LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი თეორია არსებობს იმაზე, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ხეებით გატაცებული – რას წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“ მილიარდერზე

1635
Untitled design (96)

ნიუ-იორკ თაიმსში“ 17  იანვარს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე სტატია გამოქვეყნდა სათაურითხეებისადმი სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრაცია?  – ოლიგარქის უცნაური პარკი

მილიარდერი ექსპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისი კრიტიკოსების თქმით, იგი მაინც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს

მასალის ავტორი – ივან ნეჩეპურენკო დეტალურად იხსენებს დენდროლოგიურ პარკში ხეების  გადატანის ხმაურიან გზებს:

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„საქართველოს მცხოვრებლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სიურეალისტური სანახაობის მოწმენი გახდნენ: გიგანტური, მრავალსაუკუნოვანი ხეები შავ ზღვაში, ვერტიკალურად მდგომნი, მიცურავდნენ. დიდებული მაგნოლიები, ლირიოდენდრონები და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები, ხშირი ტოტებით, წყლის ზედაპირზე ერთგვარი პროცესიის სახით მოძრაობდნენ, რაც ერთდროულად პოეტურიც იყო და – გიჟურიც.

ხეები ბარჟებზე იყვნენ დამაგრებულნი და ბუქსირჩაბმულები იმ ახალ პარკში გადაჰქონდათ, რომელიც ექსცენტრიკულმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააშენა – ადამიანმა, რომელიც, ბევრი ქართველის აზრით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაუფლებას იმის მიუხედავად, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის მეტი ყურადღების დათმობის მიზნით.

პარკში, დაახლოებით, 200-მდე ხე იქნა გადატანილი, რომლებიც კავკასიაში მდებარე ქვეყნის – საქართველოს ღარიბი სოფლებიდან ფესვებიან-მიწიანად ამოთხარეს. ბიძინა ივანიშვილმა ზოგიერთი ხე პირადად შეარჩია.

ხეების ნაწილი პარკში ბარჟით მიიტანეს, ხოლო დანარჩენი – სატვირთო მანქანებით. ამისათვის მდინარეების კალაპოტები გააფართოვეს, რკინიგზაზე კი მატარებლებს გაჩერება მოუწიათ.

2020 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის პარკი საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. იგი მთავრობაში ოფიციალურ როლს არ ასრულებს, მაგრამ კრიტიკოსების თქმით, 65 წლის ბიძინა ივანიშვილს კულისებიდან ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს. „მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია და, რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილია“, – ამბობს მისი ყოფილი მოკავშირე გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გასული წლის თებერვალში გადადგა და განაცხადა, რომ მილიარდერის მხრიდან კონტროლი უკვე სულის მოთქმის შესაძლებლობას აღარ იძლეოდა.

 

შავი ზღვის პირას, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის ექსტრავაგანტურ გემოვნებას ასახავს: პარკში დაკლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებია, ტბაში ვარდისფერი ფლამინგოებია, ვარხვები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები… პროექტის მენეჯერის, პაატა სულაბერიძის თქმით, პარკი პირადად მილიარდერმა დააპროექტა. იქ შესვლა და დათვალიერება უფასოა. პარკის გაშენება მილიარდერს ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა – მან ეს ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ირგვლივ წარწერებია, რომ პარკი კერძო საკუთრებაა, ყველგან ვიდეოკამერებია დაყენებული, ხოლო ყოველ ხესთან გადაადგილების დამაფიქსირებელი დეტექტორებია დამონტაჟებული – „შეხედე, მაგრამ არ შეეხო“. იგივე წესი არსებობს გაზონების მიმართაც. დაცვა ყველას რუპორებით აფრთხილებს და წესრიგის დარღვევაზე სწრაფად რეაგირებს. და მაინც, ბევრი მნახველი ამბობს, რმ მათ პარკი ძალიან მოსწონთ.

„შესაძლოა, ვიღაც ამ ყველაფერს არასწორად მიიჩნევს, მაგრამ განა ცუდია, რომ ხეები პარკში დგანან? – ამბობს ნიუსია ჰომანი, – დიახ, ეს პარკი მან, ბიძინა ივანიშვილმა უპირველესად, თავისთვის გააშენა. როგორც ხალხი ლაპარაკობს, იგი აქ ყოველ დილით მოდის და იმ ენერგიას იღებს, რომელსაც ხეები გამოსცემენ“.

 

 

ბევრი თეორია არსებობს იმაზე, თუ რატომ არის გატაცებული ბიძინა ივანიშვილი ხეებით. ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება.

სალომე ჯაში, ქართველი კინორეჟისორი, ბიძინა ივანიშვილის „აკვიატებაში“ უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ბუნებისადმი სიყვარულს: „ჩემთვის ზღვაში მცურავი ხე ძალის გამოვლენის სიმბოლოს წარმოადგენს, სურვილის შესრულებას – ყველაფრის ფასად“, – ამბობს სალომე ჯაში, რომელმაც დოკუმენტური ფილმი გადაიღო პარკის გაშენების თაობაზე.

თავის მხრივ, პროექტის ხელმძღვანელი პაატა სულაბერიძე სალომე ჯაშის ნათქვამს უარყოფს. იგი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ, ხეები ძალიან უყვარს.

„ზოგიერთს არ ესმის და ვერ ხედავს, თუ როგორ ეხმარება იგი საქართველოს“, – ამბობს ბათუმელი ბიზნესმენი როსტომ ბოლქვაძე, რომელმაც პარკი დაათვალიერა.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები მას ფეოდალურ ლორდად თვლიან, რომელიც თავისი სიმდიდრის მცირე ნაწილს მოსახლეობაში არიგებს, მათი კეთილგანწყობის „ყიდვის“ მიზნით. ოპონენეტების აზრით, მისი პოლიტიკიდან წასვლა ფიქციაა და მეტი არაფერი: „ის არსად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში იგი ყველგანაა“, – ამბობს არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

 

მასალის სრულად ნახვა შეგიძლიათ The New York Times.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები