LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი – რჩევები ბერლინში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ბერლინის ყველა ღირსშესანიშნაობისა და გასართობის ჩამოთვლა ძალიან ძნელია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ცოცხალი და მყუდრო ქალაქია. ახალგაზრდობა დახეტიალობს ადგილობრივ კლუბებში. შედარებით უფროსები ბერლინში შოპინგს აფასებენ – ყველგან ცნობილია იქაური სავაჭრო ცენტრები.

სექსუალური უმცირესობები კი საერთოდ აღფრთოვანებულები არიან გერმანიის დედაქალაქით. პერიოდულად სასიყვარულო აღლუმებს აწყობენ და თავს ისე გრძობენ, როგორც საკუთარ სახლში. და რა თქმა უნდა, ხელოვნების მოყვარულებს ბერლინის მუზეუმებისა და გალერეების საქებარი კოლექციები ელოდებათ.

 

რაიონები

ბერლინში 12 ოლქია – მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებიც თავს იწონებენ საკუთარი მთავრობით და ბურგომისტრითაც კი. ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, ბერლინი არა მარტო ცენტრით, არამედ მთლიანად საინტერესოა. ეს ალბათ გასაკვირი არც არის: მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებისა და კედლის მიერ ორად გაყოფილი ქვეყნის პირობებში ღირსშესანიშნაობები და საინტერესო ტურისტული ინფრასტრუქტურა ბუნებრივად მთელ რიგ რაიონებზე განვითარდა.

მიტე – ქალაქის გულია, სწორედ აქ ჩაეყარა მე-12 საუკენეში საფუძველი თანამედროვე ბერლინს. მდინარე შპრეე მას ორ ნაწილად ყოფს და აქ ყველაზე მეტი ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი.

 

ბერლინის ტრანსპორტი

ბერლინის ტრანსპორტი მიწისზედა და მიწისქვეშა მეტროს, ავტობუსებს, ტრამვაისა და სამდინარო ბორანს მოიცავს. გამოიყენება ერთი და იგივე სამგზავრო ბილეთები: Kurzstrecke – 1,30 ევრო, ის ყველაზე იაფია და მოქმდებს მეტროს სამ ან ავტობუს-ტრამვაის 6 გაჩერებაზე; Einzelfahrausweis (2,80 ევრო) – ნებისმიერი ტრანსპორტით ისარგებლებთ 2 საათის განმავლობაში; Single-Tageskarte (7 ევრო) – ერთი დღის სამგზავრო, Partner-Tageskarte (16,90 ევრო) – მთელი დღე 5-კაციან ჯგუფზე; 7-Tage-Karte (29,50 ევრო) – ერთი კვირა, Monatskarte Standard (72,50 ევრო) – ერთი თვე.
ბილეთი მგზავრობის ბოლომდე არ უნდა გადააგდოთ.

შაბათ-კვირას მიწისქვეშა მეტროს ორი ხაზი და მიწისზედას რამდენიმე ხაზი მთელი დღე-ღამე მუშაობს, ღამით სპეციალური ავტობუსებიც დადიან, რომელთაც ნომრის წინ ასო N აწერიათ.

ბერლინის ნიშაა ბორანი, 6 მარშრუტი ერთიან სატრანსპორტო ქსელშია ჩართული. ანუ ცალკე ბილეთის ყიდვა საჭირო არ არის, საერთო მოქმედებს.

ძირითადი ღირსშესანინაობები შეიძლება ტურისტული ავტობუსიდან დაათვალიეროთ. ბილეთი 18-25 ევრო ღირს და მთელი დღე მოქმედებს. შეგიძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ და მერე სადაც გინდათ იქ ახვიდეთ (იმავე კომპანიის ავტობუსზე). ქალაქში ასეთი მომსახურების მქონე უამრავი კომპანიაა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ZilleExpress.

Berlin WelcomeCard

Welcome Card – ეს ბარათია მათთვის, ვინც ბერლინში 1-2 დღით ჩადის: დაკომპოსტირების მომენტიდან 48 საათის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტრანსპორტით სარგებლობა ბერლინსა და პოტსდამში, მუზეუმების მონახულება, თბომავლით სეირნობა, თეატრსა და გამოფენებზე წასვლა 50%-იანი ფასდაკლებით. ეს 22 ევრო დაგიჯდებათ. 72-საათიანი ბარათი – 30 ევრო ღირს. მხოლოდ ბერლინში თუ ისარგებლებთ, მაშინ შესაბამისად 20 ევრო და 28 ევრო დაგიჯდებათ.

 

შოპინგი

ბერლინი მოდური ტიპებისთვის იდეალური ადგილია. ერთ ქუჩაზე 15-მდე შოუ-რუმია, და რაც მთავარია მისაღები ფასებია. მაღაზიები უფრო ფრიდრისხაინისა და კროიცბერგის რაიონებში უნდა ეძებოთ. უნიკალურ სუვენირებს ტირგარტენის „მეორადებში“ იყიდით. ეს ანტიკვარიატის, უძველესი მაკულატურის და ათასი წვრილმანის ბაზრობა ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილესად მიიჩნევა. ტყავის ფეხსაცმელი სადგურ HackescherMarkt-ის რაიონში უნდა ნახოთ. აქ უამრავი მაღაზიაა ყველაზე უჩვეულო მოდელებით, უმეტესობა ხელითაა შეკერილი, ყველა ფერის ტყავს იპოვით.

ბრენდული შოპინგისთვის სჯობს გიგანტურ სავაჭრო ცენტრში გაემართოთ. ყველაზე-ყველაზეა KaDeWe, რომელიც ვის არ სმენია. „დასავლეთის სავაჭრო სახლი“ (სწორედ ასე იშიფრება ეს აბრევიატურა) დიდი ხანია ბერლინის სიმბოლო გახდა, სადაც „თვალის დასასველებლად“ მაინც ღირს მისვლა. შოპოჰოლიკები უმჯობესია ბერლინში ზაფხულისა და ზამთრის ფასდაკლებების პერიოდში წავიდნენ.

 

რა გავსინჯოთ

გერმანული სამზარეულო – საფუძვლიანი, მსუყე და ხარისხიანია. ბერლინელებსაც უყვართ ნოყიერად მირთმევა. აქ პოპულარულია ძეხვეული, შებოლილი ლორი, შპროტი, წვნიანები. მაგალითად, ზამთარში ღირს გასინჯოთ წვნიანი აინტოპფი. მეორე კერძად ნატურალური ხორცი: შნიცელი, კოტლეტი, ბიფშტექსი, ფილე. გარნირად კი ტრადიციული მოთუშული კომბოსტო.

ლუდი – განსაკუთრებული თემაა. სახელგანთქმული გერმანული სორტების გარდა, შეხვდებათ ყველანაირი ლიმონათი, მაგრამ ხორბლის ქარვასავით სასმელი – გერმანიისთვის ყველაფერია.

 

ბერლინის კაფე-რესტორნები

ბერლინში მიშლენის ვარსკვლავის მქონე ოცამდე რესტორანია. ჩვეულებრივი საქალაქო კაფე და რესტორნები ევროპულ, ასევე ტრადიციულ გერმანულ სამზარეულოს თავაზობს. ეს კი საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი რეცეპტებისა და თანამედროვე ინგრედიენტების მიქსია.

გზად ბიუჯეტურად დანაყრება შეიძლება პიცერიაში ან საქაბაბეში. ფალაფელს მხოლოდ იმიგრანტები ამზადებენ, მათი კერძები კი როგორც წესი საინტერესო და უჩვეულოა.

თურქების ქაბაბი 3-5 ევროდ იყიდება. ჩვეულებრივ რესტორანში სადილი (ორი კერძი და ლუდი) – 25-დან 40 ევრომდე დაგიჯდებათ. კარგ რესტორანში ვახშამი კი 70 ევროდან.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

ბერლინში ნაღდი ისტორიული ღირსშესანიშნაობები ბევრი არ შემორჩენილა. უმეტეს ნაწილში კი ეს ზედმიწევნით აღდგენილი რეზიდენციები, ტაძრები და მთელი კვარტლებია. ამ ფაქტს კი გადაწონის პირველი კლასის სამუზეუმო კოლექციები და დანარჩენი ევროპისთვის არატიპიური ძეგლები.

რასაკვირველია, უნდა დაიწყოთ რეიხსტაგით და სიმბოლოდ ქცეული ბრანდენბურგის კარიბჭედან. შორი-ახლოს შემორჩენილია ყველასათვის ცნობილი ბერლინის კედელი (155 კმ იყო, უშუალოდ ქალაქზე 43,1 კმ მოდიოდა, სიმაღლეში 4 მეტრს აჭარბებდა). დღეს კედლის ნანგრევებს სუვენირების სახით წარმატებით ყიდიან. მე-19 საუკუნის იშვიათ ძეგლებს შორისაა ვილჰელმ კაიზერის სახელობის ტაძარი, ახალი სინაგოგა, ასევე ბულვარი კურფიურსტენდამი.

ქალაქის სიმბოლოებს რომ მოივლით, ბერლინს ჩიტის სიმაღლიდან უნდა გადმოხედოთ. საუკეთესო სათვალთვალო მოედნებია – ალეკსანდერპლაცზე მდებარე ტელეანძა (203 მეტრი), რეიხსტაგის გუმბათი, ტირგარტენში მდებარე გამარჯვების მონუმენტი და პოსტდამის მოედანზე მდებარე ულტრა თანამედროვე პანორამული მოედანი, სადაც ჩქაროსნული ლიფტი აგიყვანთ Panoramapunkt.

სანამ ბერლინის მუზეუმებში ჩაიკარგებით, მანამდე ნახეთ რელიგიური არქიტექტურაც. მთავარია საკათედრო ტაძარი თავისი გამორჩეული ორღანით (სამუზეუმო კუნძულთან ახლოსაა). ყურადღებას იპყრობს ფრანცისკანული სააბატო. ყველაზე მაღალი ეკლესიაა მარიენკირხე (90 მ). აი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (მე-13 ს) კი მუზეუმად არის გადაკეთებული.

დაბოლოს, სია სასახლეებით უნდა შეავსოთ. ესენია: პომპეზური, ბაროკოს სტილის შარლოტენბურგი (12 ევროდან), მაქმანისებური ეფრაიმი, მასიური კეპენიკი, ერთ დროს ქალაქი შპანდაუბისდორფის კარ-მიდამო, ტეგელი, ასევე პოტსდამი – ბერლინთან ახლოს მდებარე სასახლე კომპლექსი (ამაზე ქვემოთ ცალკე).

 

ესენიც სანახავია

ჰოლოკოტის მსხვერპლთა მემორიალი
ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახლოს უჩვეულო ძეგლია – უზარმაზარი ლაბირინთი. ეს ადგილი რა თქმა უნდა მხოლოდ დიზაინით არ ახდენს შთაბეჭდილებას, არამედ თავისი არსით.

ტირგარტენი
ბერლინელებისთვის ეს ადგილი ისეთივეა, როგორც ჰაიდ-პარკი ლონდონელებისთვის. ეს უზარმაზარი პარკია ქალაქის ცენტრში. აქვეა გამარჯვების კოლონა, კულტურის სახლი და გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია – ბელვიუს სასახლე.

 

ჟანდარმენმარკტის მოედანი
ესეც სავალდებულო სანახავია. ბევრი ადგილობრივი მიიჩნევს, რომ ეს მოედანი ულამაზესია ქალაქში (ევროპაშიცო). ის XVII საუკუნის ბოლოსაა აგებული და სამი დიდებული შენობითაა გარშემორტყმული: ფრანგული და გერმანული ტაძრებით და დრამატული თეატრით.

