LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვართ აგრესიული საზოგადოება და ვზრდით აგრესიულ შვილებს” – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

gogotishvili

რა პრობლემები აქვთ დღეს ბავშვებს და საიდან მოდის ისინი, რამდენად სწორია აღზრდის მეთოდები, რომელსაც მშობლები, სასწავლო დაწესებულებები და ის ინსტიტუციები მიმართავენ, რომელსაც ბავშვებთან აქვთ შეხება, როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, როცა მას პრობლემა აქვს – ამ და სხვა საკითხებზე „ფორტუნას“ ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ეროვნული გელშტალტ ინსტიტუტის წარმომადგენელი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი ესაუბრა. „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში, ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტია, რომელმაც ინსტიტუციურ დონეზე მიიღო საერთაშორისო აღიარება.

თეა გოგოტიშვილი: ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ძალიან რთულად ხდება გადასვლა იმ აღმზრდელობით ფსიქოლოგიურ მიდგომებზე, რომელზეც მუშაობს მეცნიერება, პედაგოგიური ფსიქოლოგია. სერიოზული პრობლემაა ის, რომ არ ხდება ამ ცოდნის გაზიარება იმ ინსტიტუციების მიერ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ბავშვის განვითარებაზე, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დასრულებული ოჯახით და სკოლით თუ საზოგადოებრივი ფონით. ადამიანი იბადება მიკროსოციუმში, ამიტომ პირველ რიგში, მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული ელემენტარულ, ძალიან მნიშვნელოვან აღმზრდელობით საკითხებზე. დღეს ჩვენ ვხედავთ დანგრეულ, დამახინჯებულ ფსიქიკას ბავშვებში, იმიტომ რომ მშობელმა ან არ იცის, რა არის ზიანის გამომწვევი ან იცის, მაგრამ არ ზრუნავს, რომ იყოს მოტივირებული, ჰუმანურად აღზარდოს და შესაბამისი გარემო შეუქმნას ბავშვს. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირად, ადამიანებს ელემენტარული სასიცოცხლო პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი, აღარ ყოფნით რესურსი იმისა, რომ მნიშვნელოვან ჰუმანურ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება და მშობლებს აღარ შესწევთ უნარი, აკონტროლონ ემოცია.

ძირითადად, რა პრობლემებით მოდიან მშობლები და რა აწუხებთ ბავშვებს?

დღეს ხშირად ვაწყდებით ფსიქოლოგიურ წნეხს. ჩვენ დემოკრატიას ახლა ვსწვალობთ როგორც ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც საზოგადოების მაკროორგანიზმია, ხოლო მიკროორგანიზმი – ოჯახი, სადაც დემოკრატიული აღზრდის შესახებ ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენაც კი არ აქვთ. უფრო მეტიც, დემოკრატიულობის მიმართ სტერეოტიპულად ნეგატიური დამოკიდებულებებიც კი გვხვდება. ხშირად, დამკვიდრებულია იმპერატიული, მორჩილებაზე დამყარებული აღზრდის სტილი, რომელიც არ ითვალისწინებს თანამედროვე გამოწვევებს. სოციალისტურ წყობაში ადამიანი რთულად გადარჩებოდა დემოკრატიული სულისკვეთებით, რადგან ავტორიტარული იყო თვითონ სისტემა და ეს ადამიანები იქიდან მოდიან ან მათი აღზრდილები არიან და დღესაც ასე მიაჩნიათ, რომ ავტორიტარული აღზრდა სიკეთეს მოუტანს, ჯერ ბავშვს და შემდეგ საზოგადოებას. ეს არის არაინფორმირებულობის პრობლემა. კვლევები აჩვენებს, რომ ავტორიტარული, მმართველობითი აღზრდის სტილი აქვეითებს ინტელექტუალურ უნარებს, დემოკრატიული აღზრდის სტილი კი, ავითარებს ბავშვის შესაძლებლობებს, უნარებს, ნიჭს, იმ პიროვნულ რესურსებს, რომელიც მისი წარმატების საწინდარია.

პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და სამწუხაროდ, ხშირად საქართველოშიც, წნეხი, რომლის ქვეშაც იმყოფებიან ბავშვები, ხელს უშლის მათ პიროვნულ გავნითარებას. არა მხოლოდ ოჯახში, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად სკოლაშიც, მასწავლებლებს სხვანაირად არ ძალუძთ და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ – ველით თაობათა ცვლას და ბუნებრივ პროგრესს და არ ვცდილობთ, გავწიოთ შეგნებული ძალისხმევა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს პროგრესს. მე ხშირად მაქვს ახალგაზრდებთან შეხება, რომლებსაც უჩნდებათ ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება, რადგან გარემოა ძალადობრივი. ფიზიკური ძალადობა რაოდენობრივად მცირდება, რადგან სკოლაში მანდატურებს აქვთ პასუხისმგებლობა ამ საკითხზე და როგორც ამას არა ერთი ბავშვთა უფლებადამცველი აღნიშნავს, შსს წარმატებულად ფუნქციონირებს ამ მხრივ. ისინი აკონტროლებენ ოჯახში ძალადობას, ტრენინგებს გადიან და მაქსიმალურად ცდილობენ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად.

რა სახის რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს, როგორია დემოკრატიული აღზრდა?

ფრანგულ ტელევიზიას ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰქონდა სამეცნიერო პოპულარული ფილმი – „ბავშვი პიროვნებაა“. წარმოიდგინეთ, წინა საუკუნეში ევროპა ამაზე სერიოზულ პროპაგანდას წევდა და მედია რესურსებს ხარჯავდა იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეგო, როგორ უნდა აღზარდო ბავშვი. ბავშვი პიროვენებაა, ნიშნავს იმას, რომ ის უნდა ვაღიაროთ როგორც თანასწორი, დამოუკიდებელი და მისი შესაძლებლობების მიმართ პატივისცემით და ნდობით განვეწყოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ბავშვის ცხვარივით მწყემსვა, ანდა მისი გონების პროგრამირებაა კარგი აღზრდის მეთოდი. ხშირად მშობელი ფიქრობს შვილზე, რომ ის ვერ შეძლებს თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება და გამოდის, რომ ასე ვზრდით თავისუფალი არჩევანის არ მქონე თაობებს, რომლებიც შემდეგ ადვილად ექცევიან მავნე ზეგავლენის ქვეშ.

რისი ეშინიათ მშობლებს, რატომ ირჩევენ ავტორიტარულ სტილს?

მათ საკუთარი პიროვნული ფობიები აქვთ. ფიქრობენ, რომ პრობლემები, რომლებიც თავად ჰქონდათ ანდა აქვთ, ასევე უქადით მათ შვილებს და ამის არიდება სურთ. ხშირად ვისმენთ ფრაზას – „მე აბა რისი დედა ვარ, თუ მე არ გავაკეთე ყველაფერი, რომ მას უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს.“ და უზრუნველი რა არის იცით? – რომ მან ჩაალაგოს მის ნაცვლად ჩანთა, მან აირჩიოს მის ნაცვლად, რა ჩაიცვას, რა ჭამოს, შევარდეს აბაზანაში და თვითონ დაბანოს, გულზე რომ არ დაიწვეთოს და არ დაისვაროს ტანსაცმელი, როცა ბავშვმა თვითმომსახურების უნარები უნდა გამოიმუშავოს, კოვზით უნდა ჩაჩრას პირში საჭმელი და შეზღუდოს მისი ინიციატივები, უსუსური არსება გაზარდოს.

როცა პირიქით ხდება, როცა ბავშვი ითხოვს მაგალითად, უკვე შედარებით მოზრდილ ასაკში, რომ ვთქვათ, დედამ აჭამოს, ჩააცვას და ა.შ. მაშინ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, ინდივიდუალურად მივუდგეთ და გავარკვიოთ, რა უქმნის შვილს ამ მოთხოვნის წინაპირობას. თუ ეს არის ჩვენი მასთან კონტაქტის დეფიციტი და ამ ფორმით ითხოვს ჩვენგან სითბოს, შეგვიძლია გამოვხატოთ გაგება და მოცემულ სიტუაციაში შევუსრულოთ თხოვნა, თუმცა აქვე ავუხსნათ, რომ სიყვარულის გამოხატვა სხვა გზითაც არის შესაძლებელი, მოვეფეროთ და წავახალისოთ მისი დამოუკიდებლობა. როცა ბავშვს ვესაუბრებით, მისი ინტერესი უნდა დავანახოთ. ამის სანაცვლოდ რას აკეთებენ უმრავლეს შემთხვევაში – ეუბნებიან, რომ მე მინდა, რომ შენ გააკეთო. არ არის ასე ადამიანის ფსიქიკა მოწყობილი, რომ ამ პრინციპით დიდი ხანი აკეთოს ის, რასაც თვითონ უმნიშვნელოდ მიიჩნევს. აი მაგალითად, გამოცდები რომ მოხსენს სკოლაში, დავინახეთ, რომ მოსწავლეების გარკვეულმა კატეგორიამ დესტრუქციულად ირეაგირა ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველოში ჯერ კიდევ მრავლად არიან ბავშვები, რომლებიც  სწავლობენ იმისთვის, რომ მათ მშობელს სურს ასე. მათ არ აქვთ პირადი მოტივაცია, მშობლები წნეხის ქვეშ აიძულებენ ისწავლონ.

ხშირად აწუხებთ მშობლებს ეს პრობლემა, რომ ბავშვი არ არის მოტივირებული განათლება მიიღოს, წაიკითხოს და ა.შ. როგორ იქცევა ამ შემთხვევაში მშობელი?

მე ვიცი, რომ ტექნიკურ პროგრესთან ერთად, წიგნიერების პრობლემა არის და არის, არა მხოლოდ საქართველოში. ბევრი უცხოელი კოლეგა აღნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები ერთ სივრცეშიც კი, ერთმანეთს ონლაინ ეურთიერთებიან. ეს არის გლობალური პრობლემა. ამაზე საბავშვო ბაღის და დაწყებითი სკოლის დონეზეა საზრუნავი. ეს ყველაფერი თვალში მოსახვედრი ხდება გარდატეხის პერიოდში, როცა ბერკეტები მშობელს უკვე ნაკლები აქვს. 16 წლის მოზარდის მშობელი რომ მოვა და მეტყვის – იცით რა, ვეღარ ვიმორჩილებ და არ ვიცი, როგორ მოვიქცეო, ზუსტად ამაშია მთელი უბედურება, მორჩილების რეჟიმში როდესაც ამყოფებენ ბავშვს, 16 წლის ასაკში ეს მიდგომა კრახით მთავრდება და ურთიერთობა ზიანდება. მოზარდი თავისი საჭიროების გაცნობიერებით უნდა მოქმედებდეს. თუმცა, მე ვიცნობ დამამთავრებელ კლასებში მყოფ მოზარდებს, რომლებსაც ისეთი სწრაფვა აქვთ განათლების მიღების, ისეთი მოტივირებული არიან, მაგრამ ეს პროცენტულად ზღვაში წვეთია.

რამ შეუქმნა მოტივაცია ან ერთ კატეგორიას და რამ განაპირობა მეორეს დემოტივაცია?

ერთის მხრივ, ისევ და ისევ ავტორიტარიზმმა, ანდა ზე (ჰიპერ) მზრუნველობამ, მეორეს მხრივ კი – ინდიფერენტულმა, ანუ გულგრილმა აღზრდის სტილმა, როცა მშობელი საერთოდ ვერ ახერხებს შვილთან კონტაქტს და პირადი მაგალითის მიცემას, რომელიც ბავშვს მოტივაციას გაუჩენს და ეს არის კვლევებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები.

როცა ბავშვი არ ასრულებს საშინაო დავალებებს და ა.შ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

ამ დროს იმის ნაცვლად, რომ ვუკითხოთ მას ლექციები, რომელიც რასაკვირველია, მათთვის სრულიად გაუგებარია, ამ დროს ისინი აღარც უსმენენ მშობელს, თანამშრომლური დამოკიდებულება არის ერთადერთი გამოსავალი. უჭირს ბავშვს თავისი სათამაშოების მოწესრიგება და ვამჩნევთ ამას? ერთად ვაკეთოთ ეს მეგობრულად და მერე თანდათად გამოვეცალოთ, რომ დამოუკიდებლად გააგრძელოს თავისი საქმე. იგივეა გაკვეთილების შემთხვევაშიც. ერთად დავსხდეთ და ჩვენ კი არ ვუკარნახოთ, ერთად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ საკითხები. აქვე გეტყვით, უინტერესობა სწავლის მიმართ, მშობლის მიზეზით არ ყალიბდება, ეს არის მასწავლებლის დაბალი კომპეტენციის შედეგი. კვლევები გვიჩვენებს, რომ საგნებში, სადაც მასწავლებლები ახერხებენ შეაყვარონ თავი მოსწავლეს, მათ უყვართ არა მხოლოდ ის მასწავლებელი, არამედ მისი საგანი და აინტერესებთ ის.

რას გვეტყვით არასრულწლოვანთა დანაშაულებზე? როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია, რა ნიშნებს უნდა დააკვირდეს და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი დროულად, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემა აქვს?

ნიშნები, რომელსაც მე უკვე ყველა ტელევიზიის ეთერში ვთვლი, როგორც დედაენის ანბანს, სამწუხაროდ, არ შველის. ეს არის ის დათესილი, რასაც ჩვენ ვიმკით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აგრესიული საზოგადოება და ვზრდით აგრესიულ შვილებს. ჩვენ ვძალადობთ ერთმანეთზე, აგრესიას ვაფრქვევთ სოციალურ ქსელში, ყოველდღიურობაში. ძალადობრივ გარემოში მცხოვრები ბავშვი, ხდება თვითონ მოძალადე ან ძალადობის მსხვერპლის ფსიქოტიპი უყალიბდება. ამიტომ, არ მოგვწონს დანაშაულები ახალგაზრდობაში? უნდა ვიზრუნოთ საბავშვო ბაღიდან კი არა,  მუცლად ყოფნის პერიოდიდან ამაზე. საბავშვო ბაღის პედაგოგის, სკოლის მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებაზეა საჭირო ზრუნვა და რაც მთავარია, პირველ რიგში, ისევ მშობლებზე გავდივართ, რადგან 6 წლამდე ბავშვისთვის მშობელი და ოჯახი არის იმ პიროვნული ფუნდამენტის შემქმნელი, რომელზეც შემდეგ საზოგადოება აგრძელებს დაშენებას.