თუ როგორი ურთიერთობა ექნება მამაკაცს მის პარტნიორთან ეს მეტწილად დამოკიდებულებია მისი აღზრდის სტილზე. რა პრობლემებს ვაწყდენით ამ მხრივ ქართულ რეალობაში – ამ თემაზე „ფორტუნა“ ფსიქოლოგ ნინო ნიბლაძეს ესაუბრა.

ბიჭის აღზრდაში ყველაზე დიდი შეცდომა – ჰიპერმზრუნველობაა, რაც იწვევს ინფანტილურობის ჩამოყალიბებას. მამაკაცი ,,გაჭედილია” ბავშვის როლში, რომელზედაც დედამ უნდა იზრუნოს, თავად კი ,,დაისვენოს”. ასეთ დროს მისთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, კრიტიკულ სუტუაციებში აქვს უსუსურობის განცდა, არ იცნობს თავის საჭიროებებს,  შემდგომში ცოლისგან მოითხოვს დედობრივ ზრუნვასა და დამოკიდებულებას.

ასეთი მამაკაცი ხშირად არის ბუტია – ცოლმა უნდა გამოიცნოს, რა უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თვლის, რომ ცოლს არ უყვარს, რადგან მისთვის სიყვარულის გამოხატვა და დადასტურება ცოლისგან დედის ქცევების გამეორებაა, რაც შეუძლებელია და საქმე მიდის კონფლიქტამდე. ასეთი მამაკაცი ქალს ადანაშაულებს უყურადღებობაში, მის სიყვარულსაც კი ეჭვქვეშ აყენებს, შესაძლოა სიზარმაცეშიც დასდოს ბრალი.

საქმე იმაშია, რომ მამაკაცს თავის დროზე არ ასწავლეს, რა შედიოდა მის პასუხისმგებლობაში. ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებდა დედა ან ის მზრუნველი გარემო, სადაც გაიზარდა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მისი პასუხისმგებლიბის ,,ჩანთადაბადებიდან მუდმივად სხვას ეჭირა. რის გამოც პრობლემები ექმნება პარტნიორთან.

ინფანტილურობის დაგროვება იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, შემდეგ პროტესტს. ხშირად მამაკაცი მიმართავს მოკლე გზას და არასრულფასოვნების კომპლექსიდან პირდაპირ აგრესიაში ,,გადახტება”.

ურთიერთობაში პრობლემას ქმნის ის, რომ ინფანტილურობაში ,,გაჭედილი” მამაკაცი არის კაცი – ბავშვის როლში და პარტნიორში ძირითადად ეძებს ქალ-დედას.

ასეთი კაცისთვის ჩამოყალიბებულ, საკუთარ სურვილებში გაცნობიერებულ ქალთან ურთიერთობა რთული და თითქმის შეუძლებელი, რადგან მის მოთხოვნებს უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებს. ასეთი ქალისთვის კი ის საინტერესო ვერ იქნება.

მამაკაცის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს აღზრდის სტილი:

1.ავტორიტარულით(დირექტიულით) – ყალიბდება უნდობლობა, აგრესია, დაბალი თვითშეფასება, დათრგუნული ემოციები.

2.ლიბერალურით – იზრდება ნარცისისტული ხასიათის ტიპი და დამანგრეველია ურთიერთობაში პარტნიორისთვის. მისთვის ,,არა” არ არსებობს. დედა კი “ ყოვლისშემძლის” ფუნქციას ითავსებს. ცხადია, ასეთი მამაკაცი იგივეს მოითხოვს პარტნიორისგან.

3.ინდიფერენტული აღზრდის სტილი – ბავშვი ხდება მარტოსული, იზრდება ხშირად კრიმინალური მენტალიტეტის.
4.დემოკრატიული – აქ ზომიერია ყველაფერი. იზრდება თავდაჯერებული, მოსიყვარულე, პასუხისმგებლობის, სხვისი მოსმენის უნარის მქონე ადამიანი.

ბიჭის აღზრდაში მნიშვნელოვამია მამის როლი. მამისგან სწავლობს თუ როგორ უნა მოექცეს ქალს, როგორ უნდა მოუფრთხილდეს და სცეს პატივი.

რაც შეეხება მამაკაცის პასუხისმგებლობას  ამაზე ხშირად საუბრობენ ცოლები, პარტნიორები. ამას ვერასდროს ისწავლიან ჰიპერმზრუნველი მშობლების ბიჭები. ისინი რომც გამოეყონ და დამოუკიდებლობისკენ წავიდნენ , მშობელი მაინც რჩება ამ ფაზაში და მუდმივად განაგრძობს მის საზღვრებში შეჭრას.

მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს ურთიერთობაში ვის როლში გრძნობს თავს და რა როლს ითხოვს პარტნიორისგან, რადგან ჯანსაღი კომუნიკაცია შედგება ზრდასრულის ზრდასრულთან ურთიერთობით.

მნიშვნელოვანია წყვილს შეეძლოს  ერთმანეთის მოსმენა, იცოდნენ რა არის  ერთმანეთის საკონტაქტო, გამომხატავი ენა და ამ ენაზე ესაუბრნონ ერთმანეთს.

რაც შეეხება მშობელს – რეალიზებული, პირადი ურთიერთობის მქონე მშობელი არ ცდილობს იცხოვროს შვილის ცხოვრებით.  ის აძლევს და აჩვევს პირად სივრცეს ბიჭს. უცხადებს მეტ ნდობას და აჩვევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. ასეთი მამაკაცი ადვილად ახერხებს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას პარტნიორთან.

დღეს აუცილებელია ყველა ადამიანმა გაითავისოს თავისი როლი და არ მოხდეს ,,გაჭედვა” რომელიმე ეტაპზე. ჰიპერმზრუნველობას ჰიპომზრუნველობაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ინფანტილურობას აყალიბებს და მშობელზე დამოკიდებული ბიჭი რჩება ურთიერთობის ამ ფაზაში, ის დედას ჩაანაცვლებს ცოლით და მისგან ითხოვს ,,დედობას”. ამიტომ მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს თავისი როლი, რა როლს ითხოვს მეუღლისგან და რამდენად ჩახსნილია დედისგან ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობით.

თუ ბავშვობაში არ ასწავლეს თვითდახმარება, ის მოექცევა ურთიერთობის ,,ჩიხში” და შესაძლოა გაუჭირდეს ოჯახის შენარჩუნება. სწორედ ამ დროს დროულია ფსიქოთერაპევტის დახმარებით მოძებნოს საკუთარი რესურსები, შეივსოს დანაკლისები და მოძებნოს გამოსავალი.

 

მსგავსი თემები