 

აკვადომი
ცილინდრის ფორმის ვეება აკვარიუმი (1 000 000 ლ წყლის მოცულობა) სატუმრო Radisson SAS Berlin ფოიეშია მოწყობილი. მასში არა მარტო ეკზოტიკური თევზები დაცურავენ, არამედ აკვალანგით თქვენც შეგიძლიათ ჩახვიდეთ. ამ საოცრების სანახავად 16 ევრო უნდა გადადოთ.

 

ბოტანიკური ბაღი
ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესია. თუ ბერლინში თბილ დროს იქნებით, ამის უნახაობა არ შეიძლება. ათეულ ათასობით ეკზოტიკურ ყვავილ-მცენარეებს 6 ევროდ დაათვალიერებთ.

 

ასევე არ გამოგრჩეთ

წითელი რატუშა

ალეკსანდერპლაცი

ბერლინის ოპერა

აკვაპარკი Tropical Island

ბერლინის ზოოპარკი

საჰაერო ბურთი Die Welt

ჰამბურგის სადგური

უნტერ დენ ლინდენის ბულვარი

 

 

ბერლინის მუზეუმები

გერმანიის დედაქალაქის განსაკუთრებულად საამაყო ფურცელი. უნდა დაიწყოთ ცნობილი სამუზეუმო კუნძულიდან, სადაც ერთბაშად 5 ღირსეული კრებულია თავმოყრილი. საუკეთესოა პერგამონი. ყველაზე უჩვეულო ექსპონატების სანახავად ჯობს ექსკურსიაზე წინასწარ ჩაეწეროთ.
დანარჩენი ოთხი გახლავთ: ბოდეს მუზეუმი, ახალი მუზეუმი, ძველი ნაციონალური გალერეა და ძველი მუზეუმი.
მეორე მსოლიო ომის დროს კუნძული პრაქტიკულად განადგურდა, მაგრამ ახლა აღდგენილია და იუნესკოს მემკვიდრეობის ობიექტადაა აღიარებული.

თუ ამდენი მუზეუმის შემდეგ ფეხზე დგომის თავი გექნათ, ჯობს თემა შეარჩიოთ. ბერლინში წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ექსპოზიციები – ახალი ნაციონალური გალერეა, ფოტოგრაფიის მუზეუმი, კულტურფორუმი (წარმოდგენილია მე-13 საუკუნიდან დღემდე). ტექნიკური თემით დაინტერესებულებს ელოდებათ ტექნიკური მუზეუმი, ლიუფტვაფეს მუზეუმი ან თუნდაც რარიტეტული ავტოების Meilenwerk.

ისტორიულ მუზეუმებზე ცალკე უნდა ითქვას. მეორე მსოფლიო ომს და მის საშინელ მოვლენებს ბუნებრივია უამრავი კრებული ეძღვნება. კერძოდ, გდრ-ს მუზეუმი (5 ევრო), საგამომძიებო ციხე შტაზი „ხოენშენხაუზენი“ და მუზეუმი „შტაზი“ (ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დრონდელ უძლიერეს სპეცსამსახურებს), ებრაული მუზეუმი, ასევე ცენტრი „ტერორის ტოპოგრაფია“.

 

ვნებას აყოლილ ტურისტებს შეუძლიათ ეწვიონ ეროტიკის მუზეუმს, სექსუმცირესობებს ალბათ დააინტერესებთ ჰომოსექსუალურობის მუზეუმი.

 

ბერლინის კლუბები

ზომიერი ცხოვრების მიუხედავად, ბერლინელებს უყვართ და იციან გართობა.
პარასკევს ღამით კლუბში რომ შევლენ, კვირამდე აღარ გამოდიან. აქ რამდენიმე გამორჩეულ ბერლინულ კლუბს შემოგთავაზებთ.

 

კლუბი 90˚- სტუმრების გარეგნობას აქცევს ყურადღებას, ამიტომ კარგად ჩაცმული უნდა მიხვიდეთ.
მისამართი: Dennewitzstraße 37, Berlin

 

Boudoir – ადრე ფაბრიკა იყო. 80-იანი წლებიდან კი ის 20-იანი წლების სტილში გადაწყვეტილი სიმპატიური კლუბია.
მისამართი: Brunnenstraße 192, Berlin

 

Knaack – შესაძლოა ყველაზე პოპულარული კლუბიც კი იყოს ბერლინში. აქ ყველანაირ მუსიკას უკრავენ.
მისამართი: Greifswalder Straße 224, Berlin

Kumpelnest 3000 – ცნობილი დაწესებულებაა. სხვები რომ იკეტებიან, აქ მაშინ იწყება გართობა. ლამაზი დეკორაციებითაა მოწყობილი.
მისამართი: Lützowstraße 23, Berlin

 

Sage Club – ახალგაზრდებში პოპულარული ადგილია.
მისამართი: Köpenicker Straße 76, Berlin

 

2Be – ყველაზე მოდური დაწესებულების რეპუტაცია აქვს.
მისამართი: Ziegelstr. 23, Berlin

 

Icon – პატარა ლუდსახარშიდან დაიწყო და მუსიკალური მოდის კანონმდებლად იქცა.
მისამართი: Cantianstrasse 15, Berlin

 

K17 – ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბია, სადაც ასობით ადამიანი ეტევა.
მისამართი: Pettenkoferstraße 17a, Berlin

 

El Barrio – ლათინო ამერიკული მელოდიებისა და ცეკვების მოყვარულთათვის იდეალურია ადგილია.
მისამართი: Potsdamer Straße 84, Berlin

 

 

პოტსდამი

ქალაქი პოტსდამი ბერლინიდან 25 კმ-შია და ის ევროპის ერთ-ერთი არქიტექტურული ბრილიანტია. პოტსდამი 14 შესანიშნავი სასახლე გახლავთ ავისი მიმდებარე ულამაზესი პარკებით, არქიტექტურისა და კულტურის შედევრებიტ და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.

 

პოტსდამი ფაქტობრივად ბერლინის გარეუბანია და იქამდე მისვლა რთული არ არის. დედაქალაქიდან წახვალთ S-Bahn (ხაზი S7). ბერლინის BC ზონის ბილეთები პოტსდამშიც მოქმედებს.

მთავარი ტურისტული ხაზებია – ავტობუსი 695 და ტრამვაი 62, რომლებიც ცენტრალური რიკინიგზის სადგურიდან დადიან.

 

სასახლეები და პარკები

სან სუსი – სასახლე კომპლექსი, ფრიდრიხ დიდის საყვარელი რეზიდენცია. მე-18 საუკუნეშია აგებული და გერმანული როკოკოს ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობად მიიჩნევა. სასახლეს მიუყვება ულამაზესი ტერასები შადრევნებით, ორანჟერეა და რომაული აბანოები. შესვლა ფასიანია.

 

ყველას დაწვრილებით ვერ აღვწერთ, ძირიTადი სანახავი უბრალოდ ჩამოვთვალოთ:

ახალი სასახლე

სასახლე-ორანჟერეა

ახალი ბაღი

პოტსდამის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი

ლინდშტედტის სასახლე

გლინიკეს სასახლე

ბელვედერის სასახლე

ბაბელსბერგის სასახლე და პარკი

ნორმანების კოშკი

მარმარილოს სასახლე

 

პოტსდამის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია:

ძველი ბაზარი – ქალაქის გული, ერთ-ერთი უძველესი მოედანი, მე-19 საუკუნის ბაროკოს სტილის ტაძრით.

ნაუენის კარიბჭე

სამონადირეო კარიბჭე

ბრანდენბურგის კარიბჭე

გლინიკეს ხიდი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები