აშშ-ში თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატი დაამტკიცეს. მედიკამენტი, სახელად Aducanumab გამორჩეულია იმით, რომ ის დაავადების სიმპტომების ნაცვლად მის გამომწვევ მიზეზებს ებრძვის.

Aducanumab წარმოადგენს  სამიზნე ამილოიდს, პროტეინს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებით დაავადებული პაციენტების ტვინის უჯრედების დაზიანებას აფერხებს. სწორედ ნეირონული დაზიანებები იწვევს  მეხსიერების და აზროვნების პრობლემებს, კომუნიკაციის პრობლემებს და დაბნეულობას, რაც ალცჰაიმერის დაავადების მთავარი სიმპტომებია.

ალცჰაიმერის დაავადება ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც  დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო უარესდება. ძალიან ხშირად ალცჰაიმერის დაავადება დემენციის განვითარებას იწვევს. დაავადების საწყისი სიმპტომი უახლოეს წარსულში განვითარებული მოვლენების დავიწყებაა, რასაც მოგვიანებით თან ერთვის დიზორიენტაცია, მეტყველების პრობლემები, ხასიათის ცვლილება და მოტივაციის დაკარგვა.

მიუხედავად იმისა, რომ „ადუკანუმაბი“ საკმაოდ იმედისმომცემი მედიკამენტია და მას უკვე „ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის“ ავტორიზაციაც აქვს, სამეცნიერო საზოგადოება ამ საკითხზე მაინც ორ ნაწილად არის გაყოფილი. მეცნიერების ნაწილი მედიკამენტს სკეპტიკურად უყურებს იმიტომაც, რომ 2019 წელს ჩატარებულ პირველ კლინიკურ კვლევაში მან საიმედო შედეგი ვერ აჩვენა და იმიტომაც, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ფასი ექნება პრეპარატს და ხელმისაწვდომი იქნება თუ არა იგი საყოველთაო მოხმარებისათვის.

თუმცა მეცნიერების მეორე ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან  პრეპარატმა მეორე კლინიკურ კვლევაში, დოზის გაზრდის შემდეგ გაცილებით კარგი შედეგები უჩვენა ალცჰაიმერთან ბრძოლაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დაავადების სამკურნალო ჯადოსნური პრეპარატი, ის არის პირველი მედიკამენტი, რომელსაც დაავადების პროგრესის პრევენცია და შეფერხება შეუძლია. ამას კი მეცნიერები უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.

 

 

მსგავსი თემები