LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პრემიერობის საკითხზე რადიკალური განცხადებები გამიკვირდა“ – გიორგი ვაშაძე

128
ვაშაძე22

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაიწყოს საქართველოში.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს გამარჯვება ერთიანობაში, ერთად დგომაშია და გარკვეულმა პარტიულმა, რადიკალურმა განცხადებებმა ერთობა არ უნდა დააზიანოს.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას, რადგან გამარჯვება სწორედ არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში. ჩვენ მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. მე ვსაუბრობ, როგორც “ძალა ერთობაშიას”, როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, თუ კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი პოლიტიკური ჯგუფი შემოუერთდება. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე, იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით, იქნება ეს არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ სწორედ ოპოზიციის ერთიანობით.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის, მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზარი პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ამბობს, რომ უშუალოდ მისი პრემიერობის საკითხზე რადიკალური განცხადებები, მისთვის გასაკვირი იყო.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ერთობაში, რადგან საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ “ძალა ერთობაშია” პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი.

გიორგი ვაშაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის, ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში. ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს, ჩვენს მტერს უნდა. ვიმსჯელოთ ცალსახად და წყნარად ყველაფერზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე პარტიაში არ განიხილება, არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები