LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილმა საშობაო კონცერტები ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა – „ეს ყველაფერი იყო ნიკასთვის!..“

beqa-gochiashvili

ბექა გოჩიაშვილმა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად 25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საშობაო კონცერტები გამართა.

რასაკვირველია, ღონისძიებებმა საინტერესოდ და უამრავი აპლოდისმენტის ფონზე ჩაიარა.

ბექასთვის ეს საღამოები გამორჩეული იყო, რადგან ის მცირე ხნის წინ გამოემშვიდობა თავის დიდ მეგობარსა და მხარდამჭერს, ნიკა რურუას. შეგახსენებთ, პოლიტიკოსი დეკემბერში გარდაიცვალა.

ბექას ყველა პოსტი, მას შემდეგ, სწორედ ნიკა რურუას ეძღვნებოდა, ახლა კი საშობაო კონცერტებიც მას მიუძღვნა.

ბექამ დაწერა:

„ყველას დიდი მადლობა, ვინც გუშინ კონცერტზე იყავით.

თქვენ თუ ერთი ნოტი მაინც გახსოვთ, ეს ყველაფერი იყო ნიკასთვის!

ისიც გვისმენდა!“

მანამდე კი ბექამ ასევე დიდი სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ორი წლის წინ ნიკა რურუას ერთი თემა მიუძღვნა:

„ეს კონცერტი სექტემბერში დაიგეგმა, როცა “უღრან ტყეში” – წყნეთში, ზურა ლეჟავასთან შედგა ჩემი და ნიკოლოზ რაჭველის დებიუტი. მაგრად ვემზადებოდი, Mike Mitchell, Cameron Graves და Max Gerl ჩამოგვყავს ამერიკიდან, იქნება საშობაო განწყობის რამოდენიმე სტანდარტი და ჩემი მუსიკა.

2 წლის წინ დავწერე თემა, სულ სხვა კონცეფციის, არა-ჯაზური და დავარქვი – “Nick’s Biography”, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ნიკა რურუას. მოვასმენინე, მაგრად მოეწონა, დაახლოებით 10-ჯერ ჩამართვევინა. მძიმეა, მოკლემეტრაჟიანი ფილმივითაა, მაგრამ სიმძიმე ოპტიმიზმს არ გიკარგავს, პირიქით, სიძლიერე, პატრიოტიზმი და საფუძვლიანი ოპტიმიზმი იგრძნობა. უხეშად მხვდება თვალში, როცა ჩემს დაწერილ მუსიკაზე ქათინაურებით ვიმკობ თავს, მაგრამ ამ დროს ნიკას დამსახურება უფრო დიდია ამ თემის დაწერისთვის, ვიდრე ჩემი. ინსპირატორი ზოგჯერ 50% ავტორია შემოქმედების. ნიკუშას ვუთხარი, რომ ამის დაკვრას ვაპირებდი 25-26-ში და მითხრა ინგლისურად (როგორც იცოდა ხშირად) – “That will make me wanna fight more for our countries’ freedom, which is your job as well bro.” ამ უფროსი ძმის და მეგობრის დაკარგვის შემდეგ, დამიმძიმდა დაკვრის სურვილი და “დუხი”.

მაგრამ ერთადერთი გზა ამ რთული მდგომარეობის შედარებით განელების არის საქმე. მწერლისთვის წერა, მომღერლისთვის სიმღერა და ალბათ პიანისტისვის დაკვრა. ნიკას საყვარელი ფრაზა იყო: “Never, never, never give up.” ხო და ზუსტად ამ კონცერტის ჩაგდება, ჩემი “give up” იქნებოდა. ჩემი მთელი უმცროს-უფროსული ძმური სიყვარულით ვუძღვნი ნიკა რურუას სულს ამ 2-დღიან კონცერტს, სადაც უფრო მძიმედ და დიდი ბრძოლის უნარით შევასრულებთ “Nick’s Biography-ს“.

ფოტო კონცერტიდან: გია გოგატიშვილი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები