LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველის წერილი ირლანდიელს – „ ცუდი ქართველი ჯერ არ მინახავსო…“

318
pctr-news

ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში დიდ ბრიტანეთში ცხოვრების პეროდს იხსენებს, როდესაც ირლანდიელი მამაკაცისგან სახლს ქირაობდა. მაიკლ რუდისადმი მიძღვნილი სამადლობელო წერილი

„მადლიერების მეორე და უფრო პრინციპული ამბავი:

შარშან ერთი წელი ბრიტანეთში ვცხოვრობდი და იმდენი კეთილი ადამიანი შემხვდა, მათ შორის 90% ქართველები, რომ მათ ვალს ვერასდროს გავისტუმრებ. მათ შორის ერთი კაცი იყო ბრიტანელი, რომლის ისტორია მოსაყოლია.

ოქსფორდში ცალკე ბინა რომ იქირავო მინიმუმ 1000, 1200, 1500 ფუნტი ჯდება ერთი თვე. ეს გამორიცხული ამბავია, ვერაფრით გადაიხდი. პირველი ორი კვირა ტატო ალექსიძის ნაქირავებ სახლში გავჩერდი და მერე თვენახევრით გადავედი ჩინელ სახლის მეპატრონესთან, ერთ ოთახს (“კოიკას” რომ იტყვიან, ყოველგვარი სამზარეულოსა და აბაზანის გარეშე) თვეში 520 ფუნტად ვქირაობდი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მწარე თვენახევარი იყო ჩემ ცხოვრებაში. ბრიტანეთში უჩვეულოდ ცივი ზამთარი იდგა, ტემპერატურა მინუს 5-6 გრადუსამდე ეცემოდა და ამ დროს ეს გარეწარი თიშავდა გათბობას. როცა სახლში არ იყო მაშინაც თიშავდა. ამაზე არაერთი შეხლა-შემოხლა მოგვივიდა. ერთ-ერთი ასეთი გათიშვისას მილში წყალი გაიყინა და საერთოდ ვეღარ რთავდა. საერთო აბაზანაში, საერთო სამზარეულოში თუ ნებისმიერ საერთო სივრცეში შესვლისას რომ მტრულ დამოკიდებულებას ხვდები… ცხადია, ვერ გავუძელი (ვინ გაუძლებდა) და თვენახევარში გამოვიქეცი, არც ვიცოდი, სად მოვდიოდი, ქუჩაში ძილი ჯობდა იქ ყოფნას. ისევ ტატო დამეხმარა, მეო ოქრო სახლის მეპატრონე შემხვდაო (სადაც პირველი ორი კვირა ვიცხოვრე), მთელ სამსართულიან სახლს 300 ფუნტად მაქირავებს (ეს კომუნალურების ფულია ფაქტობრივად, მეტი არა) და იქ შედი, მე მაინც იშვიათად ვარ ოქსფორდშიო (ეს მადლი შეიყვანს ტატოს სამოთხეში:)))).

ტატოს ქირა აგვისტომდე ჰქონდა გადახდილი, გავიყავით გადასახადი და შევედი. მეპატრონე და ამ პოსტის ადრესატი იყო 75 წლის მოხუცი ირლანდიელი კაცი მაიკლ რუდი.

მარტოხელა კაცი, გვიან დაქორწინებული, უშვილო, ცოლი ბერძენი ყავდა და ის ქალი საბერძნეთში ცხოვრობს. იყო მაიკლი მარტო, ცხოვრობდა იმავე ქუჩაზე, ორასიოდე მეტრში. მეო ცუდი ქართველი ჯერ არ მინახავსო. ვიყავი მეფესავით მარტო ამ სამსართულიან სახლში, თუ ვინმეს ფეხი დაუცდა თბილისიდან ოქსფორდამდე ყველა ჩემთან რჩებოდა. შემოივლიდა ხოლმე მაიკლი, ხან საჭმელი მხვდებოდა დატოვებული სამზარეულოში, ხან ჭურჭლის სარეცხი, ხან წიგნს მაჩუქებდა. მერე ერთი პალტო, მეორე პალტო და ა.შ. ამ ყველაფერს ახლდა ჩემი უკიდურესი და გულწრფელი აღშფოთებები, წინააღმდეგობები, მაგრამ ძალიან ჯიუტი კაცი იყო მაიკლი. ვერ აჯობებდი და თუ აჯობებდი, ეწყინებოდა.

კონფერენციაზე რომ მივდიოდი საზღვარგარეთ, ორი ნაჭერი ძეხვი ან ყველი დამრჩებოდა ხოლმე მაცივარში, რამდენიმე დღეში ჩამოსულს მაცივარში მხვდებოდა წერილი და 15 ან 20 ფუნტი. წერილში ეწერა, პროდუქტები რომ არ გაფუჭებულიყო, მე წავიღე, სამაგიეროდ, გიტოვებ მის ფულსო. ორ ნაჭერ ძეხვში 15 ფუნტს “მიხდიდა”:)))) რეალურად კი მამასავით ზრუნავდა, ძეხვი მხოლოდ მიზეზი იყო. სულ მეკითხებოდა, ფული ხომ არ გინდა, რამე ხომ არ გჭირდება და ა.შ.

სექტემბრიდან მთლიანად გადავიბარე სახლის ქირაობა. მოდის მაიკლი და მეუბნება, ახლა რადგან მარტო შენ იხდი, თვეში 200 ფუნტი მომეციო. ოქსფორდში ამ ფასად ორ ღამეს ვერსად გაათენებ, მაინც რომ ვიცოდეთ. ეს იგივეა, საბურთალოზე ვინმემ ოროთახიანი 100 ლარად “მოგაქირაოთ”, თავად გადაიხადოს დენი, გაზი, წყალი, ინტერნეტი და თან ყველაფერი ის გაგიკეთოთ, რაც ამ წერილში წერია. ეს სიმბოლური ორასი ფუნტიც ჩემი ნაწილობრივი სინდისის დამშვიდების იყო, თორემ უკან ბევრად მეტს მიბრუნებდა. მე მაინც მივეცი სამასი, ასი უკან დამხვდა დაბრუნებული. კაი წამო მაშინ რესტორანში წავიდეთ-თქო. იმედი მქონდა, სინდისს ოდნავ გავისუფთავებდი რესტორანში ასი ფუნტის დახარჯვით. კაიო, მარა იქაც ატყდა ამბავი და არ გადამახდევინა.

ერთხელ მოვიდა სახლში, ბლენემის სასახლეში სტალინზე ლექცია ტარდება და ბილეთები გიყიდე, მანქანით წაგიყვანო. კაცო, ეკითხა მაინც, მეცალა თუ არა, ან ეგებ არც მაინტერესებდა, მარა ჯიუტი იყო-თქო:))) ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა.

სულ დარდობდა, უცოლშვილოდ რომ ხარ აქ, ეგ რანაირად გამოვაო. მე ოქსფორდში დაბრუნების შანსი მქონდა (ახლაც მაქვს, დრო თუ მექნა) და ერთხელ მოდის ფურცლით ხელში. მეუბნება ტექსტს:

მე გადავწყვიტე, რომ შემდეგზე ცოლ-შვილთან ერთად ჩამოხვიდე მთელი წლით. სახლში არაფერს გადაიხდი. ამ ფურცელზე წერია შენ რას იხდი და მე რასო:

– წყალს ვიხდი მე (ანუ მაიკლი)

– დენს ვიხდი მე

– ინტერნეტს ვიხდი მე

– გაზს ვიხდი მე

– საჭმელს ყიდულობ შენ (ანუ ბექა, თავისივე ოჯახისთვის)

– ბავშვის ბაღის ფულს იხდი შენ.

ახლა წამოდიო, აქ ახლოს საბავშვო ბაღი ვიცი და ვნახოთ, თუ მოგეწონებაო:)))) ვდგავარ და ვუყურებ გაშეშებული, აქაც არაფერი მკითხა 😀 აღარ ვიცი, რა ვუთხრა…

მერე გადაწყდა, რომ 2019 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში მოვდიოდი სამუშაოდ. ამაზე ანერვიულდა, არაფერი დაგემართოსო. მოვიდა და არსებითად მესაუბრა, რატომ მიდიხარო? მე ვთქვი, ცოტა კაპიტალი მინდა დავაგროვო. რამდენის დაგროვებას ფიქრობო? ვუთხარი. კაიო, მე მოგცემ მაგ ფულს და არ წახვიდეო. გასესხებო კაცოო და როცა გინდა, დამიბრუნეო. ცხადია, უარზე წავედი. მარა ეს ხო ჯიუტია. მოვიდა ერთ კვირაში, ერთ მოხუც კაცს ველაპარაკე შენზე, ბევრი ფული აქვს და იმას უნდა, რომ გასესხოსო. არავითარი “ვიღაც მოხუცი კაცი” არ ყოფილა, თვითონვე იყო ის კაცი. ისევ უარი ვუთხარი. ჩემი ანგარიშის ნომერი რომ სცოდნოდა, მეტი საქმე არ ჰქონდა, ჩემთვის ეკითხა, მოეცა თუ არა ის ფული:))))

ოქტომბერში ჩემი დაბადების დღე მოდიოდა. აუსრულებელი ოცნება მქონდა, დერბისთან ახლოს ლორდი კერზონის სასახლე, მამული და საძვალე მენახა. რაც მე კერზონზე მიწერია, არ შეიძლებოდა, ერთი წელი ბრიტანეთში მყოფს ეს არ მენახა. ტრანსპორტით ერთ დღეში ჩასვლა, ნახვა და ჩამოსვლა ვერაფრით ხერხდებოდა. ორდღიან ტურზე მეგობრების დაპატიჟების ფული არ მქონდა. ისევ მაიკლს ვთხოვე, საწვავი ჩემი, რესტორანი ჩემი, სასახლეში შესასვლელი საშვების ფული ჩემი და მანქანა შენი-თქო. გერმანიიდან Georg Astamadze და ლონდონიდან Erekle Shubitidze მყავდნენ სტუმრად. წავედით. ცხადია, არც ბენზინის ფული გადამახდევინა და არც სასახლეში შესასვლელი საშვის ფული. დღის ბოლოს რომ დავბრუნდით, ოქსფორდში რესტორანში უნდა დავმსხდარიყავით ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად. დაპირებული იყო, მეც წამოვალო, მაგრამ რომ ჩამოვედით მოიმიზეზა ცუდად ვარ, დავიღალეო. რეალურად კი მესიჯი იყო, “თქვენ ყველა ქართველები ხართ, ილაპარაკებთ თქვენ ენაზე, ახალგაზრდები ხართ და უჩემოდ უფრო იმხიარულებთo”. აი, ასეთი კაცი იყო. მიუხედავად ყველაფერი ზემოთქმულისა, არც ერთხელ არაფერი უთხოვია. დღეში ერთხელ მაქსიმუმ 20 წუთით შემომივლიდა, გამომელაპარაკებოდა, ხომ არაფერი გიჭირსო და მერე წავიდოდა, ახლა შენ მუშაობ კვლევაზე და არ გცალიაო.

ჩემი მხრივ ვგეგმავდი მისი და მისი ცოლის საქართველოში ჩამოყვანას, როცა კონფერენცია მიწევდა ხოლმე თბილისში, თითო ბოთლ სარაჯიშვილ XO-ს წამოვუყოლებდი (ძალიან უყვარდა) და სულ ეგ იყო.

ახლა შეიძლება იფიქროთ, რომ მაიკლმა მე მიშვილა და ამიტომ იყო ასეთი. არა. აგვისტოში ბერძენი მეცნიერების ოჯახი ჩამოუვიდა სტუმრად, სულ რომ არ ყოფილან მასთან კავშირში და მის ცოლსაც არ იცნობდნენ ისეთი. მე ის თვე მაიკლის სახლში გადავედი, ეს ოჯახი კიდე “ჩემს” სახლში ცხოვრობდა სრულიად უფასოდ ერთი თვე. ჩემამდე ტატო ალექსიძეც ხო ფაქტობრივად უფასოდ (მიზერულ ფასად) ცხოვრობდა მასთან. მე რომ ოქსფორდიდან წამოვედი, ჩემ მაგივრად ჩავიდა ირინა ლობჟანიძე. მასაც ერთი წელი უნდა ეცხოვრა მაიკლთან. დახვდა მაიკლი იმავე პირობებით, იმავე სიყვარულით, იმავე ზრუნვით… ერთად ვხუმრობდით, ეს სახლი ოქსფორდელი ქართველი სტუდენტების რეზიდენცია იქნება, ყველა აქ დარჩება ხოლმეო.

დიდი სიყვარულით დავემშვიდობეთ ერთმანეთს 2019 წლის 20 იანვარს. მაიკლი ტექნიკასთან მწყრალად მყოფი 75 წლის კაცი იყო. არ ცნობდა იმეილს, კომპიუტერს და არაფერს ელექტრონულს. ყველა საქმეს ფოსტით და წერილებით აგვარებდა. ლუჰანსკში ფოსტა არ მუშაობს-თქო ვუთხარი, მაგრამ დავპირდი ყოველ თვე ირინას გამოვუგზავნი ვრცელ წერილს, ამოგიბეჭდავს და მოგიტანს-თქო. გავუგზავნე თებერვალში, მერე მარტში. როგორც ირინა მეუბნებოდა, დადიოდა და ღიმილიანი სახით იმეორებდა “ბექა გულწრფელი კაცია, ბექა გულწრფელი კაცია…” (Beka is an honest man).

და შემდეგ მოდის ირინას წერილი “ბექა, მაიკლი აღარ არის”. ბიბლიოთეკიდან მოსულს, სახლში გულის შეტევით გარდაცვლილი დახვედრია. “გავმწარდი”, ალბათ ყველაზე სწორი სიტყვაა. გავმწარდი და ვეღარ გამოვედი, ვერ მოვინელე. აღარც ბრიტანეთის ვიზა მქონდა და ასე უცბად ვერც გავაკეთებდი, არც შვებულება მქონდა. მოკლედ, დასაფლავებაზე ვერ ჩავედი.

ბერძენი ცოლის მოყვანის შემდეგ მართლმადიდებლად მოინათლა, ბერძენ მღვდელს წესი აუგია, მისი მეგობრები შეკრებილან და ერთ-ერთმა მეგობარმა ამ ყველაფრის სურათები გამომიგზავნა.

მაისში, როგორც იქნა, ჩავედი ბრიტანეთში და ამ მეგობარს ვთხოვე, საფლავზე გამიყვანე-თქო. გაგვიყვანა მე და ჩემი მეგობარი ერეკლე, მივიტანეთ ყვავილები და მერე რომ იტყვიან, “თავიც წავუქციეთ”. არც ერთხელ არ ჩავალ ბრიტანეთში ამ საფლავზე მიუსვლელად. შეიძლება ასჯერ იცხოვრო ადამიანმა და ვერასდროს გაიცნო ისეთი კაცი, როგორიც მაიკლ რუდი იყო, “ჩემი მაიკი”, ასე ვეძახდი.

ალბათ, არაფერი საინტერესო არ არის უცნობ კაცზე ამხელა პოსტის კითხვა, მაგრამ სულ რომ არავინ წაიკითხოს, მე უნდა დამეწერა. მადლიერების გრძნობას საიდუმლოდ ვერ შეინახავ. მაიკლი კიდე ცნობილი მოღვაწე არ ყოფილა, მისდამი მიძღვნილ საღამოზე ან ცნობილ ჟურნალში რომ მეთქვა ეს. მე და ღმერთმა ვიცოდით ჩემი და მისი ისტორია. ახლა უკვე თქვენც იცით.

პ.ს. სურათებს ვერ იტანდა, ვერ გადაუღებდი. ამ სურათშიც, ფაქტობრივად, კადრში მოხვდა. ჩემი დაბადების დღეა და ლორდი კერზონის სასახლეში ვართ, კედლსტონ ჰოლში. სულ მარჯვნივ, ქუდით და სათვალით არის მაიკლი. ეს მეორე სურათი კი მისი საფლავია. ოქსფორდში, ბოთლი როუდზე არის პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა სასაფლაო. 2/3 ის ჯარისკაცები არიან, 1/3 სამოქალაქოები და მაიკლიც იქ დაუსაფლავებიათ. ჩემთვის ყველაფერი საყვარელი ისტორიის ამ პერიოდს რომ უკავშირდება, არც მაიკლმა დამირღვია ეს ბმა:))“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები