LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენას“ დირექტორად ანი კავლელიშვილი დაინიშნა – როგორ ემზადებიან „აეროსმიტის“ დასახვედრად

694

შეკვეთილში მდებარე დარბაზის დირექტორად ახლახან ანი კავლელიშვილი დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე დიტო ბერიძე შეცვალა. მანამდე ანი ამავე დარბაზის ღონისძიებების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მოხარულია, რომ გააგრძელებს წარმატებით დაწყებულ საქმეს საუკეთესო გუნდთან ერთად.

„ბლექ სი არენა“ 20 მაისს ლეგენდარული როკჯგუფის, „აეროსმიტის“ დასახვედრად ემზადება. როგორც ანიმ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრისას განაცხადა, ჯგუფს საკმაოდ რთული ტექნიკური რაიდერი აქვს და კიდევ მთელი რიგი მოთხოვნებისა, რაც ვარსკვლავებს ახასიათებთ, თუმცა არაფერია ისეთი, რასთან გამკლავებასაც „ბლექ სი არენა“ ვერ შეძლებს.

ანი, „ბლექ სი არენას“ დირექტორად დაინიშნეთ?

დიახ, ასეა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს რეგიონში საუკეთესო საკონცერტო სივრცეა, ჩემთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა, რომ ასეთი დარბაზის ხელმძღვანელი გავხდი. გამოცდილებას, რომელიც წინა წელს „ბლექ სი არენაზე“, როგორც ღონისძიებების მიმართულების ხელმძღვანელმა მივიღე, წლევანდელი სეზონის წარმატებისთვის გამოვიყენებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა „ბლექ სი არენას“ საუკეთესო გუნდთან ერთად მომიწევს.

მიხარია, რომ პირველი წარმატებული სეზონის წყალობით, ჩვენმა დარბაზმა კარგი სახელი დაიმკვიდრა საერთაშორისო არენაზე, შოუბიზნესის წრეებში და საუკეთესო ნიადაგი შეგვიქმნა იმისთვის, რომ აქ გამოსვლა საინტერესო იყოს მაღალი დონის ვარსკვლავებისთვის.

გარდა ამისა, ჩვენი კიდევ ერთი მიზანია ამ სფეროში ჩენი გუნდის პროფესიული ზრდა, ამ მიმართულებით წელსაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ კიდევ მეტი ლიცენზირებული და კვალიფიციური კადრი შევძინოთ ქვეყანას.

20 მაისს მეორე სეზონს ლეგენდარული როკჯგუფის, „აეროსმიტის“ კონცერტით ხსნით.

20 მაისს „აეროსმიტი“ „ბლექ სი არენას“ ახალ საკონცერტო სეზონს გახსნის, რაც მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის – ეს ღონისძიება ახანგრძლივებს საქართველოს ტურისტულ სეზონს შავი ზღვისპირეთში. ვფიქრობ, ძალიან კარგი სტარტია და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მოსახლეობას.

გარდა ამისა, ვმუშაობთ მთელი სეზონის ლაინაფზე, ჩვენი დარბაზის სცენას დაიკავებენ როგორც ცნობილი ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები. შევეცდებით, ტურისტებისთვის შავი ზღვისპირეთში ყოფნა სასიამოვნო და სიურპრიზებით სავსე იყოს, გავაცნოთ მათ ქართული კულტურა, ასევე ვუმასპინძლოთ უცხოელ არტისტებსაც.

ჩვენთვის ცნობილია, რომ „აეროსმიტს“ ერთ-ერთი ყველაზე რთული მოთხოვნათა სია აქვს…

ზოგადად, ასეთი დონის ვარსკვლავებს, მოგეხსენებათ, აქვთ მოთხოვნათა სია, რომელიც სრულიად ლოგიკურია და უკავშირდება მათ შემოქმედებას და მსმენელის წინაშე კომფორტულ პირობებში გამოსვლას. მკაცრი მოთხოვნებია უსაფრთხოებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, „ბლექ სი არენა“ საუკეთესოდაა აღჭურვილი, მართალია, რთული რაიდერია, მაგრამ ორიენტირებულები ვართ მის სრულყოფილად შესრულებაზე და ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება.

როგორც იცით, „Aerovederci, Baby“ არ არის ერთი რიგითი კონცერტი, ეს „აეროსმიტის“ მსოფლიო გამოსამშვიდობებელი ტურნეა და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ამ ისტორიული კონცერტის მასპინძლები ვიყოთ. პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ და ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდით ვმუშაობთ მისიის შესრულებაზე. ვმუშაობთ იმისთვის, რომ დარბაზის მაყურებელმა საუკეთესო კონცერტი იხილოს და მოისმინოს (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები