LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლუმბერგი“: ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას მალავდა

301
chinakrnvrss

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს მალავდა , მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ცნობებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბლუმბერგმა“ აშშ-ის მთავრობის სამი წევრის განცხადებებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლებმაც ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენა ისურვეს, რადგან დაზვერვის მიერ წარდგენილი ანგარიში გასაიდუმლოებულია. თუმცა ცნობილია, რომ ანგარიში თეთრ სახლს დაახლოებით ერთი კვირის წინ წარუდგინეს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის მთავრობა განზრახ მალავდა სრულ სურათს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ჰუბეის პროვინციიდან, 2019 წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის ჩინეთში ვირუსის 81 554 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 3 312 ადამიანი. რაც შეეხება აშშ-ს, რომელიც ამ დროისათვის პლანეტაზე ეპიდემიის ყველაზე დიდი კერაა, ქვეყანას ამ წუთის მონაცემებით 215344 ინფიცირებული და 5112 გარდაცვლილი ჰყავს.

თეთრ სახლს ამ დრომდე აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, აშშ და მთელი მსოფლიო ბევრად უკეთ მომზადებული შეხვდებოდა ვირუსს, ჩინეთს თავის დროზე უფრო მეტი ინფორმაცია რომ მიეწოდებინა მათთვის. უფრო მოურიდებელი განცხადება გააკეთა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ სასმა. “ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკაში ახალმა კორონავირუსმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ჩინეთში. სიმართლე ის არის, რომ ჩინეთი ტყუოდა, ტყუის და გააგრძელებს ტყუილის თქმას რეჟიმის დასაცავად.” – განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, იმუნოლოგმა დებორა ბერქსმა კი განაცხადა, რომ ჩინეთში ვირუსის შემთხვევების აღრიცხვასთან დაკავშირებული გადაცდომების გამო მსოფლიო შეცდომაში იქნა შეყვანილი და ამან ხელი შეუშალა ადამიანებს ვირუსის ბუნების გააზრებაში და მის მიერ გამოწვეული საფრთხის სათანადოდ აღქმაში.

“ჩინეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩვენ დავასკვენით, რომ ეს ვირუსი სერიოზულია, თუმცა უარესიც ბევრი გვინახავს. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი თავიდანვე ჩვენს ხელთ არ იყო და ისინი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც ეპიდემიამ იტალიაში და ესპანეთში იფეთქა“- განაცხადა ბერქსმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები მონაცემების დაფარვაში ადანაშაულებენ. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რეალურ სურათს მსოფლიოს ირანი, რუსეთი და ინდონეზიაც უმალავენ. ცალკე შემთხვევაა ჩრდილოეთ კორეა, სადაც ამ დრომდე, ოფიციალური ცნობებით, არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოუწოდა გაუზიარონ სხვა ქვეყნებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და რაც შეიძლება გამჭვირვალედ აღრიცხონ მონაცემები ვირუსის გავრცელების შესახებ.

“ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ, უნდა ვიცოდეთ რა ხდება და გვქონდეს რეალური ინფორმაცია.” – აცხადებს პომპეო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები