები და დეზინფორმაცია გაავრცელეს,“-აღნიშნავს სოფიო კილაძე.

კომიტეტის თავმჯდომარეს იმ შემზღუდავ ღონიძიებებზეც ვკითხეთ, რომლის გატარების უფლებაც პროექტის მიხედვით, მშობელს თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას იმ შემთხვევაში ექნება, თუ ბავშვი მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყვის. ამაზე სოფიო კილაძე გვპასუხობს, რომ ამის უფლება მათ აქამდეც ჰქონდათ. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ შემზღუდავი ღონისძიებები ბავშვის აღზრდაში ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას არ გულისხმობს და აღნიშნავს, რომ მშობელი შემზღუდავ ღონისძიებასა და ფიზიკურ ან ფსიქიკურ ძალადობას შორის ტოლობის ნიშანს ვერ დასვამს.

„სხვანაირად ამას ვერ გაიგებენ – „პირდაპირ არის ჩანაწერი, შავით თეთრზეა მითითებული, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება,“ – აღნიშნავს სოფიო კილაძე.

თუმცა, რამდენად აღიქვამდენ საქართველოში კარგად რა არის ძალადობა, ამას ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები ნათლად აჩვენებს – „სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არ აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5%-ს და სკოლის თანამშრომელთა 13.9%-ს, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ,“ – ეს ომბუდსმენის კვლევაა, რომელიც საგანმანათბელო დაწესებულებებში 2016-2017 წელს არსებულ მდგომარეობას მოიცავს.

 

კიდევ ერთი ხარვეზი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ხედავენ, რამდენიმე საკითხთან მიმართებით ასაკობრივი ცენზის შემოღებაა და ერთ-ერთი ამ მხრივ რელიგიის თავისუფლების საკითხს ეხება.

21 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვის ტერმინი გვაქვს რამდენიმე შემთხვევაში და მათ საცეკვაო დაწებულებებში 12 საათის შემდეგ არ შეუძლია წასვლა, ანუ მეორეკურსელს ვუკრძალავთ ღამის საათებში საცეკვაოდ წასვლას.

რელიგიის თავისუფლების საკითხთან მიმართებით შემოდის ასაკობრივი ცენზი. 14 წლის შემდეგ მოზარდს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს მიკუთვნებულობა რელიგიისადმი. ეს არის ცალკე აღებული პუნქტი, რომ 14 წლიდან აქვს უფლება რელიგიის არჩევის,“- აღნიშნავს ანა თავხელიძე.

რელიგიის თავსუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან, რომლის მე-14 მუხლი ამბობს: „სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის აზრისა და რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს მას.“

არასამთავრობო ორგანიზაციაში ტერმინთა არასწორ განმარტებაზეც საუბრობენ და ყურადღებას ახალ პროექტში „უგულებელყოფის“ განმარტებაზე ამახვილებენ.

„ახალი კოდექსი უგულებელყოფას განმარტავს განსხვავებულად ოჯახური ძალადობის შესახებ კანონისგან. აქ არის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა. რეალურად ეს მარტო დარღვევა არ არის, აქ არის ინტერესების უგულებელყოფაც. მაგალითად, ბავშვს თუ არ აქვს ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები, უგულებელყოფაა, თუ იცის ეს მშობელმა, აქვს საშუალება და არ ყიდულობს,“ – აღნიშნავს ანა თავხელიძე.

უფლებადამცველი განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებებზე ერთიანი საკანონმდებლო აქტის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა მასში ბევრი ხარვეზია. ანა თავხელიძე ამბობს, რომ კანონპროექტზე დეპუტატები მუშაობას განაგრძობენ და მისი თანდათან დახვეწა ხდება. მისივე თქმით, იგეგემება რამდენიმე შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, თუმცა, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ თავმჯდომარეა, კანონპროექტის მომზადების პროცესშიც, თავიდანვე გამოხატა ჩართვის სურვილი, რაც კომიტეტს არ გაუთვალისწინებია.

„კომიტეტში როგორც ითქვა, ამ კვირაში უნდა იყოს 3 შეხვედრა და ჩვენთვის მიუღებელია 3 შეხვედრა, იმიტომ რომ ასეთ მოკლე დროში ვერ მოხდება გასწორება, იმდენად დასახვეწია, უფრო მეტად თავიდან არის დასაწერი, ბავშვის პრიორიტეტი, საუკეთესო ინტერესი იმდენად არაპრიორიტეტულია ამ კოდექსში. კომიტეტი როგორც ვიცით, მზად არიან შენიშვნებისთვის, მაგრამ ამას სჭირდება უფრო სამუშაო ფორმატი და ყველა დაინტერესებული პირი უნდა იყოს ჩართული. ახლა დახურულ პროცესში მიმდინარეობს მისი დახვეწა,“ – ამბობს ანა თავხელიძე.

საპასუხოდ, სოფიო კილაძე არასამთავრობო სექტორის ნაწილს არაკორექტულ ქცევაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დოკუმენტის ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსია არსებობს და მუშაობის პროცესში შენიშვნებს ითვალისწინებენ.

„ეს არის მუშა პროცესი, არის სხვადასხვა არგუმენტები, საბოლოოდ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, არ ვართ ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ გუნდში, ეს იყო პირველადი ვერსია, რაც შეიმუშავა კომიტეტმა ჩემი ინიციატივით და ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ყველას დავუძახეთ და ძალიან გამიკვირდა ასეთი არაკორექტული ქცევა, პირდაპირ ვიტყვი.

სამუშაო პროცესში როგორ უნდა ჩამერთო, ჩემთან ერთად დამეჯინა და რასაც ვწერდი, ის შემეთანხმებინა თუ როგორ გამეკეთებინა?“ – ამბობს სოფიო კილაძე.

კილაძე ასევე უარყოფს, რომ არასამთავრობო სექტორს მხოლოდ 3 შეხვედრა შესთავაზეს და ამბობს, რომ საუბარია არა 3 შეხვედრაზე, არამედ 3 სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

„ვიღაცეების ჭორებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მე გეუბნებით რაც შევთავაზე და ვიღაც რაღაცას ჭორაობს, სისულელეს იძახის… შეგიძლიათ ყველა იქ დამსწრე ადამიანს კითხოთ და ყველა დაგიდასტურებთ, ჩანაწერიც არსებობს მაგის, მეილებზეც მიწერილი აქვს ყველას, ვისაც აქვს სურვილი ყველას ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. 3 შეხვედრა კი არა 3 ჯგუფი შევქმენით სხვადასხვა 3 საკითხთან მიმართებით და ამ ჯგუფების შეხვედრა მოხდება ძალიან ბევრჯერ, მანამ სანამ არ ამოვწურავთ თემებს.

პირველი ჯგუფი ეს არის უფლებები, მეორე ბავშვის მხარდაჭერა და მესამე ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში,“- ამბობს სოფიო კილაძე.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ამ ეტაპზე არსებული პროექტის შესახებ საქართველოში Unicef-ის წარმომადგენელობას, სადაც განაცხადეს, რომ არსებულ პროექტს იცნობენ, იციან იმ შენიშვნების შესახებაც, რომელიც მასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე ბავშვთა უფლებების კოდექსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

 

თაკო ივანიაძე