მობრუნებულები, გადანაცვლებულები და დაწინაურებულები – ყოფილმა და ამჟამინდელმა მინისტრებმა ერთმანეთს სავარძლები გაუცვალეს და ახალ სკამებში ახალი ენთუზიაზმით ჩასხდნენ.

ენთუზიაზმი, ყველაზე მეტად, მინისტრობას მონატრებულ ირაკლი ღარიბაშვილს ემჩნეოდა, რომელიც სამინისტროში დილის 9 საათზე გამოცხადდა. 

ვინ არიან მთავრობის ახალ გუნდში, რომელიც პარლამენტმა ძველი სახელებით და გვარებით დაამტკიცა, რისთვის სჭირდება ეს ხალხი ივანიშვილს, რას ეუბნება ქვეყნის მმართველი ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს და ვინ მოიგებს ომს 2020-ში, რადიო „ფორტუნა“ ივანიშვილის გეგმების პოლიტიკურ ანალიზს გთავაზობთ.

პოლიტოლოგი გია ნოდია დარწმუნებულია, რომ ახალი მთავრობა და გახარიას გაპრემიერება საზოგადოების მიმართ ივანიშვილის ერთგვარი ჟესტია.

  • „გახარიას დაწინაურება, ღარიბაშვილის დანიშვნა, ყველაფერ ამით ივანიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვართ ძლიერი და აგრესიული მთავრობა, რომელიც უკან არ იხევს (შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო აქციებზე გიორგი გახარიას გადადგომას თვეებია ითხოვდნენ), დათმობებზე აღარ წავა და მკაცრად დაუპირისპირდება ყველა ოპონენტს. ამით გვითხრა, რომ ჩვენ ვიქნებით აგრესიულები და არავის არაფერს შევარჩენთ. აგრესიისკენ შემოტრიალება მთავრობის ცვლილებებამდე დაიწყო, როცა აქციის მონაწილეები, ოპონენტები დააპატიმრეს, ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ასევე გვარამიას წინააღმდეგ, ანუ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველა ოპონენტს ებრძვის“, – აცხადებს გია ნოდია.

„ფორტუნას“ კითხვაზე, არის თუ არა ეს ის გუნდი, ვინც 2020 წლამდე მივა და სწორედ ეს ადამიანები სჭირდება თუ არა ივანიშვილს არჩევნებისთვის, გია ნოდიამ უპასუხა:

– როგორც ჩანს, ივანიშვილის ჩანაფიქრი ესაა, რომ სწორედ ეს იქნება საარჩევნო გუნდი, ის გუნდი, რომელიც ძალაუფლებას შეუნარჩუნებს, ამას კი მკაცრი და აგრესიული ხელი. 

– თქვენ ფიქრობთ, რომ აგრესიული ხელი 2020-ს მოიგებს ?

გ.ნ. – ეს არის გარკვეულად პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ვაბანკზე წასვლა, ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე. არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე ან მედიაზე. აქ მთავარია, რომ საზოგადოება იყოს აქტიური და ამავე დროს მტკიცე, მაგრამ ამ აგრესიას უნდა უპასუხოს მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. ის, რომ 20 ივნისს გადაწყვიტა რაღაც ნაწილმა სამართლებრივ ჩარჩოებს გარეთ გასვლა, ეს ხელისუფლებისთვის სასარგებლო თამაში გამოვიდა, ცხადია, არა შეგნებულად. ეს ხელისუფლებამ ხელზე დაიხვია და ამას იმეორებს, საზოგადოების რაღაც ნაწილში ამ აზრმა პოზიციები გაიმყარა. გახარიამ დესტაბილიზაციისგან იხსნა ქვეყანა – ესაა მათი ძირითადი გზავნილი.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

                                                                                                                                                                                          ფოტო: ბექა მამუკაშვილი

                                                                                                                                                                                                 ფოტო: გურამ მურადოვი

მათ ისე უნდათ წარმოაჩინონ ყველაფერი, რომ ნებისმიერი პროტესტი და კრიტიკა ქვეყნის არევის საწინდარია, რაც სწორი არაა“

– კონკრეტულად რას ელოდება ივანიშვილი ამ გუნდისგან, რა უნდა გააკეთოს გახარიამ, ღარიბაშვილმა, გომელაურმა?..

გ.ნ. –ამ ადამიანებმა, ვინც ჩამოთვალეთ, უნდა დაასუსტონ და გაანადგურონ ოპოზიცია. პირდაპირ ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დაამთავრონ და ახლა ერთხმად იმეორებს ყველა. ეცდებიან, მაქსიმალურად ყველა მეთოდი გამოიყენონ ნებისმიერი კრიტიკული ხმისა და ძალის ჩასახშობად, ამით უნდათ არჩევნების მოგება.

– გაამართლებს ეს სტრატეგია?

გ.ნ. – ძნელი სათქმელია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სტრატეგია წარმატებული იქნება. გასაგებია, რომ მას ეს უნდა, მაგრამ მეტისმეტად შელახული აქვს ამ ხელისუფლებას იმიჯი და რეპუტაცია. ბევრი მათ აღიქვამს, როგორც სუსტ ხელისუფლებას, მათ ძალიან გაუჭირდებათ საზოგადოების შეშინება ან დაშინება.

– ეს ხალხი ვინ არის, მთავრობის გუნდში ვინც არიან?

გ.ნ. – ეს პირადად ივანიშვილის გუნდია, ეს იმ ადამიანების ერთიანობაა, ვისაც ამ წუთას ივანიშვილი ენდობა.

 

 

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მთელი ამ პროცესით ქვეყანა ზარალდება. „თუ აქამდე რეგიონის მასშტაბით დემოკრატიულ ქვეყნად ვითვლებოდით, ამ მხრივ ჩვენი იმიჯი შეილახება“.

კატეგორიები: ანალიტიკა
მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები