LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, მოვესიყვარულეთ, ძალიან ძვირფასი საჩუქრები ვაჩუქეთ – სააკაშვილი განმარტავს რა მიზნით იმყოფებოდა ტაილანდში

381
მიხეილ სააკაშვილი

“ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხნო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და აღიარებებს იღებდნენ ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ.” – დღევანდელ სასამართლო პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა ტაილანდში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა.

ვიზიტი ერთ-ერთი დეტალია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული იმ სისხლის სამართლის საქმიდან, რომელის პროცესიც დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ტაილანდის ვიზიტსა და მის მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო:

“ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და აღიარებებს იღებდნენ ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ. ძალიან ბევრი ასეთი კუნძულოვანი სახელმწიფოდან.

რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მილიონი დოლარი, პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჩაში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩააფრინეს ნიუ-იორკიდან სოჩაში და მერე გადაიყვანეს სოხუმში.

ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში – თუ არ ვცდები – და გვითხრა, რომ “მანამდე სადმე შენ წაიყვანე რამდენიმე მათი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ ისე, არაფორმალურ სიტუაციაში, ეს თქვენთვის კარგი იქნება”.

ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს და ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, რადგან ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო.

პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ.” – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგი გამართა.

პროკურორი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ტაილანდში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ ვიზიტის რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე მიუთითებდა: 

“მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოს რაიმე სახელმწიფო ინტერესს ემსახურებოდა. რეალურად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებულია, რომ უნდა გადახდილიყო, ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად განხორციელდა.

არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტის რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ.”  -განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგზე.

პოპულალურები