LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვართ კანონის სადარაჯოზე, არც ერთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება: ვიცე-მერი მერიის თანამშრომლის მიერ აღებულ ქრთამის ფაქტზე

77
ირაკლი ხმალაძე

“ჩვენ ვართ კანონის სადარაჯოზე და მინდა, ჩვენი მთელი სისტემის თანამშრომლებს მივმართო – თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს, ვინაიდან არც ერთი ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება.” – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, დედაქალაქის მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხმალაძე გამოეხმაურა უკანონო ფაქტს, რომელიც დღეს გამოვლინდა და რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო 2 500 ლარი.

2500 ლარის ოდენობით ქრთამის აღებისთვის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ხმალაძის განმარტებით, თუ მსგავსი ტიპის ქმედება მომავალშიც გამოვლინდება, მას ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

“ყოველდღიური მუნიციპალური საქმიანობის პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ საგამოძიებო ორგანოებთან, კორუფციასთან ბრძოლის და კორუფციის პრევენციის მიმართულებით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, იმედი მაქვს, უკანასკნელი იქნება, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვართ კანონის სადარაჯოზე და მინდა ჩვენი მთელი სისტემის თანამშრომლებს მივმართო – თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს, ვინაიდან არც ერთი ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მუნიციპალური ისნპექციის სამგორის რაიონის განყოფილების თანამშრომლის მხრიდან კანონის დარღვევას კორუფციის მიმართულებით, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა მერიის და საგამოძიებო ორგანოების ერთობლივი მოქმედებების შედეგად და ასეც გაგრძელდება – თუ მომავალშიც გამოვლინდება ასეთი ტიპის ქმედება, მას მოჰყვება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება.

სამწუხაროდ, ყოფილა ასეთი შემთხვევები და მე ვერაფერს სხვა მოვლენას ვერ დავუკავშირებ, გარდა იმისა, რომ როდესაც ხდება კანონის გადაცდომა და თანამშრომელი გახვეულია კორუფციაში, მის მიმართ ხდება კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. ასე ხდებოდა კახა კალაძემდეც და ასე იქნება, თუ ასეთი ტიპის ქმედებები კიდევ განმეორდება.” – აღნიშნა ვიცე მერმა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერად და დროულად ხდება რეაგირება და ეს უნდა იყოს მაგალითი და გაფრთხილება ყოველი მომდევნო ქმედების ჩამდენის მიმართულებით, შესაბამისად თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ქმედება აუცილებლად დასჯადია და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მის წინააღმდეგ აღძრული საქმე, მან უპასუხა:

“მე თამამად შემიძლია უარვყო, მარტო ახლა არა, დიდი ხანია ამაზე საუბრობთ და ბევრჯერ გითქვამთ, მაგრამ არასოდეს, არც დაკითხვაზე ვყოფილვარ და არც საქმე აღძრულა ჩემ წინააღმდეგ, უფრო მეტსაც გეტყვით, კანონი არასდროს დამირღვევია და არც ვაპირებ.” – აღნიშნა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობისა და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები