ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ „აზროვნების აკადემიის“ ლექციაში ვრცლად ისაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება.

„ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო. ​ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რაღაცას. ადამიანი იპრობლემებს ყველაფერს გარშემო. ერთ-ერთ სამსახურში რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, ისეთი უფროსი გვყავს, რომ ნერვებს გვიშლისო. ნერვებს გიშლის ვიღაც, ნერვების მოშლა რა არის? ვიღაცამ რაღაც მითხრა, ნერვები მომეშალა. ჩემი ამოცანა რა არის, ნერვები მომეშალოს თუ არ მომეშალოს? არ უნდა მომეშალოს! მის ნათქვამს უნდა დავაკარგვინო ემოციური ზემოქმედების ძალა. რაღაცას რომ მეტყვის და წარმოვიდგენ, რომ თავზე ჩაიდანი ადგას, დამთავრდება. სცადეთ, ვინც ნერვებს გიშლით, იმ წუთას ჩაიდანი გაიხსენეთ, ნახავთ, რომ ძალიან ადვილია.

თქვენ ცხოვრება უნდა ააწყოთ ისე, რომ როდესაც 117 წლის გახდებით და გადახედავთ, კარგად გიცხოვრიათ. ​ერთსა და იმავე სიტუაციაში თქვენ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძალიან ცუდად გაიაროთ და მეორემ კარგად გაიაროს. შიდა კომუნიკაცია როგორიც მიდის, იმის მიხედვით თქვენ ან ბედნიერი ხართ, ან უბედური. არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ყველაზე ცუდი დრო პარიზში გაატარო და ყველაზე კარგი დრო ხაშურში, გააჩნია იმ დროს ვისთან ერთად ხარ და რა კომუნიკაცია მიდის. წვიმაში ის სველია, ესეც სველია, ის ბედნიერია, ეს უბედური. ვიღაც ელოდება როდის მოიგებს ლატარიაში მილიარდს და მანამდე უბედურია. შენს თავში ხდება ყველაფერი. აატრიალებ, მშვენივრად ხარ, აატრიალებ, ცუდად ხარ. თუ შენ ისწავლი შენს თავთან ურთიერთობას, შედეგს მიიღებ. გეტყვით ვარჯიშს და ივარჯიშეთ. პირველი, ისწავლეთ ემოციების მართვა. საათი აიღეთ და დაინიშნეთ, ვთქვათ, ოცი უკლია ათს. თქვით, ათი წუთი მე მინდა ცუდ ხასიათზე დადგომა. მე ჩემს თავს ვუბრძანებ, რომ ახლა მე მინდა ძალიან ცუდ ხასიათზე ყოფნა. თქვენი თავი დაიწყებს ყველაზე ცუდი რაღაცების მობილიზებას. ათი წუთი რომ გავა, მიეცით ბრძანება, რომ თქვენ უნდა დადგეთ ძალიან მაგარ ხასიათზე. პირველს მარტივად შეასრულებთ. მეორეზე რომ გადახვალთ, კარგი ფიქრები წამოვა, მაგრამ წინა ნაფიქრალიდან ამოგიძვრებათ რაღაც. არ ამოუშვათ და შეატყობთ, რომ ძალიან მაგარ ხასიათზე დადექით. ეს ვარჯიშები გააკეთეთ. როგორც კი ამას შეძლებთ, ​მიხვდებით, რომ მთლიანად აკონტროლებთ თქვენს თავს. თუ ბოროტი არ ხარ, ნებისმიერ ადამიანს ხუთ წუთში ხდი ბედნიერს. ყველაფერი ცუდი და კარგი არის ჩვენს თავში“- ამბობს ზურა მხეიძე.

მსგავსი თემები