LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გავჩუმდებით და რუსეთის ქმედებებზე ხმამაღლა ვილაპარაკებთ, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია: ფილიპ რიკერი

43
ფილიპ რიკერი 1

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ რუსეთთან უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას ეძებს.

თუმცა, როგორც საქართველოში ვიზიტად მყოფმა რიკერმა განაცხადა, „ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და რუსეთის ქმედებებზე ყოველთვის ხმამაღლა ვილაპარაკებთ, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია.“

რიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამერიკა საქართველოს მტკიცე პარტნიორად რჩება.

„მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ბაიდენი, პრეზიდენტის რანგში, ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის გარეთ პირველად განახორციელებს. იგეგმება შეხვედრა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ანუ მისი პირველი გაჩერება იქნება გაერთიანებულ სამეფოში, შემდგომ არის ნატო-ს სამიტი ბრიუსელში, შემდეგ კი გაემგზავრება ჟენევაში.

პრეზიდენტმა ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და რუსეთის ქმედებებზე ყოველთვის ხმამაღლა ვილაპარაკებთ. მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია.  როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მტკიცე პარტნიორად,“ – განაცხადა რიკერმა.

მისივე თქმით, საქართველოს ამერიკაზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი არ ჰყავს. როგორც რიკერმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, ეს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვასა და მხარდაჭერას გულისხმობს.

19 აპრილის შეთანხმების შესრულებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი, რიკერმა განაცხადა, რომ აშშ აღნიშნულ შეთანხმებას მიესალმება და რა თქმა უნდა, მის განხორციელებაზე აშშ ყურადღებას ამახვილებს.

„ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან რეგულარულად ვიღებ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როცა საქმე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას ეხებოდა, რაც ამ პოლიტიკური ჩიხიდან ახალი გზის პოვნით დასრულდა,“ – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ კონსტრუქციულად იმუშაოს, გააკეთოს ის საქმე, რა მოთხოვნასაც მათ თავისი ამომრჩევლები უყენებენ.

„აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე პარტიებმა უნდა იმუშაონ, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, აქ არის 3 ძირითადი კომპონენტი: ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც პრობლემატურია, თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს და მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება, შემდგომ განხორციელება. შემდეგი საკითხები კი საარჩევნო და სასამართლო რეფორმებია,“ – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას აუცილებელი ნაწილია: რიკერი

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში: ფილიპ რიკერი

ფოტო: ინტერპრესნიუსი