LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩინეთის გავლენის შესასუსტებლად” – აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების პაქტი გააფორმა

137
1

თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში; წვდომა ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე და საერთო ინტერესების დაცვა წყნარი ოკეანის რეგიონში – ამ ძირითად პრინციპებს მოიცავს “აუკუს უსაფრთხოების პაქტი”, რომლის შედგენის შესახებაც დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს.

უსაფრთხოების ექსპერტებმა პაქტის გაფორმებას უკვე უწოდეს ისტორიული და უდიდესი თავდაცვითი გეგმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განაწყენებულმა ლიდერებმა კი ის შეაფასეს, როგორც “ზურგში მახვილის ჩარტყმა”.

შეთანხმება განიხილება როგორც მცდელობა, ჩინეთთან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.

ავსტრალიას პირველად, შესაძლებლობა ექნება, ააშენოს ბირთვული წყალქვეშა ნავები აშშ-ის მიერ მიწოდებული ტექნოლოგიის გამოყენებით.

ანალიტიკოსების განცხადებით, შეთანხმება, რომელიც ასევე მოიცავს ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებს, ათწლეულების მანძილზე ერთ-ერთი უდიდესი თავდაცვითი მექანიზმია.

 

რას ცვლის ახალი პაქტი ავსტრალიისთვის და მისი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის

 

?  ავსტრალია გაწყვეტს პარიზთან გაფორმებულ კონტრაქტს ფრანგული წყალქვეშა ნავების შექმნის შესახებ. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 40 მილიარდია;

?   ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ავსტრალიის ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავები ზელანდიის ტერიტორიულ წყლებში შესვლას ვეღარ შეძლებენ;

?   ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნების თანამშრომლობა ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებით რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

 

“უკიდურესად უპასუხისმგებლო შეთანხმება”, “მახვილი ზურგში” და “საფრთხე რეგიონის სტაბილურობისთვის” – პაქტი და საერთაშორისო გამოხმაურება

 

ჩინეთმა დაგმო შეთანხმება და მას “უკიდურესად უპასუხისმგებლო” უწოდა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა განაცხადა, ეს სერიოზულად უთხრის ძირს რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას და აძლიერებს შეიარაღების კონფლიქტს:

“ავსტრალია, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების არაბირთვული ხელმომწერი და სამხრეთ წყნარი ოკეანის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის ხელშეკრულების ხელმომწერი, სტრატეგიული სამხედრო ღირებულების ბირთვული წყალქვეშა ტექნოლოგიის დანერგვას ახორციელებს. საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის მეზობელ ქვეყნებს, აქვთ საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ავსტრალიის გულწრფელობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ვალდებულებების შესრულებაში.

შესაბამისმა ქვეყნებმა უნდა მიატოვონ ეს ცივი ომის მოძველებული ნულოვანი თამაშების მენტალიტეტი და ვიწრო აზროვნების გეოპოლიტიკური ხედვები. მათ პატივი უნდა სცენ რეგიონის ხალხებს და გააკეთონ მეტი რამ, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ესვრიან ფეხში.” – განაცხადეს უწყებაში.

აშშ-ში ჩინეთის საელჩომ  პაქტის ხელმომწერი ქვეყნები “ცივი ომის მენტალიტეტსა და იდეოლოგიურ ცრურწმენებში დაადანაშაულა”.

უსაფრთხოების პაქტი მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საფრანგეთს ზურგში ლახვარი ჩასცა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მსგავსად მოიქცა.

“ეს სასტიკი, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ტრამპის ქცევას მაგონებს. ეს საქციელი ჩვენს შორის არსებულ ნდობას არღვევს და მე ეს ძალიან მაბრაზებს.” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ავსტრალია ფრანგული წყალქვეშა ნავების შექმნის შესახებ პარიზთან გაფორმებულ კონტრაქტს გაწყვეტს.

კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც უსაფრთხოების ხელშეკრულებაში ავსტრალიის გაწევრიანებით აღშფოთებულია – ახალი ზელანდიაა. 

პაქტის გაფორმების შემდეგ, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ არც ერთ გემს, რომელიც მთლიანად, ნაწილობრივ ან სრულად იკვებება ბირთვული ენერგიით, არ შეუძლია, შევიდეს მათს შიდა წყლებში:

“ავსტრალიის ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავები ახალი ზელანდიის ტერიტორიულ წყლებში არ უნდა შევიდნენ. ეს არ ცვლის ჩვენს არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის “ხუთი თვალის” ჩათვლით, ან ავსტრალიასთან ჩვენს ახლო პარტნიორობას თავდაცვის საკითხებში.

ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ორივესთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა მორისონმაც კარგად იცოდა, ახალი ზელანდია ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაინტერესებული იქნებოდა ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობით. არც ერთ გემს, რომელიც მთლიანად, ნაწილობრივ ან სრულად იკვებება ბირთვული ენერგიით, არ შეუძლია, შევიდეს ჩვენს შიდა წყლებში.” – განაცხადა ანდერნმა.

აქვე – გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი და აცხადებს:

“ჩინეთი ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და დიდ სამხედრო ხარჯებს ეწევა საზღვაო და საჰაერო ძალების უზარმაზარი ტემპით გაზრდისთვის, რაც ასევე ხორციელდება ზოგიერთ სადაო რაიონში. ჩვენს პარტნიორებს ამ რეგიონებში სურთ, საკუთარი პოზიციის დაცვა შეძლონ”.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების პაქტის საფუძველზე, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფს. ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების მთავარი მიზანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის აღკვეთაა.