LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ნებისმიერი პროგრამის მიზანია, დასაქმებულებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ – ეკონომიკის მინისტრი

175
93881758-2956855514404088-3310867607040557056-o

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებასაკრედიტოსაგარანტიო სქემა განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო – საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს და ბიზნესის სტიმულირების სხვა მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანას, უფრო სწრაფად გამოვიდეს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ დღეებში მთავრობას წარვუდგინოთ ნორმატიული აქტის პროექტი, რომლითაც საკრედიტო – საგარანტიო სქემა განახლებული პარამეტრებით შევა ძალაში და შესაბამისად, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახება,“ – განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, დღეს აღნიშნული სქემის საჭიროება ძალიან მაღალია. „მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მისი მიმღები ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი მათ წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევას უფრო მარტივად გაუმკლავდება,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო სქემის განახლებული მექანიზმი მოწოდებულია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს.

„დღეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ საბრუნავი საშუალებები. შესაბამისად, საფრთხე ექმნებათ ასეთ კომპანიებში დასაქმებულებს. ჩვენი ნებისმიერი პროგრამისა და მექანიზმის მიზანი, საბოლოო ჯამში, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. განახლებული ფორმატის საკრედიტო – საგარანტიო სქემა ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს – მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ საბანკო სესხების რესტრუქტურიზება, ასევე მოიზიდონ კაპიტალი თავისი საჭიროებების, მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი 15 ბანკის, ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია კაკაურიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები