LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობის პერიოდში შეკავებული შიში შემდგომში ბრაზის ენერგიასა და აგრესიაში გადადის  – მაია ცირამუა

1200
maia-ciramua-news-19

სად უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები აღზრდის პროცესში, საიდან ჩნდება ბულინგი,  რა როლი აქვთ მშობლებსა და მასწავლებლებს მოზარდების კონფლიქტში და როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ისაუბრა.კითხვაზე, რა არის ის საკვანძო შეცდომა, რომელიც შეიძლება მშობელმა აღზრდის პროცესში დაუშვას, ფსიქოლოგი ამომწურავად და პუნქტობრივად გვპასუხობს:

მე მართლაც არ მიყვარს, როდესაც მშობელს ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს უჩნდება ბრალეულობის განცდა, რადგან ეს ნამდვილად არ ეხმარება მას ითანამშრომლოს სპეციალისტთან, ზუსტად და სწორად დაინახოს ბავშვის პრობლემები.  ჩემი სტრატეგია  მშობელთან მუშაობისას არის შემდეგი: მე ვცდილობ მათ ვაგრძნობინო ბავშვი, მათ მივცე საშუალება შეხედონ სამყაროს, საკუთარ ქცევას ბავშვის თვალებით და იგრძნონ, რა ემოციური მდგომარეობაა, როდესაც არ უსმენენ  და შენიშნვას აძლევენ ბავშვს. მშობელი ფსიქოლოგთან მუშაობის პროცესში აცნობიერებს რა გამოწვევების წინაშე დგას და უკვე იწყებს შეცვლას.  ეს შეცვლა არის აბსოლიტურად ცნობიერი და თანამშრომლობითი პროცესი.რა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები ბავშვის აღზრდის პროცესში – როგორც პრაქტიკა აჩვენებს,  პირველი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხშირად იღებს ბავშვი მშობლისგან მესიჯს, რომ ის არის მიუღებელი, ის არ მოსწონთ, რომ ის მუდმივი კრიტიკის ობიექტია.

ბავშვის უპირობო მიღება – ეს არის პირველი, რის გარკვევას და გაცნობიერებასაც ვცდილობ, როდესაც ვიწყებ მშობელთან მუშაობს, რამდენად არის ის მზად იმისთვის, რომ მიიღოს ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ჩვენ, ფსიქოლოგებს ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი რეკომენდაციები მშობლებთან, შეეცადონ ბავშვს უთხრან, რომ ის ცუდი კი არ არის, უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციაში  მოიქცა ცუდად.

რა სჭირდება ბავშვს განვითარების პროცესში,  მაგალითად,  სანამ ის არის ერთ წლამდე ასაკში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენდოს უფროს ადამიანს, ყველა მისი მოთხოვნა თუ მოთხოვნილება და ფიზიოლოგიური საჭიროებები, დროულად იყოს დაკმაყოფილებული.

ორი სამი წლის ასაკიდან ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენდოს საკუთარ თავს, ეს არის ასაკი, როდესაც მშობელმა პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით ბავშვს ხელი უნდა გაუშვას. როგორც კი ბავშვი იწყებს სიარულს, უჩნდება პირველი სიტყვა, მშობელმა მას უნდა მისცეს შესაძლებლობა იგრძნოს საკუთარი ავტონომიურობა, იგრძნოს რომ, რაღაც შეუძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, კომუნიკაციის პროცესის სწორად წაყვანა, კომუნიკაციაში ვგულისხმობთ იმას, რომ ხშირად მშობელი ბავშვს ელაპარაკება არ მიღების ენაზე, უარყოფს მის ემოციას. მაგალითად, რას ვაკეთებთ როდესაც ბავშვს ეშინია? ვუკრძალავთ მას რომ ეშინოდეს! ამ დროს მთავარი ამოცანა არის ის, რომ მშობელი გახდეს ბავშვის ემოციის კარგი კონტეინერი, მიმღები იმისა, რასაც იმ მომენტში ბავშვი გამოხატავს.

არასწორია გენდერული დაყოფის მომენტი, მაგალითად ბიჭებს ვეუბნებით, რომ ბიჭია და არუნდა ეშინოდეს, გოგოებს ვეუბნებით რომ გოგოა და არუნდა ბრაზობდეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს შეკავებული და მოთოკილი ემოცია აკუმულირდება(გროვდება).

მე ხშირად მინახავს, განსაკუთრებით ბიჭებში, ბავშვობის პერიოდში შეკავებული შიში შემდგომში ბრაზის ენერგიაში გადასული და ამით გამოწვეული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც აგრესიას უკავშირდება.

უსიყვარულობა არის კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა. უსიყვარულობა არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენს შვილებს თავს ვევლებოდეთ, ყველა მათი კაპრიზი დავაკმაყოფილოთ, არამედ ბავშვი ყოველ წამში უნდა გრძნობდეს იმას, რომ მშობელი ყოველთვის მზადაა მის მოსასმენად, მასთან კომუნიკაციისთვის, მისი ემოციის გაზიარებისთვის და ა.შ.

ზოგადად ადამიანებს უყალიბდებათ ბაზისური წარმოდგენები სამყაროს და საკუთარი თავის შესახებ.  იმის მიხედვით თუ როგორ ექცევა მას მშობელი, ბავშვი იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, მაგალითად თუ მუდმივად აკრიტიკებენ, ფიზიკურად ცემენ, სჯიან მას საკუთარი თავის მიმართ უყალიბდება წარმოდგენა, რომ ის ცუდია, მის გარშემო არსებული ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ  და ზოგადად სამყაროს მიმართ საკმაოდ უნდობლად არიან განწყობილი. ეს შემდგომში ძალიან სერიოზულ პრობლემებში გადადის. ფაქტობრივად ეს არის ის, რაზეც დგას ადამიანის პიროვნება, შესაბამისად ყველა ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომა შემდეგ ძვირად გვიჯდება ხოლმე.“

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები