LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჟუაზიული ტიფლისი: ძველი თბილისის სადარბაზოები, რომლებიც მუზეუმს ჰგავს

3384
FORTUNA.GE (4)

ძველი თბილისური არქიტექტურა, უკვე არაერთ საუკუნეს ითვლის. მას გამორჩეულს, მიმზიდველს და საინტერესოს მისი ორნამენტები, ჩუქურთმები და  ქანდაკებები ხდის. თბილისის განსაკუთრებული სილამაზე მის დეტალებშია. მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებსა და არქიტექტურას უფრო დეტალურად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ჯერ კიდევ წინა საუკუნებიდან მოყოლებული, ერთდროულად ევროპულ და აზიურ სტილს ვუერთდებით.

ძველი თბილისის სადარბაზოებს, ძირითადად აღმაშენებლის, სოლოლაკისა და ვერის უბნებში შეხვდებით. თბილისური არქიტექტურის ინდივიდუალურობა, მის საიდუმლოებებსა და დეტალებშია. სახლების გარე ფასადები კონტრასტულ შიდა სივრცეს მალავს. სანამ ძველ უბნებში, ძველი სახლის კარს შეაღებთ, რთულია პროგნოზირება, თუ რა შეიძლება დაგხვდეთ შიგნით. აქ შესაძლოა ევროპული, აზიური ან თუნდაც შერეული სტილის სამყაროში მოხვდეთ.

მოხატული სადარბაზოები, ძველი თბილისის განუყოფელი და ორგანული ნაწილია. ბევრ სადარბაზოში, შესაძლოა ნახატები არასრული რაოდენობით დაგხვდეთ, რადგან ქვეყანაში კომუნისტურმა წყობამ და სიძველემ თავის კვალი დაამჩნია. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო თბილისური ეზოების, სადარბაზოებისა და ფასადების რემონტი, რადგან ქართული კულტურა და მისი კვალი მაქსიმალურად ყოფილიყო წაშლილი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ზოგიერთი სახელოვნებო ნამუშევარი და ძველი თმისი სიცოცხლე  ზოგიერთ სადარბაზოში დღემდე შემორჩენილია.

დავით აღმაშენებლის გამზირზე გავლისას განსხვავებული შეგრძნებები დაგეუფლებათ. სხვადასხვა სტილის შენობებით, აქ თითქოს რამდენიმე საუკუნე ერთად არის თავმოყრილი. მე-19 საუკუნიდან თბილისში ახალი ეპოქა იწყება. არქიტექტურა, ფასადები, ეზოები და სადარბაზოები ნელ-ნელა ევროპულ იერსახეს იღებს. ისინი კარგად გამოხატავენ იმ პერიოდის ბურჟუაზიული სტილის ცხოვრებას.

ეს არც ლუვრია და არც ვერსალი. ეს  თბილისია, აღმაშენებლის #93.

3-სართულიანი, მოჩუქურთმებული სახლი, რომელის ფასადიც უხვად არის შემკული დეკორით, ყვავილების გირლიანდებით და ანგელოზების ქანდაკებებით. შენობა მე-19 საუკუნის ბურჟუაზიული თბილისის ნიმუშს წარმოადგენს.

 

 

სახლი 1904 წელს აშენდა. მისი მფლობელი ვაჭარი ყალუბა აბაზოვი იყო.  სადარბაზო განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ის ამ შენობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.  მოხატულობა აზერბაიჯანში მოღვაწე იტალიელ ხელოვანს ბენო ტანინგლატერს ეკუთვნის, რომელიც არაერთი საოპერო თეატრის  მხატვრობის ავტორია.
სადარბაზოში 6 სურათია დახატული. სხვადასხვა კონტინენტებს – აზიას, აფრიკას, ავსტრალიას, ამერიკას და ევროპას გამოხატავს. სურათებში ადამიანთა ყოფა-ცხოვრებაა ასახული. ისევე როგორც კედლები, ჭერიც  მოხატულია და მასზე ვარდებსა და გვირილებს შორის მყოფი ანგელოზებია გამოსახული.

 

 

 

აღმაშენებლის ქუჩაზე კიდევ ერთ ლამაზ ნაგებობას შეხვდებით, რომელიც ბაქოელ ვაჭარს და ნავთობ მწარმოებელს ნიკიტა ადანოვს ეკუთვნოდა. სახლს 2 სადარბაზო აქვს, ორივე განსხვავებული. პირველ სადარბაზოში ნათელი და ღია ფერებით მოხატული კედლები დაგხვდებათ, ხოლო მეორე სადარბაზო ბერძნული მოტივებითაა შესრულებული.

 

 

ასევე თვალსაჩინოა წინამძღვრიშვილის #39-ში მდებარე უძველესი, სადარბაზო. როგორც ისტორია გვკარნახობს, სახლი ერთ-ერთ სომეხ ვაჭარს ჯაგეტიანს ეკუთვნოდა, რომელსაც 2 ბიჭი ყავდა. სწორედ ამიტომ ჯაგეტიანმა  ერთ ეზოში 2 იდენტური სახლი ააშენა, რომლებიც აივნებითა და შიდა ნაწილით ერთმანეთზეა გადაბმული. სადარბაზოში შესვლისთანავე აუცილებლად დაინახავთ მოხატულ კედლებს, პირველ სურათზე კი თავად ჯაგეტიანია გამოსახული, რომელმაც სიღარიბეში დაიწყო ცხოვრება. ნამუშევრებზე მისი ისტორიაა გამოსახული, „სიღარიბიდან გამდიდრებამდე“. შენობის ყოველ სართულზე სხვა და სხვა სტილის და მოხატული კიბის ქვედა ნაწილიც შეგხვდებათ.

 

ასათიანის #58. თბილისური სადარბაზოების ტიპიური ნიმუშია. არა მარტო სტილისტურად, არამედ მისი ფიზიკური მდგომარეობითაც. ამ სადარბაზოში შაბლონურ მხატვრობას შეხვდებით. შაბლონური ტიპის მხატვრობა გაჯით ნალესებზეა შესრულებული. ხოლო მხატვრობა ბუნებრივი საღებავებით  – ცარცისა და კირის ბაზაზეა დამუშავებული. ამ სადარბაზოს კომპოზიციური გადაწყვეტა, დეკორატიული მხატვრობით შემოიფარგლება.

 

ქიქოძის #9. თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული სადარბაზოა, რომელსაც უნიკალური არქიტექტურა აქვს. ეს სადარბაზო 20-ე საუკუნეში საბჭოთა წყობის მსხვერპლი გახდა. კომუნისტურ რემონტს ამ სადარბაზოს კედლებიც შეეწირა, განადგურრებულია და მთლიანად გადაღებილია მხატვრული ნამუშევრები. თუმცა გადარჩენილია ჭერი. რომელზეც ბუნებრივი საღებავებით შესრულებული დახვეწილი შაბლონური ნახატები გვხვდება.

წინა საუკუნის თბილისური შენობები და მათი სადარბაზოები, იმ პერიოდის ბურჟუაზიული სამყაროს წარმომადგენლების ცხოვრებას უსვამს ხაზს. სწორედ ამაშია მათი ღირებულებაც. გადაურჩა არაერთ სირთულეს, კომუნიზმს, დროს, რასაც დღეს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები