LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბი ბი სი“: კორონავირუსმა შესაძლოა, სმენის დაკარგვა გამოიწვიოს

121
page

ბრიტანეთის 45 წლის მოქალაქემ ახალი კორონავირუსის გადატანის შემდეგ სმენა ნაწილობრივ დაკარგა. ბრიტანელი ექიმების თქმით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, რომელსაც კორონავირუსს უკავშირებენ.

45 წლის მამაკაცს, რომელსაც ასთმა აქვს, ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს და გართულებული სუნთქვის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც გადაიყვანეს. პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 30 დღე იმყოფებოდა, იღებდა სხვადასხვა მედიკამენტებს, მას რამდენჯერმე გადაუსხეს სისხლიც.

მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გაწერეს. დაახლოებით ერთ-კვირაში მამაკაცს სმენა გაუუარესდა, მარცხენა ყურში ჯერ გამუდმებით ესმოდა შიშინი, შემდეგ კი სმენა დაეკარგა. ექიმების თქმით, ეს მდგომარეობა სასმენი ნერვის ან შუა ყურის დაზიანებით შეიძლება აიხსნას, რისი გამომწვევი მიზეზიც მხოლოდ კორონავირუსი შეიძლება ყოფილიყო.

პაციენტს სტეროიდული პრეპარატებით უმკურნალეს, თუმცა, სმენის ბოლომდე აღდგენა დიდი ალბათობით შეუძლებელია.

ბრიტანელი მედიკოსები კოლეგებს ამ მიმართულებით კვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, დროული ჩარევის შემთხვევაში სმენის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ვირუსის ერთ-ერთი სამიზნე შუა ყურიც შეიძლება იყოს, რადგან ფილტვების მსგავსად შუა ყურშიც არის განლაგებული უჯრედები იმ რეცეპტორებით, რომლებსაც ახალი კორონავირუსი ორგანიზმში მოსახვედრად უკავშირდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები