LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შვილი „ბულკი“ არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში უდანაშაულოა – მინდია გოგოჭურის მამა

gogochuri

გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის განცხადებით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი. მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ მისი შვილი „ბულკი“ არ არის, თუმცა, ამ შემთხვევაში უდანაშაულოა.

„იმ ბინაში, არც იარაღი ყოფილა და არც სხვა უკანონო ნივთი. 6 საათზე მეტხანს ჩხრეკდნენ და არაფერი უპოვიათ. ამბობენ, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ იარაღიო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი იარაღებია. მინდიაზე ზეწოლა სულ იყო, წარამარა გადმოჰყავდათ მანქანიდან და ჩხრეკდნენ. რამდენიმეჯერ მის მეგობრებს ჩაუდეს წამალი, მაგრამ ისინი გამართლდნენ, დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს ნარკოტიკს უდებდნენ,“ – აცხადებს გოგოჭური.

როგორც გოგოჭური ამბობს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელიც მის შვილთან ერთად დააკავეს, ძებნილი იყო. მისივე თქმით, მინდია გოგოჭური სამჯერ არის ნასამართლევი, თუმცა, ეს ნასამართლეობები გაქარწყლებული აქვს. რაც შეეხება ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს, მამუკა გოგოჭურის თქმით, ეს ბრალდებები აბსურდია.

„აბსურდია. ჩემს შვილს იმ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. იმ დღეს, როცა დანაშაული მოხდა, მინდია თანაკლასელთან ერთად კაფე „ორ ლულაში“ იყო. მინდია მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მეგობარი იყო. სანდროს მკვლელობის დროს ესენი ბავშვები იყვნენ. რა თქმა უნდა, აგრესია ჰქონდათ სანდროს მკვლელობის გამო, სამაგიეროს გადახდის სურვილიც, თუმცა გამოძიებამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა.

რაც შეეხება ფირს, იქ მინდია არ ჩანს. ტარყაშვილის დედა ძალიან მეცოდება, ღმერთმა შეუნდოს, რასაც ამბობს, მაგრამ არ შეიძლება, ასე ადამიანს ცილი დასწამო. ფირში ჩანს თავგადაპარსული ადამიანის სილუეტი, რომელიც გარბის, კარგად იციან, ვინ არის ის სინამდვილეში. ბიჭები კაფედან ერთად გამოვიდნენ, ნახეს, რომ რუსთაველი გადაკეტილი იყო, ამიტომ ტაქსით წამოვიდნენ და მაშინ გაიგეს, რომ ვიღაც მოკლეს, მივიდნენ და ნახეს მოკლული. მინდიას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სამივეჯერ მარიხუანას გამო დააკავეს. ჯერ ჯარიმა გადაახდევინეს, მერე პირობითი ჰქონდა, შემდეგ დაიჭირეს ისევ მარიხუანაზე და გაუცოცხლეს ის პირობითი სასჯელიც,“ – აცხადებს გოგოჭური.

მამუკა გოგოჭურის თქმით, მისი შვილი საფრთხეს გრძნობდა, ამიტომ თავდაცვის მიზნით ჯავშანჟილეტი ჰქონდა. რაც შეეხსება მინდია გოგოჭურის კავშირს და გავლენებს კრიმინალურ სამყაროზე, მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ მისი შვილი „ბულკი“ არ არის.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დეკემბერს მისი და მისი მეგობრის, ძებნილი გიორგი რაზმაძის ხმაურიანი დაკავება ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები