LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი, ქვეყანაში კურიოზი ხდება, გაოგნებული ვარ…

159
1

“ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი.” – ამ განცხადებით ეხმიანება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე ჯანდაცვის სექტორმა 65 %-იან აცრას მიაღწიოს, ამის მიუხედავად კი დღიური აცრის მაჩვენებელი 3-4 ათასია:

“ვაქცინაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში კურიოზი ხდება. გაოგნებული ვარ. ვინმეს რომ ეთქვა ეს ჩემთვის და მე არ ვიყო ამ პროცესში ჩართული, არ დავიჯერებდი. ქვეყანაში გვაქვს სამი ათასი ახალი შემთხვევა, შევამსუბუქეთ რეგულაციები, გვაქვს 30-დან 40-მდე გარდაცვალების შემთხვევა, გვაქვს სამი მილიონი ვაქცინა, გვაქვს უნიკალური ქსელი აცრების მისაწოდებლად და ამ ფონზე დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი.

დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 %-იან აცრას. ჩვენ სულ 20 % გვყავს სრულად, ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 % ჰყავს სამჯერ აცრილი. საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან? წირავენ სასიკვდილოდ. პირდაპირ საბოტაჟს უწევს მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს.” – თქვა ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრა.

სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.9%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.3 %-ია.

4 ოქტომბერს აიცრა 8 106 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები