LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ ვართ იზოლირებულ კუნძულზე, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი – მინისტრი ვალუტის გაუფასურებაზე

81
90862980-2889994514423522-5534159102852202496-o

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ლარის კურსი ეს არის საჭირბოროტო საკითხი. „რა თქმა უნდა, მე მესმის ადამიანების და კომპანიების წუხილი ამასთან დაკავშირებით“,- ამბობს ნათია თურნავა.

მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ინფლაციის ზრდას არ მოელის და განმარტავს, რომ ეკონომიკური განვითარება შენელდა და აქედან გამომდინარე ინფლაციის ზრდის მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, „ნეგატიური მოლოდინები განეიტრალდება და ამ პრობლემასაც ყველანი ერთად გადავლახავთ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა“.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც არაა ჩვენი კონტროლის ქვეშ. მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ რაც ექვემდებარება ჩვენი ხელისუფლების კონტროლს და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდევაც, ესაა ლარის დევალვაციის გავლენის შემსუბუქება სხვადასხვა კატეგორიისთვის. პირველი რაც გავაკეთეთ, ავარჩიეთ 9 სამომხმარებლო პროდუქტი, რომლებზეც ლარის გაუფასურების მიუხედავად ფასები არ შეიცვლება. ასევე, ეროვნული ბანკიცაა ჩართული, რომ შეამციროს დევალვაციის ტემპი, რადგან ამის მთლიანად არიდება ამ დღეებში შეუძლებელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის რაცაა ლარის კურსი დაფიქსირებული, ესაა უფრო მეტად მოლოდინების ეფექტი და როგორც ადრეც ხდებოდა-გარკვეულ პიკზე ავიდა და შემდეგ დასტაბილურდა, იგივეს ველოდებით“,-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ცნობისთვის, კორონავირუსისა და ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური შოკის ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტა როგორც რეგიონული, ასევე გლობალური მასშტაბითაც საკმაოდ მაღალი ტემპით უფასურდება. ორი კვირის წინ ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარს შეადგენდა, რაც დღეს არსებულ კურსთან შედარებით მთელი 60.31 თეთრით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები