LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იღვიძებ, ლეპტოპს ხსნი და უკვე სამსახურში ხარ –  საწოლიდან მუშაობა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვნებს

80
workingfrombed

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია დაატყდა თავს, კომპანიების უმეტესობამ, რომელსაც საქმიანობიდან გამომდინარე ამისი შესაძლებლობა ჰქონდა, თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა. თუმცა ბევრი ადამიანისთვის სახლიდან მუშაობა ნელ-ნელა პირდაპირ საწოლიდან მუშაობამ ჩაანაცვლა. ერთი შეხედვით მარტივია – იღვიძებ, ლეპტოპს ხსნი და უკვე სამსახურში ხარ, საწოლიდან წამოდგომაც არ არის საჭირო. „ინსტაგრამი“ სავსეა ფოტოებით, რომლებსაც ჰეშთეგი #საწოლიდანმუშაობა აერთიანებს. ფოტოებზე პიჟამაში გამოწყობილი, ლეპტოპიანი ადამიანები გვიღიმიან ყავის ფინჯნებით ხელში. თუმცა ცხადია, ეს ჯანსაღი მიდგომა არ არის და როგორც აღმოჩნდა, ოფისის საწოლში გადმოტანა ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა გამოწვევაც საწოლიდან მუშაობას შეუძლია, უცბად არ გამოვლინდეს, ოდნავ მოგვიანებით ისინი თავს აუცილებლად შეგვახსენებს. პირველ რიგში, ეს ძალიან ცუდია სხეულისათვის. მთელი დღის განმავლობაში წოლა ადამიანის კისერზე, ხერხემალსა და ბეჭებზე, ასევე თეძოებზე ცუდად მოქმედებს. შესაძლოა ამ დროს მხედველობაც დაგიზიანდეთ. საზიანობა მთელი დღე ერთ პოზაში ყოფნაც, რადგან ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას იწვევს, რბილ ზედაპირზე მიყუდება და ცუდად მოქმედებს ხერხემალზე. საწოლიდან მუშაობამ შესაძლოა წონის მატება და მასთან დაკავშირებული არაერთი გართულება გამოიწვიოს.

ექსპერტების თქმით, პანდემიიის დროს სახლის პირობებში მუშაობისას შეძენილი ეს მავნე ჩვევები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აზიანებს, რადგან ისინი ამ ჩვევების დამანგრეველ ეფექტს მაშინვე არ გრძნობენ.

„ახალგაზრდები წამოწოლილები მუშაობენ კომპიუტერთან, მაგრამ ჯერჯერობით არც კისერი სტკივათ, არც წელი. ჯერჯერობით აქ საკვანძო სიტყვაა“ – ამბობენ მკვლევარები, რომელთა თქმითაც პირველი სიმპტომი, რომლის გამოც განგაში უნდა ავტეხოთ, თავის ტკივილია. თავის ტკივილს შეიძლება მოჰყვეს კისრის, ბეჭების და კუნთების ტკივილი, ასევე მხედველობის დაქვეითება, რადგან როგორც წესი, ლეპტოპის ეკრანი თითქმის არასოდესაა თვალების სიმაღლეზე მაშინ, როდესაც ადამიანი საწოლიდან მუშაობს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გამოწვევაც საწოლის ოფისად გადაქცევას შეუძლია, ძილის რეჟიმის მოშლაა. ნევროლოგ რეიჩელ სეილისის აზრით, რომელიც უძილობის პრობლემების მიმართულებით მუშაობს, ადამიანმა საწოლი მხოლოდ ძილის, სექსის და ავადმყოფობის დროს უნდა გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვინი მას ვეღარ აღიქვამს როგორც ადგილს, სადაც უნდა მოდუნდეს და დაისვენოს. სწორედ ამიტომაც იმ ადამიანებს, ვისაც უძილობა აწუხებს, სპეციალისტები ურჩევენ ნებისმიერი სხვა აქტივობა, მათ შორის ტელევიზორის ყურება ან ვიდეოთამაშებით გართობა საწოლის გარეთ განახორციელონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები