LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოდის თუ არა “ქოლდფლეი” საქართველოში

958

დღეს სოციალურ ქსელში ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპულარული როკ-ჯგუფი “ქოლდფლეი” საქართველოს ესტუმრება და კონცერტს გამართავს. ადვოკატს ეწერა, რომ მან დადასტურებულად იცის ეს ამბავი, თუმცა შემდგომ კომენტარში ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა, დაელოდონ მოვლენების განვითარებას. მას არ მოუთითებია, ვის ჩამოჰყავს ჯგუფი ან სად გაიმართება კონცერტი.

ერთადერთი, რაც მან მიუთითა, ჯგუფის სტუმრობის სავარაუდო თარიღია – სექტემბრის ბოლო.

“ფორტუნა” ამ თემით დაინტერესდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ “ქოდლფლეის” ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ დარბაზი, სადაც მათი შოუ გაიმართება, იყოს დიდი და იტევდეს არანაკლებ 20 000 ადამიანისა. თუ ამ მოთხოვნას დავეყრდნობით, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამხელა დარბაზი არ არსებობს და ლოკაცია, რომელიც ამ მასშტაბის შოუს დაიტევს, სავარაუდოდ, “დინამო არენა” შეიძლება იყოს. დავუკავშირდით პრესსამსახურს, თუმცა ჯერჯერობით ამ კონცერტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

გარდა ამისა, კონცერტი საქართველოში არ არის მითითებული “ქოლდფლეის” ოფიციალურ გვერდზეც. სექტემბერში მათ კონცერტები ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვთ.

ცნობილია ისიც, რომ ჯგუფს ზღაპრული ჰონორარი აქვს, რაც რამდენიმე მილიონ დოლარს ითვლის, ამას დაემატება აპარატურისა და განათების ხარჯები, რომელიც არცთუ მცირე იქნება. თუკი სექტემბრის ბოლოს კონცერტია, სცენა და აპარატურა უკვე უნდა იყოს შეკვეთილი და ჩამოსული უცხოეთიდან.

“ფორტუნასთვის” ცნობილია, რომ “ქოდლფლეის” კონცერტი არ იმართება სახელმწიფო პროექტ “ჩექ იმ ჯორჯიას” ფარგლებში და ჯერჯერობით არც ერთ კერძო კომპანიას არ დაუდასტურებია მათი ჩამოსვლის ამბავი. ასე რომ, “ქოდლფლეის” კონცერტის ამბავი ჯერჯერობით მხოლოდ ჭორად რჩება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები