LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე… თუ ეს საწყენია, არ ვიცი: ირაკლი ზარქუა ნონა მამულაშვილზე

314
კოლაჟი - ზარქუა-მამულაშვილი

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, მათ შორის, მათი ამომრჩევლის. პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი პროტესტი. ამასთან, ხედვა, აზრი თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, „ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ.“ მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ეთიკის კოდექსი იმ ადამიანებმა დაარღვიეს, „რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, ტრიბუნაზე სალტოები ეკეთებინათ“.

„ჩემი კოლეგაა და ახლა ბრალდებებით ვერ გამოვალ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მათი მხრიდან ლამაზი საქციელი არ იყო. სანახაობრივად, არც არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული. ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა ეს მათი არჩევანია.

თუ სადმე დავაშავე, დაადგენენ, თუმცა, არ მქონია მიზნად და არც ამოცანად, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. პირიქით, მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ტრიბუნაზე მოგლიჯონ ხოლმე მიკროფონი და მაგიდაზე ფეხშიშველი ირბინონ, სწორედ ისინი არღვევენ, მათ შორის, მათი ამომრჩევლის უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გარდა ამისა, ირაკლი ზარქუა პარლამენტში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ენმ-ს წარმომადგენელ, თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა ამის თავიდან არიდება სცადა.

„ამ ეპიზოდშიც ბატონ შალვას ჰქონდა მცდელობა, უბრალოდ აერიდებინა, რადგან ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა, საქართველოს პარლამენტში რაღაც უკრაინული სცენარი გადმოეტანა, არ გამოუვა ეს. ამის არც დრო და არც მოცემულობა არ არის.

ვისურვებდი, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არ ის, რომ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, პოლიტიკურად ისედაც დაძაბული გარემო გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს პროტესტის გამო, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა. პროტესტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ხელით ჩამოსვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები