LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრონქიტი ზამთრის პერიოდში ყველაზე ხშირი დაავადებაა – რჩევები დაავადებასთან გასამკლავებლად

ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირი დაავადება – ბრონქიტია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ყარამან ფაღავა, “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ბრონქიტი ხშირია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში, თუმცა პროფესორი ხაზს უსვამს, რომ დაავადების პროგნოზი განსხვავებულია, ბავშვებში იგი უხშირესად მწვავე დაავადების გამოვლინებაა, მოზრდილებში – არაიშვიათად ქრონიკულ ხასიათს ატარებს.

ყარამან ფაღავა დაავადების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და მკურნალობის საუკეთესო გზებს გვთავაზობს.

– რა არის ბრონქიტის გამომწვევი მიზეზი და რომელ სეზონზე ვლინდება დაავადება ყველაზე ხშირად?

– ბრონქიტი წელიწადის ყველა დროს გვხვდება, მაგრამ მისი სიხშირე განსაკუთრებით მატულობს შემოდგომის ბოლოს, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე. ბრონქიტის განვითარებას, პირველ რიგში,  ხელს უწყობს გაუკაჟებლობა, როდესაც, მაშინ უბრალო გაციებაც კი აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. სხვადასხვა ინფექცია, ეს იქნება ვირუსები, ბაქტერიები, მიკოპლაზმები, ბრონქების ანთებას იწვევს. ზამთრის პერიოდში ძალიან ხშირია წვრილი ბრონქების ანთება, რომელსაც ჩვენ ბრონქიოლიტს ვუწოდებთ. იგი ვლინდება ჩვილ ბავშვებში, საკმარისად მძიმედ მიმდინარეობს, ზოგჯერ უბრალოდ ინჰალაციაც კი შველის, უწამლო ინჰალაცია, ორთქლით მკურნალობა, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის და უფრო ძლიერი პრეპარატებია საჭირო.

– როგორ მიმდინარეობს ბრონქიტი მოზრდილებსა და ბავშვებში?

– ბრონქიტი, რასაკვირველია, ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოზრდილებში – შედარებით უფრო მსუბუქად. მეორე მხრივ, მოზრდილებში ამის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი არის თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს მწეველებში დაავადება ლამის ქრონიკულიც იყოს, აღარ ვსაუბრობ ტუბერკულოზზე. გარდა ამისა, ბრონქიტი შეიძლება იყოს ზოგიერთი მძიმე თანდაყოლილი დაავადების გამოვლინებაც. პირველ რიგში, ეს არის მუკოვისციტოზი, ანუ კისტოფიბროზი, ეს დაავადება თავისთავად იშვიათია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამასაც თავისი წვლილი შეიძლება შეჰქონდეს. ბრონქების დაზიანება შეიძლება, გამოწვეული იყოს ალერგიით. დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა არის ბრონქული ასთმა, მაგრამ, ასევე, შეიძლება იყოს ე.წ. ობსტრუქციული ბრონქიტი, ანუ ალერგიული ბრონქიტი. ერთი მეორეს ძალიან ჰგავს, დიფერენციაცია საკმაოდ რთულია. მოზრდილ ადამიანებში კი გვაქვს  – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, როდესაც ბრონქები ვიწროვდება და ეს პროცესი შეუქცევადია. ბრონქული ასთმის დროს, კარგად მკურნალობის შემთხვევაში, ცვლილებები შექცევადია.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს კი – შეუქცევადია და თანდათანობით სულ უფრო უჭირს ადამიანს, მერე უკვე გულის დაავადებაც ვითარდება. ესე იგი, ბრონქიტი ბავშვებში უფრო ხშირია, შესაძლებელია, მწვავე პერიოდში უფრო მძიმედაც მიმდინარეობდეს, მაგრამ პროგნოზი უფრო კარგია. საჭიროა გაკაჟება, სრულყოფილი მკურნალობა; მოზრდილებში – ზოგჯერ მას შეიძლება ქრონიკული ხასიათი ჰქონდეს, შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება. საბედნიეროდ, ბავშვები ძალზე იშვიათად (ეს მაინც მოზრდილების დაავადებაა) კიდევ ბრონქოექტაზიურ დაავადებასაც ვხვდებით. ეს ნიშნავს, რომ ქრონიკული ბრონქიტის დროს ბრონქების სანათური ფართოვდება, პარკების მსგავსი რამ ვითარდება, სადაც ჩირქი გროვდება, და ეს ძალიან ძნელი სამკურნალოა.

– თქვენ ახსენეთ ინჰალაციაც. როგორ უნდა ჩავატაროთ ინჰალაცია სწორად სახლის პირობებში?

– ინჰალაციები ბრონქიტისა და ბრონქიოლიტის დროს პირველი მკურნალობაა. ინჰალაცია შეიძლება იყოს მარტივიც, წამლის გარეშე და შეიძლება – წამლითაც. წამლის გარეშე – ეს ნიშნავს ფიზიოლოგიური ხსნარით, ან ნატრიუმ ქლორის ოდნავ მომატებული კონცენტრაციის ან სოდის ხსნარით ინჰალაცია. ინჰალაცია შეიძლება იყოს ცივი, აპარატის მეშვეობით, შეიძლება უშუალოდ ორთქლით, ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს ვუმატებთ რამდენიმე ჩაის კოვზ სოდას, ან მარილს, პაციენტს ასე ვასუნთქებთ ერთი-ორი წუთის განმავლობაში.

– რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, რამდენად გაუწევთ მკურნალობის ამ მეთოდს რეკომენდაციას?

– საერთოდ, ორი პრინციპი არსებობს: ერთი არის, რომ პაციენტს მივცეთ ამოსახველებელი საშუალება. ამოსახველებელს ვაძლევთ იმისათვის, რომ ბრონქებში ე.წ. „საცობები“ არ შეიქმნას და მდგომარეობა კიდევ არ გაუარესდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამოსახველებლები 1.5 – 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ ინიშნება იმიტომ, რომ ბავშვებს უჭირთ ამოხველება და გაუმჯობესების მაგივრად სიტუაცია უარესდება. მკურნალობის მეორე გზა არის ხველის დამაწყნარებელი. ჩვეულებრივ, ამ მეთოდს ვიყენებთ ღამის საათებში, როცა ავადმყოფი ღამით ვერ იძინებს შემაწუხებელი მშრალი ხველის გამო.

– ინიშნება თუ არა ბრონქიტის დროს ინექციური მკურნალობა?

– ასეთ პაციენტებში, როგორც წესი, ნემსი არ ინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა 40%-50% შეიძლება ბაქტერიებით იყოს გამოწვეული,  ანტიბიოტიკები (როგრორც დასალევი, ასევე ნემსის სახით), როგორც წესი, არ გამოიყენება. მე არ ვსაუბრობ ბრონქოექტაზიურ დაავადებას, ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკები წამყვანია, ჩვეულებრივი, ბანალური მწვავე ბრონქიტის დროს ჩვენ ანტიბიოტიკები არ გვჭირდება, ველოდებით, რომ ორგანიზმი მას ანტიბიოტიკების გარეშე მოერევა.

– როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?

– ორი გზა არის: ერთი უწამლო – მაქსიმალური გაკაჟება, ხელ-პირის ცივი წყლით დაბანვა. ფეხებზე ცივი წყლის გადავლება, ტანის დაზელვა სველი პირსახოცით, ცივი შხაპი (ეს საუკეთესო გზაა); ასევე მტვრიან და დაბინძურებულ ადგილებს უნდა მოვერიდოთ. პროფილაქტიკის მიზნით, ძალიან კარგია მთაში ასვლა. მთაში უფრო მშრალი ჰაერია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლის და, ასევე, ალერგოგენების კონცენტრაცია დაბალია. რაც შეეხება წამლებს, აცრებს, პროფილაქტიკა ამ გზითაც შესაძლებელია, იმუნიტეტის გაზრდა მათი მეშვეობითაც შესაძლებელია.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები